ფრიდონ ინჯია: გაურკვეველია, "მერანი" გააგრძელებს თუ შეწყვეტს არსებობას

AutoSharing Option
როგორც იცით, უმაღლესი ლიგის გუნდებისა და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელთა დაპირისპირება პიკს აღწევს.

საქმე ისაა, რომ ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობაზე ერთბაშად 8 გუნდი ამბობს უარს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ისინი სახელმწიფოსაგან 2 მილიონ ლარს არ მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ოდენობის თანხა გორის "დილამ" უკვე მიიღო ბიუჯეტიდან.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, კლუბების პრეზიდენტთა უმრავლესობა ერთ აზრამდე მივიდა. ისინი არათანაბარ კონკურენციაზე საუბრობენ და ჩემპიონატის ჩაშლით იმუქრებიან.

მათი პოზიციაც გასაგებია: საქართველოში ბიზნესსაქმიანობიდან არავის აქვს იმდენი ფული, რომ წლობით შეინახოს საფეხბურთო კლუბი. ფაქტია, რომ მდგომარეობა მართლაც
ჩიხშია შესული.

ამ საკითხთან დაკავშირებით მარტვილის "მერანის" პრეზიდენტ ფრიდონ ინჯიას ვთხოვეთ კომენტარი:

- ქვეყანაში, საფეხბურთო თვალსაზრისით, საშინელი მდგომარეობაა. ფაქტობრივად, არ არსებობს გუნდების დაფინანსების პოლიტიკა. ბაზარზე არათანაბარი პირობებია შექმნილი.

თუ ასე გაგრძელდა, ვერც ჩვენ და ვერც დანარჩენი გუნდები, რომლებიც კერძო დაფინანსებაზე იმყოფებიან, უმაღლესი ლიგის თამაშებში ახალი სეზონიდან მონაწილეობას ვეღარ მივიღებთ.

ბიუჯეტიდან გორის "დილას" დამატებით 2 მილიონი გამოეყო, წლის განმავლობაში კი, ჯამში 11 მილიონ 800 ათასი ლარი მიიღო. განა ნორმალურია, როდესაც ერთი გუნდი კოლოსალურ თანხებს იღებს, სხვები კი არც ერთ კაპიკს? თავიდანვე ცხადია, რომ "დილას" "მერანი" კონკურენციას ვერ გაუწევს.

ჩემთვის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოზიცია გასაგებია. მას სურს, რომ უმაღლესი ლიგის თითოეული გუნდი თანაბარ სასტარტო პირობებში ჩააყენოს. თუმცა საკვირველია, სად იყო ფედერაცია და მისი პრეზიდენტი ამდენ ხანს? რატომ ერთხელ არ საუბრობდა იგი ღიად ამ თემებზე?

ვფიქრობ, რომ აუცილებელია ფეხბურთის ფედერაციასა და სპორტის სამინისტროს შორის მოხდეს რაღაც სახის შეთანხმება, რათა სავალალო შედეგები თავიდან ავიცილოთ.

- სხვა კერძო კლუბების მფლობელებთან თუ გქონდათ საუბარი და მათ რა პოზიცია აქვთ ?
- კერძო გუნდები: "მერანი", "ვიტ ჯორჯია", "ზესტაფონი" და "მეტალურგი" ასეთ პირობებში უმაღლეს ლიგაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. არის სხვა გუნდებიც, რომლებსაც უამრავი პრეტენზია აქვთ.

რაც შეეხება ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ თბილისის "დინამოს", მათმა ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ შეუერთდებიან ჩვენს მოთხოვნებს და სოლიდარობის ნიშნად, მზად არიან ბოიკოტისათვის.

- გუნდის დაშლა ახსენეთ. რა სახით გააგრძელებს "მერანი" არსებობას?
- "მერანი" საფეხბურთო რუკაზე 7 წლის წინ გამოჩნდა. ამ ხნის მანძილზე დავამტკიცეთ, რომ საუკეთესოთა მარაქაში ადგილი სავსებით დამსახურებულად მოვიპოვეთ. გუნდი ზედიზედ სამი წელია, რაც უმაღლეს ლიგაში ასპარეზობს.

სამწუხაროდ, ფედერაციის არასწორი მიდგომით, მარტვილში ფეხბურთი კვდება. რაც შეეხება გუნდის მომავალს, ჯერჯერობით გაურკვეველია, "მერანი" გააგრძელებს თუ შეწყვეტს არსებობას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ვნებათაღელვა შეთანხმებით დამთავრდა: ყველას ერთნაირი სასტარტო პირობები!
ფრიდონ ინჯია: ბატონო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტო, გაგვეცით პასუხი!
საბოტაჟი თუ სახელმწიფოსადმი კლუბების შეთავაზება?
სკანდალი: საქართველოს ჩემპიონატს 8 კლუბი განუდგა!
საჭირბოროტო საკითხი: გვინდა ისევ გერები?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული