კოლხეთი-მერანი 1:2 - მხოლოდ ფედერაციის იმედად

AutoSharing Option
თითქმის უმოტივაციო "კოლხეთმა" დიდი ბრძოლა გაუმართა "მერანს", რომლისათვისაც თითოეულ ქულას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

თავდაპირველად თამაში მოედნის ცენტრის სიახლოვეს მიმდინარეობდა. პირველი მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი მასპინძლებმა შექმნეს: როსინი დაკუნას დარტყმული მერანელთა მეკარემ კუთხურზე მოიგერია.

ამასობაში მასპინძლებმა გოლის გატანაც მოახერხეს, თუმცა ზამირ ჯანაშია თამაშგარეში იყო და მსაჯებმა სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღეს.

გულხელდაკრეფილები არც სტუმრები ყოფილან: აღსანიშნავია ლაშა კუჭუხიძის ძლიერი დარტყმა და კრისის თავური, მცირე მანძილით რომ ასცდა კოლხთა კარს.

Sportall.Geმარტვილელებმა სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს და ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე დასამახსოვრებელი ეპიზოდი შექმნეს. ეს სერია 43-ე წუთზე
გოლით დასრულდა: ლაშა კუჭუხიძემ ზედიზედ მეორედ შორი მანძილიდან დაარტყა და 30 მეტრიდან გაიტანა.

შესვენების შემდეგ მასპინძლები ძალიან გააქტიურდნენ და საკუთარ საჯარიმოში გამოკეტილ მარტვილელთა კართან მომენტი მომენტზე იქმნებოდა, მაგრამ სოსო ფილიას შეგირდებმა შეროზიას კარს გასაღები ვერა და ვერ მოარგეს, რაშიც უდიდესი წვლილი სწორედ მერანელთა კარის დარაჯს მიუძღვის.

მერანმა საქმე მოთავებულად მიიჩნია და იშვიათად უტევდა, რის გამოც დაისაჯა კიდეც. შეროზია აგრძელებდა საიმედო თამაშს, მაგრამ ერთი ბურთი მაინც მიიღო საკუთარ კარში: 54-ე წუთზე გივი ქარქუზაშვილმა საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა და თერთმეტმეტრიანი ომარ გოგონაიამ გაიტანა - 1:1.

თამაშს უხეში არ ეთქმოდა, თუმცა ნერვიული კი გამოდგა. ამის დასტურად ისიც კმარა, რომ ერთ-ერთ სათამაშო ეპიზოდში მერანელთა მეკარემ ყვითელი ბარათი მიიღო. ეს მისთვის ზედიზედ მესამე გაფრთხილებაა და შეროზია შემდეგ ტურს გამოტოვებს.

ამასობაში მასპინძლები ვა-ბანკზე წავიდნენ. განსაკუთრებით აქტიურობდნენ ზამირ ჯანაშია და როსინი. ამ დუეტმა სტუმრებს უამრავი თავსატეხი შეუქმნა.

ბოლოსკენ სტუმრებმა ძალები მოიკრიბეს: ერთი ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენეს, სამაგიეროდ, 85-ე წუთზე პაპუნა ფონიავამ ეფექტური დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:2.

კოლხურ დერბიში "მერანმა" საჭირო სამი ქულა მოიპოვა და თავს კომფორტულად გრძნობს. უმოტივაციოდ დარჩენილი "კოლხეთი" კი ახალი სეზონის მოლოდინშია.

როგორც სტადიონზე ითქვა, ფედერაციამ, შესაძლოა, გუნდების რაოდენობა გაზარდოს და ფოთელებმაც უმაღლესში შეინარჩუნონ ადგილი.

მატჩის შემდეგ
მალხაზ ჟვანია (მერანი):
"მძიმე გამარჯვება მოვიპოვეთ. მიუხედავად იმისა, რომ "კოლხეთი" უკვე გავარდნილია, ბოლომდე დაიხარჯა. ჩემს ბიჭებს მადლობას ვუხდი თავდადებისათვის და ვულოცავ ამ მეტად მნიშვნელოვან გამარჯვებას. ახლა უკვე "ვიტ ჯორჯიასთან" შეხვედრაზე ვფიქრობთ".

სოსო ფილია (კოლხეთი):
"კარგად ვითამაშეთ, მაგრამ სამწუხაროდ, დავმარცხდით. იმედია, ფეხბურთის ფედერაცია გუნდების რაოდენობას გაზრდის და 100 წლის გუნდი უმაღლესში ადგილს შეინარჩუნებს. მომავალს იმედით შევყურებთ..."

Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული