საბა ლომია: "მერანში" ვბრუნდები და ვეცდები, მალხაზ ჟვანიას იმედი გავუმართლო

AutoSharing Option
"ლელო" უკვე წერდა მარტვილის "მერანში" მიმდინარე ცვლილებებისა და საბა ლომიასთან დაკავშირებით შექმნილი გაუგებრობის შესახებ. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი "ზესტაფონის" საკუთრებაა და "მერანში" იჯარის წესით არის განათხოვრებული.

მიმდინარე ჩემპიონატის პირველ წრეში მერანელთა მაისურით ლომიამ 13 გოლის გატანა შეძლო, რამაც ერთიორად გაზარდა ინტერესი მის მიმართ.

შედეგად, ზამთრის შესვენებაზე ზემოიმერლებმა ფორვარდი თავისთან მიიწვიეს. ლომიამაც სამედიცინო შემოწმება და საწვრთნელი პროცესის გარკვეული პერიოდი ძველ გუნდთან ერთად გაატარა. ითამაშა ცხინვალის "სპარტაკთან" ამხანაგურ შეხვედრაშიც.

მოკლედ, ყველაფერს ისეთი პირი უჩანდა, რომ საბა ლომიას ზესტაფონელები ვერ შეელეოდნენ, თუმცა ყველაფერი
სხვაგვარად მოხდა: მოქმედმა ჩემპიონებმა ამ ეტაპზე მასთან თანამშრომლობაზე უარი თქვეს და ფეხბურთელი ისევ "მერანში" დაბრუნდა.

ჩვენ საბა ლომიას დავუკავშირდით, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა:

"არც მწვრთნელთან და არც ხელმძღვანელობასთან საუბარი არ მქონია. ტელეფონით დამიკავშირდა დირექტორი და მარტვილში დაბრუნების შესახებ შემატყობინა.

"მერანზე" კარგის მეტი რა მეთქმის? გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა, რაც, რასაკვირველია, მწვრთნელისა და ფეხბურთელების დამსახურებაა. მალხაზ ჟვანია მენდობა და მეც ყველანაირად ვეცდები, მწვრთნელს იმედი გავუმართლო"
.

აღნიშნული ინფორმაცია "მერანის" დირექტორთან, ელდარ ბაკურიასთანაც გადავამოწმეთ:

"საბა ლომია წლის ბოლომდე ჩვენთან ითამაშებს. ნამდვილად არ ვიცი, რატომ არ დაიტოვა "ზესტაფონმა", თუმცა მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მხრიდან ფეხბურთელისთვის არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.

ჩვენი გუნდი, სამწვრთნელო შტაბი, კმაყოფილია საბა ლომიას თამაშით და გაგვიხარდება, თუ სეზონის დასრულების შემდეგაც ჩვენთან დარჩება".


ბაკურიას მარტვილის ცენტრალურ სტადიონთან დაკავშირებულ პრობლემებზეც ჩავეკითხეთ:

"სტადიონის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება თითქმის უწყვეტად მიმდინარეობს. ჩვენი ფინანსებიდან გამომდინარე, მოედნის საფარის გამოცვლა კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება.

უახლოეს მომავალში მოწესრიგდება საექიმო და საპრესკონფერენციო ოთახები.

სხვა მხრივ კი, გუნდს არანაირი პრობლემა არ აქვს. იმედია, გაზაფხულიდან ყველა მატჩს მარტვილში, საკუთარ არენაზე გავმართავთ".


(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული