მერანი-დინამო 1:3 - ნანატრი გამარჯვება

AutoSharing Option
28.04. მარტვილი.ცენტრალური. 2000 მაყურებელი
მერანი-დინამო 1:3
0:1 ალვარო (18),1:1 გ.ჟვანია (60.ე.გრიგალაშვილის პასით), 1:2 კვეკვესკირი (75), 1:3 ძარია (81)

მერანი (4-4-2) დინამო (4-3-3)
შეროზია ლორია
გეგეჭკორი ოდიკაძე
იობაშვილი თომაშვილი
გ. ჟვანია ხიზანეიშვილი
სუხიაშვილი რეხვიაშვილი
წოწორია ძარია
დიდავა ხმალაძე
ე. გრიგალაშვილი ალვარო
ფონიავა რობერტინიო
ტორონჯაძე ჩისკო
ტაპე კოტო

მწვრთნელები
მ. ჟვანია რ. მუმლაძე

მერანი
56. ფონიავა - ვართაგავა
56. ტაპე - ამბროლაძე
83. გ.ჟვანია - მელიავა
სათადარიგოები: კაკულია, ტორაძე, ბოხუა, შენგელია

დინამო
40. ალვარო - კოშკაძე
55. ოდიკაძე - ტვილდიანი
61.კოტო - კვეკვესკირი
სათადარიგოები: სეფიაშვილი, პარუნაშვილი, მუმლაძე, პაპავა

გაფრთხილება: ჩისკო (42), რობერტინიო (59), გ.ჟვანია
(71)

არბიტრი: მ.ბეუქლიშვილი

"მერანმა" მიმდინარე ჩემპიონატს განსაკუთრებული ხიბლი შესძინა და ქულები არაერთ გრანდსაც დააკარგვინა.

ამიტომაც იყო, რომ აღნიშნულ წყვილს გამოკვეთილი ფავორიტი არ ჰყოლია და მცირე უპირატესობას დინამოელებს მხოლოდ ორი მიზეზის გამო ვანიჭებდით: გუნდს 26 თებერვლის შემდეგ არ ჰქონდა მოგება და განსხვავებით მასპინძლისაგან, საპრიზო ადგილზე გასვლის შანსსაც ინარჩუნებდა.

ქრონიკული უიღბლობა დინამოელებმა მარტვილში დაძლიეს, იქ, სადაც "ზესტაფონის" გარდა, ჯერ არავის მოეგო.

აქვე ვთქვათ ისიც, რომ მარტვილის "მერანსა" და თბილისის "დინამოს" შორის შეხვედრის დაწყებას წინ წუთიერი დუმილი უძღოდა: სტადიონზე დამსწრე აუდიტორიამ პატივი მიაგო წარსულში ცნობილ მარტვილელ ფეხბურთელსა და "სალხინოს" მთავარი მწვრთნელის, ბიჭიკო შალელაშვილის ხსოვნას.

რაც შეეხება უშუალოდ პაექრობას, ვერ ვიტყვით, რომ გუნდებმა პირველ ნახევარში განსაკუთრებული სანახაობა შემოგვთავაზეს, თუმცა, დაბალი ტემპის მიუხედავად, აქა-იქ მაინც იქმნებოდა სახიფათო მომენტები.

საწყის წუთებში მერანელთა ტერიტორიული უპირატესობა გამოიკვეთა: გამოსაყოფია ელგუჯა გრიგალაშვილის მიერ შესრულებული საჯარიმო, რომელიც არაზუსტი გამოდგა. მოგვიანებით კი მარცხენა ფრთაზე ანზორ სუხიაშვილის წამოწყებული იერიში იმავე გრიგალაშვილმა განაგრძო, თუმცა ხელსაყრელი პოზიციიდან გიმზერ წოწორიამ ვერ გაიტანა.

მატჩი ცუდს მარტვილელებს არაფერს უქადდა, თუმცა მოულოდნელად სტუმრები დაწინაურდნენ: მიკელ ალვარომ კარგად დაინახა წინ გამოსული ჯონი შეროზია, რომელსაც საკმაოდ შორი მანძილიდან ძლიერად დაურტყა. ბურთი მასპინძელთა მეკარეს თავზე გადაევლო და კარის ბადეში გაეხვია - 0:1.

ცოტა ხანში რობერტინიოს მიეცა უპირატესობის ორამდე გაზრდის შანსი, თუმცა დამაგვირგვინებელი დარტყმა არ გამოუვიდა.

ტაიმის მიწურულისკენ სტუმართა მწვრთნელმა რამაზ მუმლაძემ იძულებითი ცვლილება განახორციელა: გოლის ავტორი ალვარო მეტოქის ფეხბურთელთან ორთაბრძოლისას დაშავდა და შესაცვლელი შეიქნა. აქვე იყო ჩისკოს ეპიზოდიც, თუმცა ამჯერად "მერანის" მეკარემ დამაჯერებლად ითამაშა.

მეორე ტაიმი გაცილებით საინტერესო გამოდგა. სხვა თუ არაფერი, სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა სამი გატანილი ბურთი იხილა.

მატჩი განახლებისთანავე მარტვილელთა იერიშებით წარიმართა. "დინამოს" თანდათან სულ უფრო უჭირდა დაცვის ხაზში. განსაკუთრებულ საფრთხეს მეტოქეს გრიგალაშვილ-ამბროლაძის დუეტი უქმნიდა. სათამაშო დროის ერთი საათი უკვე გასული იყო, როცა მათ ანგარიში საყაიმო გახადეს: ელგუჯა გრიგალაშვილის მიერ კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს კაპიტანმა გიგა ჟვანიამ შეაგება თავი და 1:1.

ამის შემდეგ, წესით, მასპინძლები უნდა გააქტიურებულიყვნენ. იქვე, ადგილობრივმა მაყურებლებმაც უმატეს გამამხნევებელ შეძახილებს. ერთი შეხედვით, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ მერანელები, რომლებიც სწორედ დროის ამ მონაკვეთში თამაშობენ განსაკუთრებით ძლიერად, თამაშში გარდატეხას შეიტანდნენ და სასურველ შედეგსაც მიაღწევდნენ.

თუმცა თბილისელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ არ გატყდნენ, ბურთზე კონტროლი აღადგინეს და ორი დასამახსოვრებელი ეპიზოდი შექმნეს: ჯერ ძარია დაემუქრა "მერანის" კარს, ხოლო მოგვიანებით ალექსანდრე კოშკაძის სახიფათო დარტყმულს გადაეღობნენ მცველები და სტუმრები მხოლოდ კუთხურს დასჯერდნენ.

75-ე წუთზე დინამოელებმა სტანდარტულიდან მაინც იხეირეს: მოწინააღმდეგის კარისკენ დანიშნული საჯარიმო დარტყმა ნიკა კვეკვესკირმა შეასრულა უნაკლოდ და დააწინაურა თავისიანები. ბოლოსკენ სტუმრებმა უპირატესობა კიდევ უფრო გაიმყარეს: ირაკლი ძარიამ საჯარიმოს სიახლოვეს რამდენიმე მცველს აუარა გვერდი. მეკარესთან, ფაქტობრივად, მარტო დარჩენილს კი გოლის გატანა არ გასჭირვებია.

საფინალო სასტვენამდე მასპინძლებს შეეძლოთ სხვაობის შემცირება, თუმცა დამაგვირგვინებელი დარტყმა გიგა ამბროლაძეს არ გამოუვიდა.

ასე რომ, "დინამომ" საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში საშინაო გუნდად წოდებულ "მერანთან" უსიამოვნო ტრადიცია დაარღვია და, როგორც იქნა, ნანატრი გამარჯვება მოიპოვა.

მატჩის შემდეგ
რამაზ მუმლაძე (დინამო): "საინტერესო და დაძაბული მატჩი გამოდგა, ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს მოსაგებად. სასიამოვნოა, რომ ზედიზედ რვა მოუგებელი შეხვედრის შემდეგ ნავსი გავტეხეთ და საკუთარ სტადიონზე დავამარცხეთ "მერანი", რომელიც ძალიან კარგი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. მინდა წარმატებები ვუსურვო მარტვილელებს".

არჩილ ჩხაბერიძე (მერანი): "თამაშიდან გამომდინარე, მარცხს არ ვიმსახურებდით. ლოგიკური შედეგი ფრე უფრო იქნებოდა. ჩვენთვის გადამწყვეტი სტანდარტულიდან გაშვებული ბურთი აღმოჩნდა, რის შემდეგადაც ბურთზე კონტროლი დავკარგეთ და დავმარცხდით".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული