ელგუჯა გრიგალაშვილის შანსი და ოცნება

AutoSharing Option
მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთ აღმოჩენად 22 წლის ელგუჯა გრიგალაშვილი უნდა მივიჩნიოთ, რომელიც მარტვილის "მერანის" შეუცვლელ ფეხბურთელად და ლიდერად ჩამოყალიბდა.

რამდენიმე დღის წინ მის კარიერაში ღირსშესანიშნავი ამბავი მოხდა - ახალგაზრდა ფეხბურთელმა ქუთაისის "ტორპედოსთან" ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

რასაკვირველია, გრიგალაშვილს "ტორპედოსთან" დაკავშირებულ თემებზეც ვესაუბრეთ.

- სად დაიწყეთ თამაში, როგორ მოხვდით "მერანში"?
- ფეხბურთის თამაში ბავშვთა საფეხბურთო კლუბ "მერანში" დავიწყე, ხვიჩა ქესანიშვილის ხელმძღვანელობით. გარკვეული პერიოდის შემდეგ გადავედი "ნორჩ დინამოელში" (მწვრთნელი მამუკა სვანაძე); ამის შემდეგ კი გავაფორმე პირველი პროფესიონალური კონტრაქტი ბათუმის "დინამოსთან", სადაც 2 წელიწადნახევარი
დავყავი.

მარტვილის "მერანის" უმაღლეს ლიგაში გადასვლის შემდეგ ამ გუნდიდან მოწვევა მივიღე, სადაც ამჟამად განათხოვრების წესით ვიმყოფები.

- "დინამოსთან" მიღწეული სასურველი ფრეს შემდეგ გუნდმა ზედიზედ რამდენიმე მარცხი იწვნია. რა არის ამის მიზეზი?
- როგორც ჩანს, "დინამოსთან" თამაშის შემდეგ ძალების სრულფასოვანი აღდგენა ვერ მოვახერხეთ. წარუმატებლობის მიზეზი უმთავრესად ჩვენშია - ბიჭები ფორმაში არ ვართ. ამას დაემატა ბოლოდროინდელი უიღბლობაც. "დილასთან" პირველი ტაიმი კარგად ვითამაშეთ, გატანის არაერთი შანსი გავუშვით ხელიდან, რამაც საბოლოო შედეგზე იქონია გავლენა. იმედია, სამომავლოდ ხარვეზებს გამოვასწორებთ.

- კონკრეტული მიზნები თუ აქვს "მერანს" მიმდინარე სეზონში?
- დებიუტანტი გუნდის კვალობაზე ნორმალური შედეგები გვაქვს, საუკეთესო რვა გუნდში დამკვიდრება ვადაზე ადრე გავინაღდეთ. ბიჭების უმრავლესობა უმაღლეს ლიგაში პირველად ვთამაშობთ. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სატურნირო ცხრილში მდგომარეობა მნიშვნელოვნად გავიუმჯობესოთ.

- "მერანში" გამოცდილი ფეხბურთელები ირიცხებიან: გივი დიდავა, გიორგი მანწკავა, გიგა ჟვანია... რა შეგმატათ მათ მხარდამხარ თამაშმა?
- მანწკავასთან ერთად ბათუმის "დინამოში"ვთამაშობდი, დიდავა და ჟვანია კი აქ გავიცანი. თითოეული მათგანი არა მარტო მაღალი კლასის ფეხბურთელი, არამედ კარგი პიროვნებაცაა. მათგან მიღებულ გამოცდილებას მომავალში აუცილებლად გამოვიყენებ.

აქვე მინდა აღვნიშნო მწვრთნელის, მალხაზ ჟვანიას პროფესიონალიზმი და მეგობრული დამოკიდებულება ფეხბურთელების მიმართ. დარწმუნებული ვარ, რომ მის ხელში გუნდი დიდ წარმატებებს მიაღწევს.

- რატომ გადაწყვიტეთ "ტორპედოში" გადასვლა?
- "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ მითხრა, რომ სერიოზულად იყო დაინტერესებული, თავის გუნდში მეთამაშა. არ შემეძლო ეს შანსი არ გამომეყენებინა. საბედნიეროდ, ბათუმის "დინამოსა" და მარტვილის "მერანის" ხელმძღვანელობა ჩემს ამ გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდა, რისთვისაც მათ დიდ მადლობას მოვახსენებ.

"ტორპედო" ტრადიციული და ამბიციური გუნდია, მუდამ მაღალი მიზნებისათვის რომ იბრძვის. ასე რომ, ამ ნაბიჯს არ ვნანობ. ჩემს ახალ გუნდს სეზონის ბოლოს შევუერთდები, მანამდე კი "მერანის" ფეხბურთელი ვარ და არაფერს დავიშურებ მის საკეთილდღეოდ.

- მომავალი წლიდან კიდევ უფრო დაძაბულ "იმერულ დერბს" უნდა ველოდეთ?
- ალბათ, იმას გულისხმობთ, რომ "ზესტაფონში" ჩემი უფროსი ძმა, შოთა თამაშობს. ის ძალიან შრომისმოყვარეა, მისგან ბევრ რამეს ვსწავლობ. როგორც ვიცი, გაზაფხულზე კლუბთან კონტრაქტი უმთავრდება. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს. როცა საშუალება მეძლევა, ვუყურებ მის თამაშს და ვგულშემატკივრობ.

- თქვენი აზრით, "ტორპედოდან" ნაკრებში მიგიწვევენ?
- იმედი ნამდვილად მაქვს. ყველა ფეხბურთელის ოცნებაა ნაკრებში თამაში და გამონაკლისი არც მე ვარ. თემურ ქეცბაია საქართველოს ჩემპიონატის ლიდერთა მატჩებს სისტემატურად ესწრება და ახლა ყველაფერი ჩემზე იქნება დამოკიდებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული