ეროვნული ლიგა. XIX ტური. წინათქმის მაგიერ: გვეშველება რამე?!

AutoSharing Option
ზუსტად ერთთვიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატი განახლდება და დღეიდან მოყოლებული ნოემბრის ბოლომდე, სულ მცირე, კვირაში ერთხელ მაინც მოგვიწევს გულშემატკივრებისათვის იმის შეხსენება, რომ აუცილებლად გამონახონ დრო და ეროვნული ლიგის მატჩებს თვალი სტადიონის ტრიბუნიდან მიადევნონ...

იმის შეხსენებაც მუდამ მოგვიწევს სეზონის ბოლომდე, თუ როგორი ინტრიგაა ჩვენს ეროვნულ ლიგაში, თუ რამხელა ინტერესი უნდა ჰქონდეს დედაქალაქურ, იმერულ თუ შავიზღვისპირულ დერბიში.

იმაზე ხომ აღარაფერს ვამბობთ, ყოველი ტურის წინ თითოეულ წყვილზე რომ დეტალურად უნდა ვისაუბროთ, მერე კი, ტრადიციულად, ყოველი ტურის დასრულების შემდეგ კი, "ლელოს" ვერსიით ტურის სიმბოლური
ნაკრებიც უნდა შემოგთავაზოთ...

მოკლედ, როგორც ხდებოდა ამ ჩემპიონატის პირველ და მეორე წრეში, როგორც ხდებოდა - შარშან, შარშანწინ, იმისწინ

ცდა ასე შემდეგ...

"ლელოს" გუშინდელ ნომერში ვწერდით და დღესაც გავიმეორებთ: წლევანდელ ევროტურნირებზე ქართული გუნდების გამოსვლამ მართლაც დამთრგუნველი შთაბეჭდილება დაგვიტოვა. თანაც, საქმე მხოლოდ იმ, მართლაც კატასტროფულ შედეგებში არ არის, ლაპარაკია იმ სიტუაციაზე, რომელშიც დღეს იმყოფება ქართული საკლუბო ფეხბურთი...

ოღონდ, ევროტურნირებზე ჩვენი გუნდების სამარცხვინო გამოსვლა არავინ დააბრალოს... ჩემპიონატის ფორმატის (გაზაფხული-შემოდგომა) შეცვლას ან კიდევ უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობის შემცირებას.

შარშანაც, ფაქტობრივად, ანალოგიური შედეგი გვქონდა, უბრალოდ, იმაში გაგვიმართლა, რომ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკიციო ეტაპზე თბილისის "დინამოს" აშკარად სუსტი მეტოქე (სომხური "ალაშკერტი") ჰყავდა, თორემ დანარჩენი სამი გუნდიც ხომ პირველსავე ეტაპის მერე დაემშვიდობნენ ევროტურნირებს...

შარშანწინაც წლევანდელი ვარიანტი მოხდა: ოთხივე ქართული გუნდისთვის ევროტურნირები ივლისის შუა რიცხვებში (ანუ, პირველი ეტაპის მერე) დასრულდა! ამას კი იმიტომ ვიხსენებთ, რომ იმ დროისათვის ჩვენი ჩემპიონატი შემოდგომა-გაზაფხულის სისტემით ტარდებოდა და უმაღლესი ლიგაც 16-გუნდიანი იყო!

მოკლედ, გინდ ჩემპიონატის ფორმატი შეცვალე, გინდ - გუნდების რაოდენობა, ჩვენი საკლუბო ფეხბურთის საშველი მაინც არ ჩანს! იმაზე აღარაფერს ვამბობთ, როცა ამა თუ იმ კლუბის ხელმძღვანელი (ან მწვრთნელი) სეზონის... დასაწყისიდანვე იწყებს წუწუნს - ფინანსური პრობლემები გვაქვსო! კი, მაგრამ, თვალში ნაცარს რატომ გვაყრიან და ფეხბურთის განვითარების ფონდიდან ყოველთვიურად ჩარიცხული თანხები სადღა მიაქვთ?..

არცთუ შორეულ წარსულს გავიხსენებთ, როცა ქართულ გუნდებს ერთი ნაბიჯიღა აშორებდათ ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპამდე: 2011-13 წლებში თბილისის "დინამო" და "დილა" ორ-ორჯერ გავიდნენ ევროპალიგის პლეი ოფში, ერთხელ კი - "ზესტაფონი".

ანუ, ქართველი გულშემატკივრებისთვის ევროტურნირები აგვისტოს ბოლომდე გრძელდებოდა და ამ მართლაც სასიამოვნო მოვლენის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილებას გარკვეული კორექტივების შეტანაც უხდებოდა ჩემპიონატის კალენდარში.

ეს კორექტივები კი ჩვენი გუნდების საკეთილდღეოდ კეთდებოდა: ოღონდ კი ჩვენს გუნდებს ევროტურნირებზე (მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე, პლეი ოფში) წარმატებით ეასპარეზათ, საქართველოს ჩემპიონატის მატჩებს სხვა დროისთვის გადაუდებდნენ ხოლმე.

ამჟამად კი ეროვნული ლიგის კალენდარს არანაირი ცვლილებები "არ ემუქრება" არც ივლისში და არც - აგვისტოში: რა მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი და რის პლეი ოფი?!. გუშინ ხომ ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩები გაიმართა და იქ არც ერთი ქართული აღარ იყო!..

...დღეიდან ნოემბრის ბოლომდე ქართული გუნდები ოფიციალურ მატჩებს მხოლოდ ერთმანეთში გამართავენ. ამასობაში, წლევანდელ ევროტურნირებზე ქართული გუნდების კატასტროფულად წარუმატებელი ასპარეზობით გამოწვეული ნეგატიური ემოციაც ნელ-ნელა გაგვიქრება და მერე კი, საქართველოს ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში არსებული ინტრიგით ჩვენც "გავიხარებთ" და გულშემატკივრებსაც "გავახარებთ"!

არადა, ფაქტი ერთია: ქართული საკლუბო ფეხბურთის დონე წლიდან წლამდე უკან და უკან მიდის და საქმეს არც ჩემპიონატის ფორმატის შეცვლა შველის, არც გუნდების რაოდენობის შემცირება და არც - სახელმწიფოსგან ნაჩუქარი დაფინანსება...

ეროვნული ლიგა. XIX ტური
21.07. თბილისი. დინამო არენა. 21:00
დინამო (თბ) -კოლხეთი
ურთიერთშეხვედრები
57: +39 =11-7, 129-40
დისკვალიფიკაცია
მიკოლა კოვტალიუკი (დინამო თბ) - დავით ბოლქვაძე, ვარლამ კილასონია (ორივე კოლხეთი)
I-II წრე 1:0, 3:0

22.07. სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე. 18:00
სამტრედია-შუქურა
ურთიერთშეხვედრები
8: +5 =2 -1, 15-7
დისკვალიფიკაცია
ჯეფერსონი (შუქურა)
I-II წრე 1:0, 2:0

23.07. ივანწმინდა. 17:00
ჩიხურა-დილა
ურთიერთშეხვედრები
14: +3 =4 -7, 12-24
დისკვალიფიკაცია
ლუკა რაზმაძე, გიორგი პაპავა, გოდერძი მაჩაიძე (ყველა დილა)
I-II წრე 0:0, 0:2

23.07. ბათუმი. რაგბი არენა. 19:00
დინამო (ბთ)-ლოკომოტივი
ურთიერთშეხვედრები
30: +7 =7 -16, 30-42
დისკვალიფიკაცია
თეიმურაზ შონია, ნიკა მგელაძე (ორივე დინამო ბთ) - ლაშა გვალია (ლოკომოტივი)
I-II წრე 1:2, 1:2

23.07. თბილისი. დავით პეტრიაშვილი. 21:00. LIVE II არხზე
საბურთალო-ტორპედო
ურთიერთშეხვედრები
4: +1 =2 -1, 5-9
დისკვალიფიკაცია
ელვინ ტერა (საბურთალო) - ბექა ტუღუში (ტორპედო)
I-II წრე 1:0, 0:0

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
სიონის მწვრთნელი რომ საქართველოს ნაკრების თამაშზე ისაუბრებს, ქართულ ფეხბურთს არაფერი ეშველება.
beni
17:48 21-07-2017
0
gadaxede samtredia dinamos tamashs rekordi moxsnaa bogmianoo.. acrili xar getyoba samtrediaze
dinos
17:07 21-07-2017
0

სიახლეები პოპულარული