"საბურთალო": გაოგნებულები ვართ ფრუიძის ცილისმწამებლური განცხადებით

AutoSharing Option
საჩხერის "ჩიხურას" მთავარი მწვრთნელის, სოსო ფრუიძის ნათქვამს საფეხბურთო კლუბი "საბურთალოც" გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, რომ საჩხერელთა მწვრთნელმა "დინამოს" ხელმძღვანელობა მისი გუნდის შემტევ გიორგი ივანიშვილთან ფარულ მოლაპარაკებებში დაადანაშაულა, მოგვიანებით კი მსგავს ქმედებებში სხვა გუნდებიც, მათ შორის, "საბურთალოც" ამხილა.

- სოსო ფრუიძემ თბილისის "დინამო" ივანიშვილთან ფარულ მოლაპარაკებებში დაადანაშაულა
- სოსო ფრუიძე: აი, რომ იტყვიან, კლასი ბიძია, კლასიო, ეგ არის

"გაოგნებულები და შეწუხებულები ვართ "ჩიხურას" მთავარი მწვრთნელის, სოსო ფრუიძის ცილისმწამებლური განცხადებით. ის საზოგადოებას არასწორ ინფორმაციას აწვდის და შეცდომაში შეჰყავს.

მსგავსი ბრალდება "საბურთალოსთვის" არის შეურაცხმყოფელი, რადგან
ჩვენი კლუბი ყოველთვის იცავდა და მომავალშიც დაიცავს საფეხბურთო ეთიკის ნორმებს", - წერია "საბურთალოს" განცხადებაში, საიდანაც ირკვევა, თითქოს "საბურთალო" საჩხერელთა ფეხბურთელს, დიმიტრი ტატანაშვილს იწვევდა.

"ტატანაშვილს "ჩიხურასთან" ხელშეკრულება უმთავრდება და ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი თავად გამოთქვა. ამის შემდეგაც, "საბურთალოს" აღმასრულებელი დირექტორი კახა კაშია საჩხერელთა ერთ-ერთ წარმომადგენელს, ბერიკა შუკაკიძეს დაუკავშირდა და აცნობა, რომ "საბურთალოს" "ჩიხურას" ფეხბურთელისადმი ინტერესი ჰქონდა. შუკაკიძემ კაშიას უთხრა, რომ ფეხბურთელი "ჩიხურას" სჭირდებოდა, რის შემდეგაც მხარეებს შორის მოლაპარაკება დასრულდა.

აქვე გვსურს აღვნიშნოთ, რომ მანამდე ჩვენი კლუბის არც ერთ ხელმძღვანელსა თუ მწვრთნელს ფეხბურთელთან მოლაპარაკება არ ჰქონია".

"საბურთალო" ბოლოს ყურადღებას საინტერესო დეტალზე ამახვილებს:

"მიღებული ფორმაა, რომ როცა ფეხბურთელს ამა თუ იმ კლუბთან ხელშეკრულების დასრულებამდე 6 თვე აქვს დარჩენილი, ნებისმიერ სხვა კლუბს აქვს უფლება, მასთან, ასევე, მის კლუბთან, სამომავლო თანამშრომლობაზე მოლაპარაკება აწარმოოს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სოსო დაბრუნდი მშობლიურ ქუთაისში სანამ გულის შეტევას არ დაგმართავენ. ურიგო არ იქნებოდა ფრუიძის კანდიტატურა,თუ ბატონმა ზაალმა გადაწყვიტა ტრენერების ახალი როტაცია.
გივი
16:48 03-07-2017
0

სიახლეები პოპულარული