რევაზ ჩელებაძე: ისედაც მიზერული დაფინანსება გვქონდა და ამასაც გვაკლებენ?!

AutoSharing Option
სასტუმრო "მოხალისეში" გამართულ შეხვედრაზე ბევრი სიახლე გაირკვა. ფეხბურთის ფედერაციის, ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელებმა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა კლუბების წარმომადგენლებს გასულ კვირას, მთავრობის 217-ე დადგენილებაში შესულ ცვლილებასა და მის მოტივებზე აცნობეს.

- [ფეხბურთის განვითარების პროგრამა] სულ 315 მლნ და პლუს ერთი წელიწადი

ამ შეხვედრასა და ცვლილებებზე კომენტარისთვის ზოგიერთი კლუბის წარმომადგენელს დავუკავშირდით.

გიორგი ყიფიანი, თბილისის "ლოკომოტივის" სპორტული დირექტორი:
"ეს შეხვედრა აუცილებელი იყო, რადგან გაუგებარი ინფორმაციები ვრცელდებოდა. ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რაც ფეხბურთის განვითარების პროგრამის ორგანიზატორებისგან ახსნა
-განმარტებებს ითხოვდა.

მთავარი იყო ეს საკითხი - საბაზისო თანხის 900 ათასამდე შემცირება და სტიმულირების ფონდის 600 ათასამდე გაზრდა. ამან კლუბებს სტიმული უნდა მისცეს, რათა სპონსორული თანხები მოიზიდონ და კომერციალიზაციაზე იზრუნონ.

მესმის, რომ ეს რთული საკითხია, ქართულ ფეხბურთში ფულს უცებ არ დააბანდებენ, მაგრამ თუ ასე ვიძახეთ, რომ არაფერი გამოვა და მცდელობაც არ გვექნება, ცხადია, ფეხბურთის კომერციალიზაცია შეუძლებელი გახდება. ამისკენ ეტაპობრივად უნდა წავიდეთ, რასაც კლუბების მენეჯმენტის გარდაქმნა და უკეთ ამუშავება დასჭირდება".

ზურაბ ჩაკვეტაძე, ქუთაისის "ტორპედოს" დირექტორი:
"ამ სიახლეებში ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ კლუბებს კერძო საკუთრებაში გადასვლისთვის ბიძგი მიეცათ. ვინც მეტ კერძო ფულს მოიძიებს, მეტად მოგებულიც დარჩება.

პროგრამა კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდა. ისიც დადებითი მოვლენაა, რომ ინფრასტრუქტურული პროგრამები განხორციელდება, უკეთეს მოედნებსა და სტადიონებზე თამაში კი ჩემპიონატს წაადგება.

ცხადია, გვაინტერესებდა, კლუბები პრემიალურ თანხებს როდის მივიღებდით. აღმოჩნდა, რომ ფული ივნისის ბოლომდე შეუფერხებლად უნდა დაგვერიცხოს. ეს კი ევროთასებზე გასულ გუნდებს დროულად გაძლიერებისა და უკეთ მომზადების საშუალებას მოგვცემს".

ქობულეთის "შუქურას" დირექტორი რევაზ ჩელებაძე კი ცვლილებებს უარყოფითად აფასებს:

- ისედაც მიზერული დაფინანსება გვქონდა და ამასაც გვაკლებენ? საბაზისო დაფინანსება არათუ უნდა შეემცირებინათ, უნდა გაეზარდათ. ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ორიოდე კერძო კლუბის წისქვილზე ასხამს წყალს და არა - ქართული ფეხბურთის. ახლა, სპონსორს თუ ვერ მოვძებნით, ისევ უნდა ვიწვალოთ?

- თქვენი აზრით, ბიზნესი ქართული ფეხბურთით არ დაინტერესდება?
- როგორ დაინტერესდება?! ახლა ქართული საკლუბო ფეხბურთი სუსტია, ჩვენი ფეხბურთელები ტოპლიგებში აღარ თამაშობენ... ერთი ლევან მჭედლიძე იყო და მისი გუნდიც გავარდა სერია A-დან. კლუბები და ნაკრებები ვერაფერს აღწევენ და ასეთ მდგომარეობაში ჩვენს ფეხბურთში ინვესტირებას რომელი ბიზნესმენი გადაწყვეტს? დაინტერესდებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თურქულ მოდელს ავამუშავებთ და ბიზნესს გარკვეულ შეღავათს მივცემთ.

- კონკრეტულად რას გულისხმობთ?
- თურქეთში ბიზნესი მოგების გადასახადს, ბიუჯეტის ნაცვლად, ამა თუ იმ საფეხბურთო კლუბში რიცხავდა. დღეს კი ბიზნესს ქართული ფეხბურთი დიდად გულზე არ ეხატება და კანონმდებლობაში ცვლილება თუ არ შევა, ჩვენკენ ვინ გამოიხედავს? ამიტომ, ფეხბურთს სახელმწიფომ უნდა მიხედოს, თუ უნდათ, რომ ფეხზე დადგეს და გაძლიერდეს.

სახელმწიფოს ბევრი რამ შეუძლია: საქართველოში 100-მილიონიან პროექტებს რომ ახორციელებენ, იმ კომპანიებს დაელაპარაკონ, რომ თანხის ნაწილი კლუბებს მოახმარონ. ეს ბევრ პრობლემას მოაგვარებდა. საერთოდ, პროგრამის განხორციელება სხვაგვარად უფრო ლოგიკური იქნებოდა.

- როგორ?
- ჯერ ინფრასტრუქტურა არ შენდება. არადა, ფონდი ამით უნდა ყოფილიყო დაკავებული, რაიონებს კი კლუბები ძველებურად შეენახათ, მაგრამ თანხების ხარჯვა მკაცრად გაეკონტროლებინათ.

აჭარაში ფეხბურთი უყვართ, გუნდებს ინახავდნენ და კარგადაც გვაფინანსებდნენ. ახლა კი ლამის 3-ჯერ ნაკლებს ვიღებთ.

კონკრეტულ მაგალითს გეტყვით - რუსეთში ქართველი ლეგიონერები მილიონ ევრომდე იღებენ, ანუ სამჯერ მეტს, ვიდრე ჩვენი კლუბი ფინანსდება და ასე ფეხბურთის განვითარებაზე ლაპარაკი ძნელია. დაუბრუნონ ქალაქებს კლუბები, თავად კი ფონდის სახსრებით ინფრასტრუქტურა ააშენონ, ეს უფრო ლოგიკური იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 27 /
სოსო-ძამიკო რაც ამ ხალხმა თავიანთი ფეხბურთელობით სიკეთე და სიხარული აჩუქა ხალხსა და ქვეყანას ასმაგი უბედურება და ნგრევა მოაყოლა თავიანთი ფეხბურთელობიდან წასვლას ,თავიანთი ყვარყვარეობითა და პირადი გამორჩენის მიზნით ფეხბურთის ნგრევის ყურებით.აი ეს არის სიმართლე ძამიკო. ბეკენბაუერებსა და კრუიფებს ფეხბურთელობით კი უტოლდებოდნენ ალბათ მაგრამ მერე ყველაფერი წყალში ჩაყარეს .აქ რასაკვირველია საქართველოში დატრიალებულმა მოვლენებმაც არაფერი დააკლო მაგრამ ეს ხალხო ოდნავ მაინც რომ კეთილსინდისიერები ყოფილიყვნენ ეხლა ქართული ფეხბურთი ესეთ დღეში ნამდვილად არ იქნებოდა.
vep1963
20:43 11-06-2017
0
დძალიან სწორია ეძებეთ სპონსორები. ამ კაცს ერთ რამეში ვეთანხმები ინფრასტრუქტურაა უპირველესი. სახელმწიფომ ხარისხიანი მოედნების მოწყობაზე უნდა იზრუნოს თუარა ეს ფული წყალში გადაყრილი იქნება .
დათო რუსთავიდან
14:04 11-06-2017
0

სიახლეები პოპულარული