საბურთალო-ჩიხურა 1:2 - საჩხერე ევროზონას უბრუნდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თუკი რომელიმე გუნდი ტრავმებმა გააწვალა, ეს უპირველესად "საბურთალოა".

გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს ამ მიზეზით 7 წამყვანი მოთამაშე ვერ ეხმარება - ოთარ გოშაძე, ნოდარ იაშვილი, გიგი მარგველაშვილი, გია ჩაბრაძე, სანდრო ალთუნაშვილი, გურამ გოშთელიანი, ცოტნე ნადარაია. ეს კი საკუთარ კადრებზე მინდობილი გუნდისთვის პატარა ძალა არ არის. ამის გამო გუნდი ეფექტურ თამაშებს ჩავარდნით ცვლის, სტაბილურად ძლიერი შემადგენლობით გამოსვლა კი ვერ ეღირსა.

საკადრო პრობლემები სტუმრებსაც აწუხებდათ: დისკვალიფიკაციის გამო შეხვედრას ბაქარ მირცხულავა და დენის დობროვოლსკი ტოვებდნენ, ხოლო ზაზა ჭელიძე, თორნიკე მუმლაძე და გიორგი გაბედავა ტრავმირებულები არიან.

"საბურთალოს" პლუსი ის იყო, რომ მოედანს გიორგი ხარაიშვილი და თედორე გრიგალაშვილი დაუბრუნდნენ. ფლანგის მცველთა ტრავმიანობის გამო კი ჭიაბრიშვილი უკვე მეორე ტურია, თავდამსხმელ ლაშა შინდაგორიძეს მისთვის უჩვეულო მარჯვენა მცველის პოზიციაზე აყენებს...

სამივე გოლი პირველ ნახევარში გავიდა - სტუმრები დიმიტრი ტატანაშვილმა დააწინაურა, ანგარიში მალე გიორგი ფანცულაიამ გაათანაბრა, მაგრამ გიორგი ივანიშვილის გოლმა სტუმრებს 3 ქულა მოუტანა.

აღსანიშნავია საჩხერელთა საყრდენების, გიორგი განუგრავასა და თორნიკე გორგიაშვილის კარგი თამაში. შეტევებს განსაკუთრებით მიხეილ სარდალიშვილი ამწვავებდა, რომელმაც ჯერ პენალტი "აიკიდა", მერე კი "საბურთალოს" კართან რამდენჯერმე "ხანძარი" გამოიწვია.

მეორე ტაიმში მასპინძლები ბევრს უტევდნენ, წონასწორობის აღდგენას მთელი ძალებით ცდილობდნენ და რეალური საგოლე მომენტებიც შექმნეს, მაგრამ მწვავე კონტრშეტევების ორგანიზებას საჩხერელებიც ახერხებდნენ. საბოლოოდ, "ჩიხურამ" თამაში მოგებამდე მიიყვანა და ზედიზედ ორი მოგებით სატურნირო ცხრილში მდგომარეობა საგრძნობლად გაიუმჯობესა. ფრუიძის გუნდი ევროზონას უბრუნდება, "საბურთალომ" კი ზედიზედ მესამე შეხვედრა წააგო და მე-6 პოზიციაზე დაქვეითდა.

მატჩის სტენოგრამა
9' - მიხეილ სარდალიშვილმა მშვენივრად ითამაშა, ჯერ ლაშა შინდაგორიძეს გასცდა, საჯარიმოში შევარდნილი კი ელვინ ტერამ მოცელა. პენალტი უნაკლოდ შეასრულა დიმიტრი ტატანაშვილმა - 0:1.
14' - "ჩიხურამ" სახიფათო შეტევა განავითარა, რომლის დაგვირგვინებასაც თორნიკე გორგიაშვილი ცდილობდა, მაგრამ მცველი გადაეფარა და ვითარება განმუხტა.
23' - გოლი! გიორგი კოხრეიძემ ეფექტურად ჩამოიცილა ლაშა ჩიკვაიძე, ფლანგზე შეტევა ვაგნერ გონსალვესს გაუგრძელა, რომელმაც ბურთი საჯარიმოში გიორგი ფანცულაიას ჩააწოდა, მან კი ახლოდან წონასწორობა აღადგინა - 1:1.
30' - ისვე გოლი! ლევან კაკუბავას მშვენიერი პასით მეკარე ლაზარე კუპატაძესთან პირისპირ გიორგი ივანიშვილი დარჩა - პირველად მეკარემ ბურთი მოიგერია, მაგრამ საჩხერელთა შემტევმა ბადე დამატებაზე მაინც შეარხია - 1:2.
56', 60', 62' - "საბურთალოს" მეტოქის საჯარიმოში შეღწევა უჭირდა და ზედიზედ სამჯერ შორიდან კარის აღება გიორგი ხარაიშვილმა სცადა და სამივეჯერ უშედეგოდ.
64' - საჩხერელთა იდეალური კონტრშეტევა! გიორგი განუგრავამ მეკარესთან პირისპირ დატოვა სარდალიშვილი - კუპატაძემ დარტყმა მოიგერია და გუნდი გადაარჩინა.
69' - ამჯერად ხარაიშვილმა გატანა ჯარიმიდან სცადა და კვლავ უშედეგოდ.
74' - კუთხური ბესიკ დეკანოიძემ შეასრულა. კაკუბავამ (ძალიან აქტიურია) მცველებს დაასწრო და თავურით ძელი შეარხია.
78' - დინო ჰამზიჩმა სტუმრები გადაარჩინა. კოხრეიძის ჩაწოდების შემდეგ ხარაიშვილმა დაუხანებლად დაარტყა, მაგრამ ბოსნიელმა კიპერმა ბურთი ნახტომში მოიგერია.
82' - სარდალიშვილის მორიგი მშვენიერი იერიში, საჯარიმოში შეიჭრა და კარის წინ გიორგი კორიფაძე მოძებნა, მაგრამ მცველი გადაეფარა და უმწვავესი მომენტი განმუხტა!
90+3' - წონასწორობის აღდგენის ბოლო შანსი! საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთის გატანას თედორე გრიგალაშვილი შეეცადა, მაგრამ კარს ააცილა და არბიტრმაც საფინალოდ ჩასტვინა.

ეროვნული ლიგა. XV ტური
28.05. თბილისი. "მიხეილ მესხი"
საბურთალო-ჩიხურა 1:2
გოლები: 0:1 ტატანაშვილი (10-პენ), 1:1 ფანცულაია (23. ვაგნერის პასით), 1:2 ივანიშვილი (30. კაკუბავას პასით)
საბურთალო (4-5-1): კუპატაძე - შინდაგორიძე (53. მალი), თედ. გრიგალაშვილი, ცნობილაძე, ლაკვეხელიანი (68. არზიანი) - ტერა (42. ბიძინაშვილი), მამუჩაშვილი, კოხრეიძე, ხარაიშვილი, ვაგნერი - ფანცულაია.
სათადარიგოები: ნასყიდაშვილი, იმნაძე, სოფრომაძე, ფიფია
მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
ჩიხურა (4-2-3-1): ჰამზიჩი - კორიფაძე, კაშია, კაკუბავა, ჩიკვაიძე - განუგრავა, გორგიაშვილი (75. თორნიკე გრიგალაშვილი) - დეკანოიძე (89. ლექვთაძე), ივანიშვილი (84. გელაშვილი), სარდალიშვილი - ტატანაშვილი.
სათადარიგოები: ნ. ქავთარაძე, ნ. გაბაძე
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
გაფრთხილებები: ტერა (9)
არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი.

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 11
ბ. არაბული (დინამო თბ) 9
მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 8
მ. კოვტალიუკი (კოლხეთი) 8
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 8.

მომდევნო ტური
1 ივნისი, ხუთშაბათი
შუქურა-დინამო (თბ) 17:30
დინამო (ბთ)-საბურთალო 20:00

2 ივნისი. პარასკევი
სამტრედია-კოლხეთი 17:30
ჩიხურა-ტორპედო 17:30
დილა-ლოკომოტივი 19:30.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული