"დღეს ჩვენი ფეხბურთელები მაღალ დონეზე სათამაშოდ მზად არ არიან!"

AutoSharing Option
10 ტურია, თბილისის "დინამო" ეროვნულ ლიგაში არ აგებს. ბოლო ტურში თბილისელებმა "სამტრედიას" დაძაბულ მატჩში 3:2 მოუგეს და სატურნირო ცხრილში მეორეადგილოსან "ტორპედოს" 6 ქულით გაუსწრეს.

- დინამო(თბ)-სამტრედია 3:2 - ლამაზი დრამა, რომელსაც მაყურებელი აკლდა [VIDEO]

არადა, "დინამოს" სტარტი მთლად კარგი ვერ იყო: გუნდმა საწყის სამ ტურში ორი მარცხი იწვნია და ლამის უკვე განიხილავდნენ ელიტაში დარჩენისთვის მებრძოლ გუნდად.

დღეს თბილისის "დინამო" სტუმრად "ჩიხურას" ეთამაშება, მანამდე კი Sportall.ge-მ გუნდის მთავარ მწვრთნელ კახა კაჭარავასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც საუბარი სხვადასხვა საკითხს შეეხო.

- "სამტრედიასთან"
დრამატული შეხვედრა გულშემატკივართა დიდმა ნაწილმა სეზონის საუკეთესო მატჩად მიიჩნია. თქვენ როგორ შეაფასებდით ამ თამაშს და თქვენი გუნდის გარჯას?
- ორი აზრი არაა, რომ ძალიან კარგი და დაძაბული მატჩი გამოვიდა. პირველ ტაიმში ჩემმა ფეხბურთელებმა კარგად ითამაშეს, დიდ უპირატესობას ფლობდნენ. მეორე ტაიმში სურათი შეიცვალა: "სამტრედიამ" შემოგვიტია და ჩვენც დაცვაში სუსტად გამოვიყურებოდით. თან, მესამე გოლის გატანის რამდენიმე რეალური მომენტი გავუშვით ხელიდან. არაბულის ბოლო წამებზე გატანილმა გოლმა კი მთლიანად მატჩი დაამშვენა.

"სამტრედია" ძალიან კარგი გუნდია. ვისარგებლებ შემთხვევით და ყველა ქართულ კლუბს, რომელიც ზაფხულს ევროასპარეზზე იასპარეზებს, წარმატებებს ვუსურვებ. ისინი ქართული ფეხბურთის სახე იქნებიან.

- ზოგადად, მიმდინარე ჩემპიონატზე რას იტყვით?
- მე კი ვიძახდი, რაც მეტი კლუბი იქნება ჩემპიონატში, მით უკეთესი-მეთქი, მაგრამ გამოჩნდა, რომ 10 გუნდი მას უფრო დაძაბულსა და საინტერესოს ხდის. იმედი მაქვს, ჩემპიონატი ეტაპობრივად უფრო გაძლიერდება.

აღსანიშნავია, რომ ქომაგს საშუალება ეძლევა, მატჩები ინტერნეტში ნახოს, რაც კარგია. თუ გულშემატკივარი ბევრ ისეთ მატჩს ნახავს, როგორიც "დინამო"-"სამტრედია" იყო, ის სტადიონზე აუცილებლად დაბრუნდება.

- სეზონი "დინამომ" მთლად კარგად ვერ დაიწყო, დღეს კი მეორეადგილოსანს 6 ქულით უსწრებს და უკვე ათი მატჩია დაუმარცხებელია...
- თუ არ ჩავთვლით ორ ფეხბურთელს, ახალი გუნდი ჩავიბარე. არაა ადვილი, ფეხბურთელებს სწრაფად დააწყებინო იმ ფეხბურთის თამაში, რომელსაც ითხოვ. ყველა მწვრთნელს თავისი ხედვა აქვს და მე ამ კლუბში ახალი ვიყავი. ბევრი ფეხბურთელის დამატება აკადემიიდან მომიხდა და ეს კარგიცაა. აკადემია სწორედ იმისთვის არსებობს, რომ გამოვიყენოთ მისი ფეხბურთელები.

ამიტომ თავიდან რთული იყო, მაგრამ ფეხბურთელები ნელ-ნელა ეგუებიან ჩემს მოთხოვნებს, ცდილობენ ითამაშონ ის ფეხბურთი, რომელსაც ვითხოვ და რომელიც, პირველ რიგში, თავად მათ სჭირდებათ.

ჯერ გამოსასწორებელი კიდევ ბევრია. კი, საქართველოს ჩემპიონატში შეიძლება კარგად ვთამაშობდეთ, მაგრამ ჩვენ თუ სხვა დონეზე გვსურს თამაში, ბევრად მეტია საჭირო.

- აკადემიის ფეხბურთელები ახსენეთ და რამდენად კმაყოფილი ხართ აკადემიის მწვრთნელთა მუშაობით?
- კმაყოფილი ვარ, რადგან ფეხბურთელები პირველ გუნდში სათანადო ცოდნით მოდიან. უბრალოდ, მთავარ გუნდში თამაში ფსიქოლოგიასთანაა კავშირში. ზოგმა ეს წნეხი ადვილად გადალახა, ზოგს გაუჭირდა.

ფეხბურთი ყოველდღე ვითარდება და ჩვენც უნდა განვვითარდეთ. ყველა ფეხბურთელს შანსი უნდა მიეცეს. თუ ეს არ გავაკეთე, მაშის რისთვის არსებობს აკადემია? მაგრამ თავი ჯერ იქ უნდა გამოიჩინონ, რომ შემდეგ მეც მივცე შანსი.

ვისაც კი მივეცი შანსი, ყველა ნაკრების კანდიდატია. მე ფეხბურთელებს დამსახურების მიხედვით ვაწინაურებ.

- საინტერესოა, როგორ შეაფასებდით ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირს...
- ზოგადად, საჭიროა მსგავსი ტურნირები. ვუყურებ ასაკობრივი ჩემპიონატის მატჩებს და ჩვენი ფეხბურთელები მეტოქეებს 9:0, 10:0-ს უგებენ. ისინი ასე ვერ გაიზრდებიან, ამიტომ ვცდილობთ, ბევრი ასეთი ტურნირი ჩავატაროთ და მათ დაგვანახონ, რეალურად რა ეტაპზე ვართ და რა გვჭირდება.

ეს სხვა კლუბებმაც უნდა გააკეთონ. მხოლოდ "დინამომ" თუ ჩაატარა ტურნირები და მხოლოდ "დინამომ" თუ იფიქრა ამაზე, არაფერი გამოვა. პატარების ჩემპიონატებიც უნდა გაძლიერდეს, სხვანაირად ვერ გავიზრდებით.

- ახალი ფორმატის მიხედვით, მატჩების ჩატარება 2-3 დღეში ერთხელ გიწევთ, რაც, დაგვეთანხმებით, სერიოზულ ფიზიკურ მომზადებას მოითხოვს. კმაყოფილი ხართ თქვენი ფეხბურთელების ფიზმომზადებით?
- ფიზმომზადების მწვრთნელი უკრაინელი გვყავს და მისით ძალიან კმაყოფილი ვარ, საქმის მცოდნეა, მაგრამ სამუშაო აქაც ბევრია. ახალგაზრდა ფეხბურთელები გვყავს და ყველაფერს დრო უნდა, ერთ დღეში არაფერი კეთდება.

ვერ ვიტყვი, რომ ჩვენსა და ევროპელებს შორის განსხვავება ნიჭშია. ეს ჩანს კიდეც: 17, 19-წლამდელთა ნაკრებები ნიჭით ხშირად აღწევენ წარმატებებს, მაგრამ შემდეგ, როცა ნიჭი და ძალა თანაბრდება, იქ მეტოქეები ძალით გვჯობნიან. მხოლოდ ჩვენი ნიჭიერება ვეღარაფერს წყვეტს. ჯანიც გვჭირდება.

- ხშირად უცვლით ფეხბურთელებს პოზიციებს და ცდილობთ, გუნდი, ბურთთან ნაკლები შეხებით, სწრაფ კონტრშეტევაზე ათამაშოთ. ასეთი თამაში ქართველებს ძალიან უჭირთ, თუმცა "დინამო" მატჩიდან მატჩამდე სულ უფრო უმატებს...
- ასეა, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ეპიზოდური. შეიძლება ერთი და იმავე სტილით აქ ყველა მატჩი მოიგო, მაგრამ კიდევ ვამბობ, რომ ჩვენი მიზანი სხვა დონეზე თამაშია და იქ ეს არ გვეყოფა. თუ დამისახელებთ ერთ გუნდს, რომლის ფეხბურთელი არ დარბის, ხმას არ ამოვიღებ, მაგრამ ასეთს ვერავის ნახავთ.

მე ასეთი ვარ: მიღწეულით არასოდეს ვკმაყოფილდები. ფეხბურთი ვითარდება და ჩვენც უნდა მივყვეთ, ყოველდღე ახალი უნდა შევქმნათ. ფეხბურთი კი დღეს უკვე ისეთ დონეზეა, ვეღარ გაიგებ, ვინ სად უნდა ათამაშო. ცარიელ კართან მცველი თუ აღმოჩნდა და მომენტი ვერ გამოიყენა, რა ვთქვა, ფორვარდი არ იყო და ეპატიება-მეთქი? ანდა, თუკი ამპლუით ფორვარდია, უკან მცველების დახმარება არ ევალება?

არა, ასე არ არის! დღეს ყველას უნივერსალი სჭირდება, ისინი ბევრად ფასობენ. საბედნიეროდ, მაქვს იმის ფუფუნება, რომ ფეხბურთელები სხვადასხვა პოზიციაზე მოვსინჯო.

- თქვენ მიერ გაწვრთნილ გუნდებში დისციპლინის საკითხი უმაღლეს დონეზე იყო აყვანილი. როგორი სიტუაციაა ამ მხრივ "დინამოში"? სეზონის წინ სანქციებზეც გავრცელდა ინფორმაცია...
- სიმართლე გითხრათ, არ ვარ ის, ვინც ფეხბურთელთან პატარა რამის გამოც კი იკამათებს. მესმის, რომ ფეხბურთელებს ახალი მწვრთნელის მოთხოვნებთან შეჩვევა უჭირთ. ამიტომ მათ საამისოდ საკმარისი დრო მიეცათ. ფულადი ჯარიმა ჯერ მხოლოდ ერთი ფეხბურთელის შემთხვევაში გამოვიყენე.

- ხომ არ იყო ეს გიორგი პაპუნაშვილი, რომელმაც ცვლილებისას კაპიტნის სამკლავური მოისროლა?
- არა. მას იმდენად კარგი მატჩი ჰქონდა, მინდოდა, გულშემატკივარს მისთვის ტაში დაეკრა. ზოგი ხვდება ამას, ზოგიც - ვერა. არავის ეგონოს, რომ პაპუნაშვილმა კაპიტნის სამკლაური განგებ მოისროლა. ცუდად მოიქცა და ამაზე არავინ დავობს, არ ვამართლებ, მაგრამ ახალგაზრდა ამბიციური ბიჭია და ეს კარგიცაა. თავიდან ვერ მიხვდა, თუ რატომ შევცვალე. შემდეგ, როცა გაიაზრა, მიხვდა თავის დანაშაულს და შემდეგში მსგავსს აღარ გაიმეორებს.

- რომან ფიფიას არაერთხელ უთქვამს, თუ რომელიმე უცხოური კლუბი კარგ კონტრაქტს შესთავაზებს ჩვენს ფეხბურთელს, ხელს არ შევუშლით ტრანსფერშიო. შეიცვლება თუ არა ეს მიდგომა თქვენი ყოფნის პერიოდში და ეცდებით თუ არა ზაფხულში მაქსიმალურად ფეხბურთელთა შენარჩუნებას? უკვე გავრცელდა ხმები გიორგი ჩაკვეტაძეზე...
- კლუბის სურვილია, ჰყავდეს რაც შეიძლება ძლიერი შემადგენლობა. ფეხბურთელები თუ ჩემს რჩევას გაითვალისწინებენ, ვეტყვი, რომ სჯობს, აქ კიდევ 2-3 წელი ითამაშონ.

მოდით, პირდაპირ ვთქვათ, რომ ჩვენი ფეხბურთელები დღეს მაღალ დონეზე სათამაშოდ მზად არ არიან! მე არ ვსაუბრობ ოთარ კიტეიშვილზე. ეს ბიჭი ისე კარგად იზრდება და იმდენს აკეთებს "დინამოსთვის", თუ კარგი ევროპული კლუბიდან ექნება შემოთავაზება, ხელს ვერ შევუშლი, რადგან ის საამისოდ უკვე მზადაა. დანარჩენებმა კი კიდევ 2-3 წელი უნდა გაატარონ აქ.

გურამ კაშიაზე მოგიყვებით. 16-17 წლის იყო, ისრაელიდან რომ მიიღო შემოთავაზება. გურამს ემახსოვრება, მაგ საკითხზე სასაუბროდ ჩემთან არ მოხვიდე-მეთქი. 3-4 თვე გულდაწყვეტილი იყო, შევატყვე, მაგრამ ავუხსენი და მიხვდა. არავინ იცის, მაშინ ისრაელში რომ წასულიყო, როგორი კარიერა ექნებოდა. დღეს ის არნემის "ვიტესის" კაპიტანი და ლეგენდაა. მინდა, "დინამოს" ამჟამინდელმა ფეხბურთელებმაც დამიჯერონ...

ის ძლიერი კლუბები, რომლებიც მათ იწვევენ, ფეხბურთელებს არ ზრდიან. ისინი თანხებს გამზადებულ ფეხბურთელში იხდიან. მინდა დამიჯერონ, რომ იმ კლუბების დუბლებში თამაშს აქ, ეროვნულ ლიგაში ყოფნა სჯობს. ფსიქოლოგიურადაც კარგია: ვინმე რომ ჰკითხავთ, სად თამაშობთო, ეტყვიან, ეროვნულ ლიგაში, "დინამოს" მთავარ გუნდში და არა რომელიღაც ქვეყნის რომელიმე კლუბის დუბლებში. აქ ფეხბურთელად ჩამოყალიბდებიან, იქ კი, შესაძლოა, 1-2 ჩაგდებული მატჩის შემდეგ საერთოდ აღარ ათამაშონ.

სჯობს, დაფიქრდნენ და დარჩნენ კიდევ რამდენიმე წლით. რომ გაიზრდებიან, მერე ჩვენც შევუწყობთ ხელს, მაგრამ ჯერ არაფერი გაუკეთებიათ, სად გავუშვათ?

მაგრამ ფეხბურთელებისაც მესმის. ჩავლენ ხოლმე ევროპულ ქვეყნებში, ნახავენ ჩვენზე მაგარ სტადიონებს, გულშემატკივარს და უჩნდებათ წასვლის სურვილი. "დინამო არენაზე" რომ დადიოდეს ხალხი, ამაზე კი აღარ იფიქრებდნენ. მოდით ხალხო თამაშზე, ფეხბურთელები რომ დაგინახავენ, მეტს მოინდომებენ და უკეთაც ითამაშებენ.

- თქვენამდე "დინამოს" ვიაჩესლავ გროზნი წვრთნიდა. გროზნიმ ჩვენთან ინტერვიუში საინტერესო რამ თქვა: "დინამო" არაა მზად ჯერ ამხელა სტადიონზე ცარიელი ტრიბუნების წინ სათამაშოდ, ამიტომ რომან ფიფიას ვესაუბრე და პატარა, 7-8 000-იანი ტევადობის სტადიონის მშენებლობა ვთხოვეო. თქვენც ხომ არ გიფიქრიათ ამაზე?
- არა. ეს "დინამო არენაა" და რაც უნდა იყოს, აქ თამაში სხვა ემოციაა.

რეალურად ვიმსჯელოთ: ეკონომიკურად ქვეყანას ძალიან უჭირს და არაა ხალხი მზად, ყოველდღე იაროს მატჩებზე. წარუმატებელი შედეგის მიუხედავად, ნაკრების მატჩებზე გულშემატკივარი მრავლად დადის და ჩანს, რომ ქართველ ხალხს ფეხბურთი უყვარს. შესაძლოა, დღეს ილანძღებიან, მაგრამ ხვალ ადგებიან და მაინც მივლენ სტადიონზე.

კლუბების შემთხვევაში სხვანაირადაა საქმე. აქ უკვე ყველა შედეგს ელის. შედეგი თუ იქნება, მერე აუცილებლად მოვლენ, მაგრამ გულშემატკივარმა თავისი როლი უნდა ითამაშოს, ფეხბურთელმა - თავისი. მერწმუნეთ, როცა ფეხბურთელი 55 000 ადამიანს ხედავს ტრიბუნებზე, ის უფრო თავმოყვარე ხდება და ფიქრობს, ამდენი ხალხის წინ თავს ხომ არ შევირცხვენო და მეტადაც ცდილობს. მინდა, რომ "დინამო არენაზე" ვთამაშობდეთ და ხალხმა სტადიონზე სიარული დაიწყოს.

- კლუბის პრეზიდენტმა თქვა, "დინამოში" ისეთი ლეგიონერები მოვლენ, ყველას გაგიხარდებათო. როდის ველოდოთ მათ?
- მიდის ამ საკითხზე მუშაობა, მაგრამ არ გვსურს, ვიჩქაროთ. ლეგიონერი, რომელიც "დინამოს" მაისურს მოირგებს, აქაურს 2-3 თავით უნდა აღემატებოდეს. ამიტომ არ ვჩქარობთ.

მაგრამ ამას მხოლოდ "დინამო" არ უნდა აკეთებდეს. 4-5 კლუბს მაინც უნდა ჰყავდეს ძლიერი შემადგენლობა, ლეგიონერი. ეს ჩემპიონატს აძლიერებს. რისთვის ჩამოვიყვანოთ ლეგიონერი, თუ აქ ჩემპიონატის დონე დაბალი გვექნება?

ისე კი, პრიორიტეტს ქართველს ვანიჭებ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ლეგიონერებზე უარს ვამბობ, უბრალოდ, ჯერ აქაური რესურსის გამოყენება მსურს. კლუბში კი მხოლოდ და მხოლოდ ისეთი ლეგიონერი მოვა, ვინც თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო იქნება და ევროასპარეზზე დაგვეხმარება.

- "ლოკომოტივთან" მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე თქვით, არ არის გამორიცხული, ნიკა კაჭარავა "დინამოში" ვიხილოთო. რამდენად რეალურია ეს და თავად ნიკას თუ აქვს სურვილი საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნების?
- ნიკას დამატების სურვილი "დინამოს" ხელმძღვანელობას აქვს და გეტყვით, რომ ეს ჩემი სურვილიცაა. ნიკას "დინამოს" მაისურის მორგება ადრეც სურდა და დღესაც ასეა. "როსტოვთან" უმთავრდება მალე კონტრაქტი და ვნახოთ, რა და როგორ იქნება.

მას აქვს რამდენიმე კლუბიდან შემოთავაზება, მაგრამ არ მინდა, იჩქაროს ისევე, როგორც ეს "როსტოვის" შემთხვევაში გააკეთა. ვფიქრობ, სადმე სტაბილურად კიდევ მინიმუმ 6 თვე უნდა ითამაშოს. დღეს რომ გითხრათ, ჩემი შვილი მადრიდის "რეალში" ან "მანჩესტერ სიტიში" სათამაშოდ მზადაა, ეს იქნება ტყუილი. ამას თვითონ ნიკაც ხვდება.

საერთოდ კი, მას არა ფული, არამედ თამაში სურს. მახსოვს მისი სიტყვები, ფეხბურთისგან სიამოვნებას ვიღებო. მას ფული რომ სდომებოდა და არა თამაში, თავის დროზე "როსტოვში" დარჩებოდა და კვიპროსში არ წავიდოდა, სადაც 3-4-ჯერ ნაკლები ხელფასი აქვს.

ვნახოთ, რა იქნება. კიდევ ვამბობ, გამორიცხული არაფერია.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ბექას ვეთანხმები მეც სიამოვნებით ვუყურებ
temo
11:41 25-05-2017
0
თუ დინამოში მინიმუმ $120 მილიონი არ დაიხარჯება ეუროპული დონის ფეხბურთელებზე Dინამო ვერ ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე (როგორც ვერ თამაშობს ლონდონის არსენალი) ამას არ უნდა "დაბოლება"
კაჭარავა ამ აკადემიის დონის ფეხბურთელებისთვის და საქართველოს ჩემპიონობისთვის გამოწერილი დამრიგებელია (ალბათ თვითონაც ეცოდინება რომ მილიონიან ფეხბურთელებისტვის ის ავტორიტეტი უბრალოდ ვერ იქნება ვერასდროს)
vova
16:48 24-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული