კოლხეთი-შუქურა 0:0 - უგოლო ფრე მეკარეთა დუელში

AutoSharing Option
"შუქურას" წლეულს უკვე მესამე მწვრთნელი დაუნიშნეს. ამჯერად, ირაკლი ბალაძის ნაცვლად ამ პოსტზე ავთანდილ ნამგალაძე ვიხილეთ.

ზედიზედ მეორე შეხვედრაა, ფოთელთა შორის აღარ ჩანს კაპიტანი ლაშა გოგონაია. პირველად, მიზეზებზე ლაპარაკს ყველა ერიდებოდა და უბრალოდ, ტრავმას ასახელებდა, მაგრამ საქმე სხვაგვარად უნდა იყოს - ის არც დისკვალიფიცირებულია და არც ტრავმირებული, მაგრამ უმწვავესი საკადრო პრობლემების მიუხედავად, განაცხადში აღარ არის...

ფოთელებმა ლამის მშობლიურად ქცეული ქობულეთის სტადიონის ნაცვლად, წლეულს სამტრედიაში პირველად "უმასპინძლეს" მეტოქეს. საკადრო პრობლემების გამო გელა სანაიას კვლავ ექსპერიმენტების ჩატარება მოუხდა - შემტევი ნახევარმცველი ვლადიმირ კორობკა
მარჯვენა მცველად დააყენა, ხოლო მის ადგილზე თავდამსხმელი გიორგი ბუხაიძე გაამწესა.

ერთთვიანი პაუზის შემდეგ კოლხებს კენიელი მცველი ერიკ უმა ოტიენო დაუბრუნდათ, რომელმაც შეცვლაზე ითამაშა.

საკადრო პრობლემებმა ქობულეთელებსაც უბიძგა ცვლილებებისკენ - შემტევი ნახევარმცველობიდან მარცხენა მცველად გადაყვანილი გიგა მამულაშვილი ამჯერად მარჯვენა მცველად ვიხილეთ, ამ პოზიციიდან კი რომან ჩაჩუამ დაცვის ცენტრში გადაინაცვლა, ხოლო უკანახაზელი ბექა მახარაძე მოედნის ცენტრში საყრდენ ნახევარმცველ ლევან კუტალიას შეუწყვილდა.

ილია სტურუას საქმე ამჯერადაც საკმარისად ჰქონდა, მაგრამ ახლაც და წინა თამაშებშიც იყო ეპიზოდები, როცა გამოჩნდა - ქობულეთელთა 21 წლის კარის დარაჯს მაღალი კლასის მეკარედ ჩამოყალიბების პოტენციალი აქვს.

თამაში დაძაბულად, მაგრამ დაბალ ტემპში, უფერულად დაიწყო, თუმცა უფრო ცოცხლად გაგრძელდა და მომენტებიც საკმაოდ შეიქმნა. ფოთელები ბევრად უფრო საინტერესოდ თამაშობდნენ და საერთო ჯამში, მეტოქეზე უკეთაც გამოიყურებოდნენ.

საეჭვოა, არფანგ დაფე აუტსაიდერ გუნდში დიდხანს გააჩერონ. სენეგალელი ეფექტურიც არის, ტექნიკურიც და წამითაც არ ჩერდება. ძალიან კარგია მეკარე სტეპან სიკაჩიც.

კოლხებს ტრავმირებული ოტიენოც დაუბრუნდათ, ცოტა ამოისუნთქეს და მათ თამაშში რაღაც იმედის მაგვარი გამოჩნდა. ეგაა, ამჯერად პასიური იყო მიკოლა კოვტალიუკი და შეტევაშიც ბევრი არაფერი გამოდიოდა.

ქობულეთელებს უფრო მეტი პრობლემა აქვთ, გუნდი დასალაგებელია, რაც ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ამჯერად კი, შანსებით ვერც ოდნავ უკეთესმა ისარგებლა და ვერც - ოდნავ უარესმა. გუნდები ფრეზე უსიამოვნო პერსპექტივით გაიყარნენ. შესაბამისად, თამაში მკვეთრად თუ არ გააუმჯობესეს, "გაფრენა" გაუჭირდებათ.

მატჩის სტენოგრამა
6' - მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში შალამბერიძე შეიჭრა და კარის წინ გურულს უპასა, მაგრამ მან ბურთს ვერ მიუსწრო.
16' - დაფემ მარცხენა ფლანგიდან კარის წინ ჯანელიძე შენიშნა, რომელსაც ჭეჟია და ჩაჩუა ერთად გადაეფარნენ და არ გაატანინეს, კოვტალიუკის დამატებულზე კი ქობულეთელთა მეკარე სტურუამ სასწაული რეაქცია გამოავლინა და გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა.
21' - ბუხაიძის დარტყმა და სტურუა ბურთს ეფექტური ნახტომით იგერიებს.
26' - კერძევაძის ძლიერი დარტყმა და ბურთი მცირედით სცდება კარს.
31' - კერძევაძის მორიგ შეტევას საჯარიმოს ხაზთან მცველი გადაეფარა - ფოთელები უშედეგოდ ითხოვენ პენალტს...
34' - "კოლხეთის" მომენტი! კოვტალიუკმა კარის წინ კაკულიას უპასა, მაგრამ ამ უკანასკნელს ბურთი ცუდად აუხტა, კარს ააცილა და 100-პროცენტიანი მომენტით ვერ ისარგებლა.
35' - კლიმიაშვილის დარტყმა. სიკაჩი საიმედოა.
44' - დაფეს დარტყმის შემდეგ ბურთი კალანდაძეს მოხვდა და მიმართულება შეიცვალა. საწინააღმდეგო მხარეს დაძრულმა სტურუამ რეაგირება მაინც მოასწრო და ბურთი კუთხურზე მოიგერია.
45' - ფოთელებმა "სტანდარტი" არასტანდარტულად გაითამაშეს. კარში ძლიერად ისევ კერძევაძემ დაარტყა და ააცილა.
48' - ჯარიმა. ბოლქვაძის დარტყმულ ბურთს სტურუა ადგილზე ხვდება.
56' - გურულის უძლიერესი დარტყმა საჯარიმოს ხაზიდან და სიკაჩი ბურთს "ცხრიანიდან" ხსნის.
68' - კერძევაძე ისევ შორიდან ცდილობს კარის აღებას, მაგრამ ამჯერადაც უშედეგოდ.
76' - ისევ სიკაჩი! შალამბერიძის კარგი გადაცემის შემდეგ კარის წინ კუტალია აღმოჩნდა და ვარდნაში ორიოდე მეტრიდან დაარტყა. მოლდოველმა მეკარემ კოლხები გადაარჩინა!
80' - ვარლამ კილასონიას დარტყმული სცდება მიზანს.
82' - ჟიშკარიანის ფლანგური გადაცემის შემდეგ კარის წინ უმეთვალყურეოდ დარჩენილი დაფე ურტყამს, მაგრამ უშედეგოდ.

ეროვნული ლიგა. XIII ტური
20.05. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე"
კოლხეთი-შუქურა 0:0
კოლხეთი (4-2-3-1): სიკაჩი - კორობკა, გ. კილასონია, ვ. კილასონია, ლ. კაკულია (78. ოტიენო) - ბოლქვაძე, შ. კერძევაძე - ბუხაიძე (61. ჟიშკარიანი), ჯანელიძე, დაფე - კოვტალიუკი.
სათადარიგოები: შერმადინი, ლუკავა, ნოდია, ლ. მახარაძე, ა. კვარაცხელია
მწვრთნელი: გელა სანაია
შუქურა (4-2-3-1): ი. სტურუა - მამულაშვილი, ჭეჟია, ჩაჩუა, კალანდაძე - ბ. მახარაძე, კლიმიაშვილი - დაგარგულია (66. ართმელაძე), კუტალია, ს. გურული (87. ჭეჭელაშვილი) - შალამბერიძე (90. ცეცხლაძე).
სათადარიგოები: კამინსკი, მალაზონია, კლეცკოვი, რუდნიცკი
მწვრთნელი: ავთანდილ ნამგალაძე
გაფრთხილებები: კუტალია (45), ჭეჟია (47), მახარაძე (71), ჟიშკარიანი (87)
არბიტრი: ბ. ნინუა.

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 11
ბ. არაბული (დინამო თბ) 8
მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 8
მ. კოვტალიუკი (კოლხეთი) 7

მომდევნო ტური
23 მაისი
ლოკომოტივი-კოლხეთი 18:00
დილა-ტორპედო 20:00

24 მაისი
ჩიხურა-დინამო (თბ) 16:00
შუქურა-დინამო (ბთ) 18:00
სამტრედია-საბურთალო 18:00.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
4/4/2 სქემით ათამაშე გუნდი .იქნებ გამოვიდეს რამე, სირბილი არ უნდათ, ბრძოლა და მხოლოდ ბრძოლით დაიდება ის შედეგი რომელიც გაგვახარებს კოლხეთის გულშემატკივარს
fani
18:47 22-05-2017
0

სიახლეები პოპულარული