[ოთხშაბათის საკითხავი] ასე დაბრუნდება ხალხი სტადიონზე

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატს ხშირად ვაკრიტიკებთ ხოლმე, მაგრამ ჩვენს პირველობაზე, ახალი ფორმატით რომ ტარდება, დადებითი ამბებიც გამოერევა. და მაინც, თუ მაყურებელი არ დაუბრუნდა ქართულ სტადიონებს, წყალშია ჩაყრილი ყველას შრომა - ფეხბურთის ფედერაციის, ჩვენიც და იმ ხალხისაც, ჩუმად, უხმაუროდ რომ აკეთებს ქართული ფეხბურთისთვის კარგ საქმეებს...

საკითხი, რომელიც ჩვენი წერილის სათაურში დავსვით, ძალიან აქტუალურია. ბევრი მიიჩნევს, რომ ეს ეტაპობრივად უნდა მოხდეს, ანუ - საფეხბურთო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პარალელურად.

რა თქმა უნდა, არ ვართ პესიმისტები, მაგრამ ყველა დაგვეთანხმება: ბევრი წყალი ჩაივლის მანამ, სანამ ჩვენი საფეხბურთო ინფრასტრუქტურა
თუნდაც საშუალოევროპულს გაუთანაბრდება. გამოდის, რომ მანამდე უნდა ვიღონოთ რაღაც ისეთი, რაც ხალხის გარკვეულ ნაწილს მაინც მოახედებს სტადიონებისკენ...

რა შეიძლება იყოს ეს? რა თქმა უნდა, იმ ქართველი ლეგიონერების სამშობლოში დაბრუნება, რომელთაც სხვადასხვა მიზეზის გამო მაინცდამაინც კარგად არ მისდით საქმე თავიანთ უცხოურ კლუბებში, ან სულაც უგუნდოდ არიან.

პირველი ნაბიჯი ამ კუთხით უკვე გადადგმულია. თბილისის "ლოკომოტივმა", 10-წლიანი განშორების შემდეგ, სამშობლოში დააბრუნა ლევან ყენია.

- დაბრუნება 9 წლის შემდეგ - ლევან ყენიას ახალი მოტივაცია

კვირას მას "ლოკომოტივი"-"საბურთალოს" მატჩისას გავესაუბრე. როგორც ჩანს, მაშინ ეს ამბავი ჯერაც არ იყო საბოლოოდ გადაწყვეტილი და ლევანმა არ მიპასუხა კითხვაზე - ხომ არ ჰქონდა შეთავაზება რომელიმე ქართული კლუბისგან?..

ფაქტია - ამ მოკლე პერიოდში "ლოკომოტივის" ხელმძღვანელობამ ძალიან კარგად იმუშავა და გააკეთა ის, რასაც ბევრი ქართული კლუბის შეფობა ვერ აკეთებს. ტრავმებით გაცდენილი დიდი პერიოდის მიუხედავად, ყენია მაინც არ არის რიგითი ქართველი ფეხბურთელი და ფაქტია, სამშობლოში მის დაბრუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდებოდა...

სამმაგი სარგებელი
ყენიას დაბრუნება რამდენიმე ფაქტორის გამო არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის ახლა იმ ასაკშია, როცა ჯერ კიდევ შეუძლია, ბევრი რამ დაამტკიცოს. თანამედროვე ფეხბურთი ისეთი რამეა, დიახაც, გამუდმებით უნდა ამტკიცო საკუთარი შესაძლებლობები. ბოლო, თითქმის ერთი წლის განმავლობაში, ლევანი ამას ვერაფრით გააკეთებდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ტრავმირებული იყო...

საქართველოს ჩემპიონატი ლევანისთვის კარგი საშუალება უნდა იყოს იმისთვის, რომ საკუთარი თამაშით კვლავ შეახსენოს თავი გულშემატკივარს. მერე კი, თუ საამისო დრო და მომენტი მოვა, წელგამართულმა მიაშუროს უცხოეთს.

ყენიას დაბრუნება უმნიშვნელოვანესი მომენტია "ლოკომოტივისთვისაც". წარმოიდგინეთ, რამდენი რამ შეუძლია ასწავლოს ახალგაზრდა პარტნიორებს - მან ხომ ბუნდესლიგაში ითამაშა, მერე კი ქართული საზომებით ნორმალური ევროპული კარიერა ჰქონდა.

გლობალურად თუ შევხედავთ, ყენიას დაბრუნება ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი საკლუბო ფეხბურთისა და იმ მეტად მტკივნეული თემისთვის, რომელიც ჩვენი წერილის დასაწყისში წამოვწიეთ წინა პლანზე...

ბოლო დროს "ლოკომოტივის" მატჩებზე იმაზე მეტი ხალხი დადის, ადრე რომ დადიოდა. რა თქმა უნდა, ამის მიზეზი გუნდის კარგი თამაშიცაა. "ლოკომ" შექმნა ფანკლუბი და გულშემატკივრები ენერგიულად ქომაგობენ გუნდს მთელი შეხვედრის განმავლობაში...

და მაინც, ჩვენი ღრმა რწმენით, ეს მაინც არ არის ის რაოდენობა, რომელიც კლუბის ხელმძღვანელობას სურს, რომ საკუთარი გუნდის თამაშზე იხილოს. ქართული ფეხბურთი ისეთი ფენომენია, ხელაღებით რაიმეს წინასწარმეტყველება ძალიან ჭირს, მაგრამ მზად ვარ, გავრისკო და დავწერო - მას შემდეგ, რაც ყენია მინდორზე დაბრუნდება, "ლოკომოტივის" მატჩებზე მაყურებელი ერთიორად მოიმატებს.

დარწმუნებული ვარ, გიორგი დევდარიანის გაწვრთნილი გუნდის თამაშებზე ის ხალხიც მივა, უშუალოდ "ლოკომოტივის" ქომაგი რომ არაა. ეს კი უკვე ძალიან კარგი ტენდენცია იქნება...

კიდევ ცხრა ყენია არ გვყავს, მაგრამ...
ზემოთქმულიდან გამომდინარე, კარგი იქნება, თუ "ლოკომოტივის" მაგალითს სხვა ქართული გუნდებიც მიბაძავენ. ბუნებრივია, სამყაროში არ არსებობს კიდევ ცხრა ლევან ყენია, მაგრამ არის არაერთი ქართველი ფეხბურთელი, ვინც სხვადასხვა მიზეზის გამო უქმობს ან უცხოეთში საქმე მაინცდამაინც კარგად ვერ მისდის. ჩემი აზრით, სამშობლოში მათი დაბრუნება ურიგო სულაც არ იქნებოდა.

რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ სადღეისოდ საქართველოს ჩემპიონატში არ დაბრუნებიან ის ფეხბურთელები, რომლებიც ჰოლანდიისა და იტალიის უმაღლეს ლიგებში, თუნდაც ესპანეთისა და საფრანგეთის მეორე დივიზიონებში, სხვა ევროპული ქვეყნების ტოპ-ლიგებში თამაშობენ, მაგრამ არის კონტინგენტი, რომელთანაც ნამდვილად შეიძლება ნიადაგის მოსინჯვა.

მაგალითისთვის რომან ჭანტურია ავიღოთ. მისი "ოლიანენშე" პორტუგალიის რანგით მეორე ლიგიდან გავარდა. რომანს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია. ვიცი, რა შეუძლია მას და პირდაპირ შემიძლია დავწერო - ის შესანიშნავი შენაძენი იქნებოდა ნებისმიერი ქართული კლუბისთვის!

იგივე შეიძლება ითქვას ირაკლი შეყილაძეზეც. როგორც ჭანტურიამ, მანაც არაერთი წელიწადი გაატარა "ემპოლიში" და ძალიან კარგად იცის, რა არის ევროპული, კერძოდ - იტალიური ფეხბურთი. ამ დროისთვის, შეყილაძე იტალიის დაბალ ლიგაში მოასპარეზე "ტუტოკუოიოს" ღირსებას იცავს.

რატომ არ შეიძლება, იმ ფეხბურთელების სამშობლოში დაბრუნებაზეც ვიფიქროთ, რომლებიც დღეს კვიპროსის ჩემპიონატში თამაშობენ? კონტინგენტი კი მართლაც მიმზიდველია. აქეთ ნიკა კაჭარავა, იქით გიორგი ილურიძე, ირაკლი მაისურაძე...

კარგად გვესმის, რომ თუნდაც კაჭარავასთვის, ვისაც ძალიან ხშირად გააქვს გოლები და საქართველოს ნაკრებშიც წარმატებით ითამაშა, სამშობლოში დაბრუნება შეიძლება აღქმული იქნას, როგორც უკან გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ ეს შეიძლება მოხდეს თუნდაც დროებით, ანუ იმ გუნდში, რომელიც ევროტურნირებზე ითამაშებს. თუნდაც იმ "დინამოში", რომელსაც ნიკას მამა - კახა კაჭარავა წვრთნის...

პოლონეთში საკმარისად ვერ თამაშობს ნიკა ძალამიძე. ბუნებრივია, მას დიდი ამბიციები აქვს, მაგრამ რატომ არ შეიძლება, თუნდაც მცირე ხნით დაბრუნდეს საქართველოში?! აქ ის თავს გუნდის ლიდერად იგრძნობს და მერე ისევ შეუტევს უცხოურ სიმაღლეებს.

რატომ არ შეიძლება, ირაკლი სირბილაძის სამშობლოში დაბრუნება ვცადოთ? წლების განმავლობაში ის შეეჩვია ფინეთს, მაგრამ ვეჭვობთ, საბოლოოდ იქ აპირებდეს დამკვიდრებას. რომელი ქართული კლუბისთვის იქნება ზედმეტი მისი საგოლე ალღო?

საიდანაც გინდა, იქიდან მიუდექი - კომფორტი და აწყობილი საფეხბურთო ინფრასტრუქტურა კარგია, მაგრამ მაყურებელი სტადიონზე მაინც ფეხბურთის (და ფეხბურთელების) ხარისხს მიჰყავს. იმ მოთამაშეებს კი, ზემოთ რომ ჩამოვთვალეთ, შეუძლიათ, საქართველოს ჩემპიონატი უკეთესი გახადონ.

რაც მთავარია, არ გვგონია, საქართველოში მათ ჩამოსაყვანად ჩვენს კლუბებს კოლოსალური თანხის დახარჯვა დასჭირდეთ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
მართალია სამუშაო საათებში და სამუშაო დღეებში არ უნდა ტარდებოდეს მატჩები,ამის გამო ვერ ვახერხებ მისვლას სტადიონზე.
kika
15:26 18-05-2017
0
dato

პრობლემა იმაშია რომ რეგიონებში მაყურებელთა 40-50% სოფლებიდან არიან და როდესაც გვიან საღამოს მატჩი იგეგმება, ამ მოქალაქეებს არ აქვთ საშუალება სოფელში ტაქსით დაბრუნდნენ ხოლო სამარშრუტო ავტობუსები უკვე 7 საათისათვის არ აკეთებენ მეტ რეისებს.შესაბამისად ვერ ბედავს ადამიანი წამოსვლას.
სამტრედიაში რომ ახალ სტადიონზე (თუკი ოდესმე აშენდა ასეთი მცირე დასწრების გამო) დადგამენ განათებით და 21 საათზე ჩატარებენ მატჩს, იმ მატჩს ისევ 500-700 კაცი დაესწრება და მეტი არა. ამიტომაც ტრანსპორტის თემა მუდმივია და ის გადასაჭრელია არა მარტო ფეხბურთისათვის არამედ საერთოდ ადამიანთა მოძრაობისათვის.
Jango
13:34 18-05-2017
0

სიახლეები პოპულარული