"მონათმფლობელი ხომ არ ვარ, ჩემი საქმე მათი ჯანმრთელობის ხარჯზე გავაკეთო?!"

AutoSharing Option
13 მაისს ქობულეთის "ჩელე არენაზე" მომხდარის გამო ფოთის "კოლხეთი" კრიტიკის ობიექტი გახდა. შეგახსენებთ, რომ კოლხები ქუთაისის "ტორპედოსთან" (0:3) 10 კაცის ამარა დარჩნენ, რადგან სათადარიგოთა სკამზე მხოლოდ მეკარე ნიკა შერმადინი ჰყავდათ. მიზეზად - ტრავმირებულთა და დისკვალიფიცირებულთა სიმრავლე დასახელდა, მაგრამ მაინც გაუგებარი დარჩა, 19-წლამდელთა გუნდიდან მოთამაშეები რატომ არ დაიმატეს?

- კოლხეთი-ტორპედო 0:3 - კოლხების გასაჭირი და კაპანაძის სუპერგოლი [VIDEO]

აქამდე დაუზუსტებელი ცნობით, ფოთელებს ეკიპირებისთვის ფული არ აღმოაჩნდათ. ეს ინფორმაცია კლუბის დირექტორმა თემურ ბარქაიამ "ლელოსთან" კატეგორიულად უარყო.

"მაისურები არაფერ შუაში იყო. ელემენტარულად, მოთამაშეთა
დამატება ფიზიკურად ვერ მოხერხდა. ყველამ იცის, რომ დისკვალიფიკაციისა და ტრავმების გამო "კოლხეთს" ვერ ეხმარებოდნენ ოტიენო, კოვტალიუკი, ენდელაძე, ჟიშკარიანი, ქებურია, კვარაცხელია და გოგონაია.

ყველას დაავიწყდა, რომ 19-წლამდელებიდან ორ მოთამაშეს, შალიკაშვილსა და კოკაიას, შარშანდელიდან მოყოლებული, სისტემატურად ვიმატებთ. მაგრამ ახლა ეს ორი ახალგაზრდაც დაშავებული გვყავდა, რაც ყველას გამორჩა...

კარგად მესმის, რომ ამის მიუხედავად, ბევრისთვის მაინც გაუგებარი დარჩა, ასაკობრივი გუნდების მოთამაშეები რატომ არ დავიმატეთ. ამიტომ ამაზეც უნდა ვთქვა - რეალურად, 19-წლამდელთა გუნდში პატარა ბიჭები გვყავს და ისინი ორ ასაკობრივ ჩემპიონატში თამაშობენ - 17 და 19-წლამდელებში. ეს იმ ჩავარდნის შედეგია, რაც წლების წინათ ფოთის ბავშვთა ფეხბურთში იყო და ახლა იჩინა თავი.

რეალურად, ბევრი ფეხბურთელი არც გვყავს და იძულებულები ვართ, ერთი და იგივე ბავშვები ორ ტურნირში გამოვიყვანოთ. მათ კი "ტორპედოსთან" მატჩის წინა დღეს ტური ჰქონდათ და მონათმფლობელი ხომ არ ვარ, ჩემი საქმე მათი ჯანმრთელობის ხარჯზე გავაკეთო?! მით უფრო, რომ სამი მოთამაშე განაცხადში შეგვყავდა და ვფიქრობდით, რომ ამჯერად ფონს ასე გავიდოდით.

მაგრამ თამაშამდე ერთი საათით ადრე კვარაცხელიას ტემპერატურამ აუწია, "ჩელე არენაზე" ჟიშკარიანს ისევ კუნთი დაეჭიმა, გოგონაიასთან დაკავშირებით კი გარკვეული პრობლემები შეიქმნა. სამწუხაროდ, ასეთ კატასტროფულ მდგომარეობაში მოულოდნელად აღმოვჩნდით და ამის გამო განაცხადში ვინმეს შეყვანას ვეღარ ვახერხებდით. ფოთიდან რომ გამოგვეძახა ფეხბურთელები, ამისთვისაც ხომ დრო იქნებოდა საჭირო?

იქნებ ვინმე ფიქრობს, რომ მოთამაშეები გვყავდა და დავმალეთ?! იმედია, ეს კითხვები ამ განმარტების შემდეგ აღარ დაიბადება. ისე, რომ იცოდეთ, "ტორპედოსთან" კილასონია და დაფეც დაშავდნენ. რაც მთავარია, არც ერთს ბრძოლაში არ მიუღია ტრავმა... ჩვენი ტრავმირებული მოთამაშეების 90 პროცენტი ანალოგიური მიზეზით ისვენებს", - ამბობს ბარქაია.

ფოთელთა დირექტორის თქმით, "კოლხეთი" საშინაო არენას იცვლის:

"ქობულეთელებს და პირადად რევაზ ჩელებაძეს უდიდეს მადლობას გადავუხდი, რომ ეს უსტადიონო გუნდი გაჭირვებისას შეგვიფარა და უსასყიდლოდ გვათამაშა. ეს არის სოლიდარობის საუკეთესო მაგალითი! მაგრამ შემდეგი ტურის მატჩში "შუქურას" სამტრედიაში, "ეროსი მანჯგალაძეზე" მივიღებთ. ჩვენთვის ქალაქიდან ქალაქში ეს მოგზაურობა იოლი არ არის, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. ალბათ, უახლოეს ტურებსაც სამტრედიაში ჩავატარებთ".

ბუნებრივია, დავინტერესდით, რატომ ვეღარ თამაშობს "კოლხეთი" მორაგბეთა სტადიონზე. ბარქაიამ უარყო ხმები, თითქოს, იქ არ უშვებენ:

"რაგბის სტადიონზე ჯერ თავად მორაგბეები ვერ შედიან, რადგან მოედნის საფარი ახალი დათესილია და იქ თამაში არ შეიძლება. მორაგბეები რომ არ გვეხმარებოდნენ, "პარკი არენის" ხელოვნურ საფარზე ვინ გვავარჯიშებდა? იმედი გვაქვს, ფოთში დაბრუნებას ჩემპიონატის მეორე ნახევარში მაინც შევძლებთ".

ფოთელთა დირექტორის თქმით, მალე გუნდში სერიოზული საკადრო ცვლილებები დაიწყება:

"ეს აუცილებლად მოხდება. რამდენიმე ახალგაზრდასა და ლეგიონერს დავიმატებთ. "კოლხეთში" მხოლოდ ისინი ითამაშებენ, რომლებიც მოედანზე გულით და სულით გადიან და შეგნებული აქვთ, რას ნიშნავს უპირველეს ქართულ გუნდში თამაში. ხოლო, ვინც საქმეს ზერელედ ეკიდება, მისი ადგილი ჩვენთან აღარ იქნება, ვინც უნდა იყოს ის...

რაც შეეხება ლეგიონერებს, ერთი უკვე ჩამოვიდა - სენეგალელი საყრდენი ნახევარმცველი მამადუ, რომელიც ბოლოს საფრანგეთის დაბალი ლიგის კლუბში თამაშობდა. საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციიდან მის სატრანსფერო ფურცელს ველოდებით.

მამადუს გარდა, კიდევ ორი აფრიკელი ჩამოვა, რომლებიც თავიანთი ქვეყნების ასაკობრივი ნაკრებების მოქმედი წევრები არიან. ერთი ცენტრალური ნახევარმცველია, ხოლო მეორე - მარჯვენა მცველი.

საერთოდ, პრობლემებისა და ქალაქიდან ქალაქში მოგზაურობის მიუხედავად, ჩვენ გვაქვს იმის ძალა და უნარი, რომ ეს კრიზისი დავძლიოთ და მთავარ ლიგაში დავრჩებით. აუცილებლად დავრჩებით კიდეც".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
არასწორი მენეჯმენტის ბრალია,ბარქაია არ ვარგა დირექტორად,არ იცის ეს საქმე,გარდა ამისა არა მისი სიტყვის პატორნი.
თენგიზ გაგუა
12:06 06-09-2017
0
არაფელი არ გამოუა ფოტი განცირულია
gia.
18:13 18-05-2017
0

სიახლეები პოპულარული