სამტრედია-დინამო (ბთ) 2:0 - "სამტრედიამ" ნავსი გატეხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"სამტრედიამ" ნავსი გატეხა და გასვლაზე მოგებული 6 მატჩის შემდეგ, როგორც იქნა, საკუთარ არენაზეც გაიმარჯვა.

თუმცა, პარადოქსია, რომ წლეულს, როცა გუნდი ჩემპიონის რანგში თამაშობს, "ეროსი მანჯგალაძე" არ ივსება. ამჯერადაც ასე იყო - ქალაქის მთავარ არენაზე 1200-1400 ადამიანი თუ შეიკრიბა. სხვა ქალაქში ეს კარგი სტატისტიკა იქნებოდა, მაგრამ არა - სამტრედიაში, სადაც პირველ ლიგაშიც კი გუნდს 2-3 ათასი ადამიანი ქომაგობდა.

სეზონის დასაწყისში "სამტრედიას" არც ისე კარგი თამაშის გამო მაყურებლის მხრიდან იგნორირება კიდევ გასაგები იყო, მაგრამ ახლა, როცა გუნდმა თამაში გამოასწორა, ნახევრად ცარიელი ტრიბუნები
აუხსნელია. თუმცა, ბოლოდროინდელი შედეგები აჩენს იმედს, რომ "სამტრედია" გულშემატკივარს დაიბრუნებს.

თამაში საკმაოდ მაღალ ტემპში, სანახაობრივად წარიმართა და ბევრი საგოლე მომენტიც შეიქმნა - ძირითადად, ამას მასპინძლები ახერხებდნენ. ისინი თავიდანვე ფლობდნენ უპირატესობას და ეს საბოლოოდ შედეგშიც ასახეს.

აქვე ისიც ვთქვათ, რომ ბათუმელებს გოლი არ ჩაუთვალეს: იაროსლავ კვასოვის გადაცემისას მეკარესთან პირისპირ დარჩენილი თემურ შონია ხაზზე იდგა, მაგრამ ლაინსმენმა თამაშგარე დააფიქსირა...

თუმცა, სამტრედიელებმა მაინც დამსახურებულად გაიმარჯვეს და მეორე ადგილზე აღზევდნენ. ისე ჩანს, რომ ჩემპიონი კრიზისიდან გამოდის და შარშანდელ ეფექტურობას იბრუნებს. გია ცეცაძის გუნდის მოსულიერება ისევ ჩემპიონატს წაადგება - მეტი ძლიერი გუნდი გაზრდილ კონკურენციასა და დამატებით ინტრიგას ნიშნავს.

მატჩის სტენოგრამა
9' - ტვილდიანის კარგი გადაცემის შემდეგ კარში კვასოვმა დაარტყა და მასპინძლები მეკარე მიგინეიშვილმა გადაარჩინა.
14' - ტაკიძე გამოსვლაზე შეცდა და ჯიქიამ შორიდან სცადა გატანა, მაგრამ მცველმა ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა. მომენტი გაგრძელდა და ჯიქია, მგელაძესთან ორთაბრძოლაში, საჯარიმოში წაიქცა. მასპინძლები პენალტს ითხოვდნენ, მაგრამ უშედეგოდ.
17' - ჩაგელიშვილი მარცხენა ფლანგზე მცველს გაექცა და საჯარიმოში რაჟამაშვილი მოძებნა, რომელმაც ახლო მანძილიდან რეალური მომენტი გაანიავა.
21' - მანჯგალაძემ ჯარიმა მახვილი კუთხიდან შეასრულა და ბურთი კარში გაუშვა. ტაკიძემ გუნდი გადაარჩინა.
28' - ჯიქიამ ვარდნაში ეფექტურად უპასა ახალაძეს, რომელმაც დაუხანებლად დაარტყა და ოდნავ ააცილა მიზანს.
33' - ჯიქიამ მეკარესთან პირისპირ დატოვა ჩაგელიშვილი, მაგრამ მომენტი კვირკველიამ განმუხტა.
53' - გოლი! ბერიაშვილმა მშვენიერი პასით დაცვა უცებ დაშალა, დათუნაიშვილი დასარტყმელ პოზიციაზე დატოვა და სამტრედიელთა კაპიტანმა ანგარიში გახსნა - 1:0!
57' - ისევ გოლი! მანჯგალაძემ ჯარიმიდან მშვენივრად "მოჭრა" ბურთი და - 2:0!
67' - შონია საჯარიმოში ჯიქიასთან ორთაბრძოლისას წაიქცა და სტუმრები პენალტს ითხოვდნენ, მაგრამ უშედეგოდ.
69' - კენედის მშვენიერი გადაცემით კარის წინ დარჩა კვასოვი, რომელიც დროულად ვერ გაერკვა სიტუაციაში და მიგინეიშვილმა ვითარება განმუხტა.
72' - ისევ ჯიქიამ ითამაშა შესანიშნავად! მისი მშვენიერი პასით კარის წინ მარტო დარჩა ბელოვი, მაგრამ თავური მიზანს ასცდა.
78' - მთივლიშვილის მშვენიერი ფლანგური გადაცემა ბელოვის მისამართით, მაგრამ რუს ლეგიონერს კვლავ ვერ გააქვს.
81' - სამტრედიელ მცველებს "ჩაეძინათ" და უმეთვალყურეოდ დარჩენილმა კვასოვმა არაზუსტად დაარტყა.
86' - ტვილდიანი დაშავდა და რადგან სტუმრებს სამივე შეცვლის უფლება გამოყენებული ჰქონდათ, მოედანზე 10 კაცით დარჩნენ.
88' - ფონიავა საჯარიმოში შეიჭრა და მცველთან შეჯახების შემდეგ დაეცა - სტუმრებს პენალტის მოთხოვნა ამჯერადაც არ დაუკმაყოფილეს.
89' - ბელოვმა საჯარიმოს ხაზიდან უცნაური ტრაექტორიით ჩაახვია ბურთი, რომელიც ტაკიძემ "ცხრიანიდან" მოხსნა.
90+4' - კენედის ძლიერი დარტყმა მიგინეიშვილმა მოიგერია და მასპინძლები გადაარჩინა!

ეროვნული ლიგა. XII ტური

14.05. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე"
სამტრედია-დინამო (ბთ) 2:0
1:0 დათუნაიშვილი (53. ბერიაშვილის პასით), 2:0 მანჯგალაძე (57)
სამტრედია (4-2-3-1): მიგინეიშვილი - მჭედლიშვილი, სანდოხაძე, გოგიაშვილი, ახალაძე (56. მთივლიშვილი) - მანჯგალაძე, დათუნაიშვილი - რაჟამაშვილი, ჩაგელიშვილი (71. ბელოვი), ჯიქია - ბერიაშვილი (82. მარკოზაშვილი).

სათადარიგოები: დაუშვილი, კასრაძე, სუხომლინოვი, სამუშია
მწვრთნელი: გია ცეცაძე
დინამო ბთ (4-2-3-1): ტაკიძე - ფარტენაძე, მგელაძე, კვირკველია, სუხიაშვილი (46. ფონიავა) - შონია, გოგიტიძე (82. ვარშანიძე) - ტვილდიანი, კენედი, ვ. თევდორაძე (58. კვანტალიანი) - კვასოვი.
სათადარიგოები: შოვნაძე, ქორიძე, გორელიშვილი
მწვრთნელი: ლევან ხომერიკი
გაფრთხილება: შონია (31), კენედი (60), რაჟამაშვილი (77), კვირკველია (82), ბელოვი (85)
არბიტრი: ჯ. ხორავა

ბომბარდირები

ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 11
მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 8
მ. კოვტალიუკი (კოლხეთი) 7
ბ. არაბული (დინამო თბ) 6
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 6

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
დათო ზასტაველი 600 - 650 არა, 20-30 კაცი იქნებოდა =))))
FCSAMTREDIA
23:36 15-05-2017
0
დაიცალა ქალაქი და ეგ არი მიზეზი.. ლუკმა პურის საშოვნელად.. სამტრედიას კარგი გუნდი ყავს და კიდევ უპრო კარგი ეყოლება.. წარმატებები სამტრდიას..
sopo
18:42 15-05-2017
0

სიახლეები პოპულარული