კოლხეთი-ტორპედო 0:3 - კოლხების გასაჭირი და კაპანაძის სუპერგოლი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეს იყო უნიკალური შემთხვევა, როცა ერთ-ერთ გუნდს სათადარიგოთა სკამზე მოთამაშე არ ჰყავდა. საკადრო პრობლემების გამო ფოთელთა რეზერვში მხოლოდ მეკარე ნიკა შერმადინი იჯდა.

რომელიმე მოთამაშე რომ დაშავებულიყო, გელა სანაია ვერ შეცვლიდა. დისკვალიფიცირებულები იყვნენ ბომბარდირი მიკოლა კოვტალიუკი, ასევე - ავთო ენდელაძე და თამაზ ჟიშკარიანი, ხოლო ცოტნე ქებურია, ერიკ უმა ოტიენო, ალექსანდრე კვარაცხელია და ლაშა გოგონაია ტრავმირებულები არიან.

აღმოჩნდა, რომ მათ იმ 4 მოთამაშის დამატებაც ვერ შეძლეს, რისი უფლებაც 19-წლამდელთა გუნდიდან ჰქონდათ. მიზეზი ფინანსები აღმოჩნდა - კლუბს ზედმეტი ეკიპირების ფული არ აღმოაჩნდა...

სხვათა
შორის, თამაშის დროს გიორგი ბუხაიძე დაშავდა, მაგრამ გასვლა არც უცდია, რადგან იცოდა, რომ გუნდს კაცნაკლულს დატოვებდა. მაგრამ 88-ე წუთზე დაშავდა და მოედნის დატოვება მოუხდა არფანგ დაფეს. ასე რომ, კოლხები მაინც 10 კაცით დარჩნენ. უხარისხო მოედანმა დაფეს ფეხი ისე ატკინა, პირდაპირ სათადარიგოთა სკამისკენ წავიდა...

ამ ყველაფრის მიუხედავად, რაც უნდა უცნაური იყოს, თავიდან სანაიას გუნდი მეტოქეს არაფერს უთმობდა და საკმაოდ მწვავედაც უტევდა, მაგრამ "ტორპედოს" კართან რეალური საგოლე მომენტი არ შექმნილა, მალე კი უპირატესობა ქუთაისელთა ხელში გადავიდა, რომელთაგან განსაკუთრებით მარჯვენა ფლანგის მოთამაშეები - გრიგოლ დოლიძე და დავით ხურცილავა აქტიურობდნენ.

პირველი გოლი სწორედ ხურცილავას ჩაწოდებას მოჰყვა, თორნიკე კაპანაძემ კი "მაკრატელათი" დასცხო და ანგარიში გახსნა. ისეთი გოლი იყო, უმაღლესი რანგის ვარსკვლავიც რომ მოაწერდა ხელს...

რეალურად, თამაში პირველი ტაიმის ბოლოს, ქუთაისელთა მეორე გოლის შემდეგ "დასრულდა". კოლხებმა ბრძოლა ფორმალურადღა გააგრძელეს. მართალია, უტევდნენ და გატანასაც ცდილობდნენ, მაგრამ თამაშის გადარჩენის იმედი რომ არ ჰქონდათ, აშკარად ჩანდა. ქუთაისელებმა კი ბადე მესამეც შეარხიეს და მერე თავი აღარც მათ მოუკლავთ.

დასანანია, რომ გარდამავალი ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გუნდი, ფოთის "კოლხეთი 1913", მიმდინარე სეზონში აუტსაიდერად გადაიქცა.

მატჩის სტენოგრამა
14' - ჯარიმა ბოლქვაძემ შეასრულა. ბურთი კარში წავიდა, მაგრამ მეკარე კვასხვაძე ადგილზე აღმოჩნდა.
23' - დოლიძემ ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც კაპანაძე ხელსაყრელ პოზიციაში იყო, მაგრამ ბურთი დროულად ვერ დაამუშავა, შოთა კერძევაძეც გადაეფარა და... იერიში ჩაიშალა.
25' - ფლანგიდან დოლიძემ პირდაპირ კარში დაარტყა და სიკაჩმა ბურთი დაამიწა.
28' - გოლი-შედევრი! ხურცილავას ფლანგური ჩაწოდების შემდეგ კაპანაძემ ბურთი მიწაზე დაუშვებლად, ნახევარბრუნით დაარტყა და ულამაზესი გოლი გაიტანა!
40' - შეტევაში ჩაერთო ქიმაძე და ბურთი მახვილი კუთხიდან "მოჭრა", მაგრამ ბადე მხოლოდ გარედან შეარხია.
41' - რეალური საგოლე მომენტი! დოლიძემ კარის წინ მარტო დატოვა ქიმაძე, მაგრამ სიკაჩმა მშვენიერი რეაქციის წყალობით იხსნა კოლხები აშკარა გოლისგან.
42' - ამჯერად, ქუთაისელები გადარჩნენ. კაკულიას ფლანგური გადაცემის შემდეგ კარის წინ ბუხაიძე გათავისუფლდა და ანგარიშის გათანაბრება ახლო მანძილიდან სცადა, მაგრამ ტაბატაძემ შეუშალა ხელი.
43' - ქიმაძის 70-მეტრიანი სოლო-რეიდი მარცხენა ფლანგზე და პასი კუხიანიძეს, რომლის უძლიერესი დარტყმის შემდეგ ბურთი ოდნავ ასცდა კარს.
44' - კაპანაძის დუბლი! ტორპედოელთა თავდამსხმელმა მეკარისგან მოგერიებული ბურთი კარში გაგზავნა და 0:2.
48' - ბუხაიძე მცველისგან გათავისუფლდა და კარში დაარტყა, მაგრამ მიზანს ააცილა.
52' - კაპანაძე საჯარიმოში გათავისუფლდა და სახიფათოდ შეუტია, მაგრამ სიკაჩმა ისევ საიმედოდ ითამაშა.
53' - დოლიძის ჩაწოდების შემდეგ კუხიანიძემ კარში დაარტყა და კილასონიასგან რიკოშეტით ბურთი კარში შეგორდა - 0:3.
64' - ქიმაძე საჯარიმოში შეიჭრა, მაგრამ ახლო კუთხეში დარტყმულზე სიკაჩმა იყოჩაღა.
66' - კოლხებს სხვაობის შემცირება შეეძლოთ. ბუხაიძემ 20-იოდე მეტრიდან შეასრულა ჯარიმა და ბურთი ძელს მოხვდა!
77' - ისევ ბუხაიძის შეტევა, მაგრამ მისი "მაკრატელა" დიდი მანძილით სცდება კარს.
88' - მოედანს ტოვებს დაფე და რადგან კოლხებს მისი შემცვლელი არ ჰყავთ, 10 კაცით რჩებიან.
90' - კერძევაძის დარტყმა ოდნავ სცდება მიზანს.

ეროვნული ლიგა. XII ტური
13.05. ქობულეთი. "ჩელე არენა"
კოლხეთი-ტორპედო 0:3
0:1 კაპანაძე (28. ხურცილავას პასით), 0:2 კაპანაძე (44), 0:3 ვ. კილასონია (53-საკ. კარში)
კოლხეთი (5-4-1): სიკაჩი - კორობკა, გ. კილასონია, შ. კერძევაძე, ვ. კილასონია, კაკულია - ლუკავა, ბოლქვაძე, ჯანელიძე, დაფე - ბუხაიძე.
სათადარიგო: შერმადინი
მწვრთნელი: გელა სანაია
ტორპედო (4-2-3-1): რ. კვასხვაძე - ხურცილავა, ჭიჭინაძე, გ. გურული, ქიმაძე - მამასახლისი, გიგაური - გ. დოლიძე (58. საღრიშვილი), გ. კუხიანიძე (65. ფურცხვანიძე), ტაბატაძე - კაპანაძე (82. ს. კუხიანიძე).
სათადარიგოები: მ. ქვილითაია, ადამაძე, იონანიძე, ბურჯანაძე.
მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
გაფრთხილება: დაფე (56)
არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 11
მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 8
მ. კოვტალიუკი (კოლხეთი) 7
ბ. არაბული (დინამო თბ) 6
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 6

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
აჰა, ხელოვნური საფარი.კოლხეთს 11 კაცი ვეღარ მოუქუჩებია და ასევეა შუქურაც.არც ახლა დაიჯერებენ ,რომ მასზე მუდმივი თამაში და ვარჯიში ანგრევს სახსრებს?
ახლა წარმოვიდგინოთ რას უზავს ეს საფარი ბავშვებს.
სოსო
10:31 16-05-2017
0
ფეხბურთი ჩვენთან უკვე კარიკატურის დონეზეა
გოგა
09:31 16-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული