"ვინც ყომარზე ლაპარაკობთ, პასუხს პირადად გაგცემთ!" - თევდორაძე ჭორებმა გააბრაზა

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოსთვის" აჭარის მთავარ ქალაქში დაბრუნება წარუმატებელი გამოდგა - სარაგბო არენაზე ლევან ხომერიკის გუნდი ზედიზედ მეორედ დამარცხდა. ამჯერად, ბათუმელებმა გორის "დილასთან" წააგეს 2:3...

ძნელი სათქმელია, მსგავსი შეხვედრა საქართველოს ჩემპიონატში გამართულა თუ არა - ასეთი დამაინტრიგებელი და მოულოდნელი სცენარით განვითარებული თამაში ძალიან ძნელი გასახსენებელია. მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ქართულ ფეხბურთს გარიგებების სენი ისე ჰქონდა გამჯდარი, ხალხის ნაწილი დაეჭვდა - ეს თამაშიც გარიგებული ხომ არ იყოო?

აეჭვებდათ, რომ ბათუმის "დინამომ" ზედიზედ მეორედ წააგო ეგრეთ წოდებული "ტაიმბოლით" (პირველი ტაიმის მოგების მიუხედავად, გუნდი საბოლოოდ მაინც
რომ მარცხდება) - ჯერ თბილისის "ლოკომოტივს" უგებდა 1:0-ს და 1:2 დამარცხდა, 10 მაისს კი გორის "დილასთან" 84-ე წუთამდე 2:0-ს უგებდა, მაგრამ დარჩენილ დროში 3 გოლი გაუშვა და...

მოკლედ, ეს ყველაფერი, ცოტა არ იყოს, უცნაურად ჩანსო, ჭორაობდა ხალხი. საბჭოთა დროიდან სტაჟიან გულშემატკივარს უთუოდ ემახსოვრება (რა დაავიწყებს?!) თბილისის "დინამოსა" და ლენინგრადის "ზენიტის" მატჩი 1984 წლის სეზონში, როცა 76-ე წუთისთვის ჩვენი გუნდი 2:0-ს იგებდა, მაგრამ საბოლოოდ 2:3 დამარცხდა...

დავუბრუნდეთ ბათუმურ მატჩს. თამაშის შემდეგ გულშემატკივართა ნაწილი სტადიონზე დარჩა და უკმაყოფილებას ღიად გამოხატავდა. ამის გამო ხალხთან მისვლა და დალაპარაკება ბათუმელთა ერთ-ერთმა წარმომადგენელმა სცადა. მან გარიგებასთან დაკავშირებული ხმები, რა თქმა უნდა, კატეგორიულად უარყო.

ჭორებმა ბათუმელთა ერთ-ერთი ლიდერი ვაკო თევდორაძე ისე გაამწარა, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

"ვინც ყომარზე და რაღაც სისულელეებზე ლაპარაკობთ, ყველასთვის მაქვს ერთი პასუხი - თუ დაინტერესდებით, პასუხს პირადად გაგცემთ!" - წერს თევდორაძე.

რეალურად, ჭორები და ვარაუდები გვერდზე რომ გადავდოთ, ბათუმის "დინამოს" პრობლემები აქვს, მაგრამ არა ტოტალიზატორის, არამედ - საკადრო და ეს განსაკუთრებით დაცვას ეხება. ლევან ხომერიკის გუნდი ბოლო ორ შეხვედრაში ბავშვურ შეცდომებს უშვებდა. რეალურად, სწორედ ეს არის წაგების მიზეზი.

თევდორაძე "ლელოსთან" ამბობს, რომ ფეხბურთელები ჭორებმა შეურაცხყო:

"თამაშის შემდეგ ჭორებს ის ხალხი ავრცელებდა, ვისაც ფეხბურთთან რეალური შეხება არ აქვს.

ყველაზე მეტად გული იმაზე დამწყდა, რომ ნაწილს ამ ხმების მართლა სჯერა. ისეთებიც იყვნენ, რომ ყვიროდნენ, ქობულეთში დაბრუნდითო. ძლივს საკუთარ ქალაქში თამაში გვეღირსა, თანაც სასწაულ საფეხბურთო გარემოში და ამის თქმა შეიძლებოდა?!

მართალია, შინ ზედიზედ 2 თამაში წავაგეთ, მაგრამ არავინ თქვას, რომ ვინმე ამას ჩვენზე მეტად განიცდის. მკვდრები ვიყავით და ამის შემდეგ სრულიად უსაფუძვლოდ ბრალს რომ დაგდებენ, "ტაიმბოლი" ითამაშესო, გული არ გაგისკდება კაცს?! ამის თქმაც სირცხვილია.

წლების წინ ვიღაცები მართლაც მაიმუნობდნენ, ახლა კი ეროვნულ ლიგაში ამის ყველას ეშინია და როგორც ფეხბურთელს, ეს ძალიან მახარებს.

"ფეისბუქზე" გამოქვეყნებული პოსტი ემოციის შედეგი იყო - კი ბატონო, გაგვაკრიტიკეთ, რადგან ამას ვიმსახურებთ, მაგრამ იმას ნუ დაგვაბრალებთ, რაც ბუნებაში არ მომხდარა და აზრად არავის ჰქონია. გამიკვირდა, ამას ლევან ხომერიკზე რომ ამბობდნენ.

ადამიანია და, შესაძლოა, რაღაცაში შეცდეს, მაგრამ ის რომ პატიოსანი კაცია, ეს ბათუმში ყველამ იცის. საერთოდაც, ნურავის ჰგონია, რომ ორიოდე ქართველი ფეხბურთელის გამო ყველას ნამუსზე აქვს ხელი აღებული. შეურაცხმყოფელია ასეთი დამოკიდებულება".

ბათუმელთა ნახევარმცველი აღიარებს, რომ გუნდს პრობლემები აქვს:

"ეს უკვე სხვა საკითხია და დიდი ფიქრი არ სჭირდება, რომ საქმეს რაღაცას ვაკლებთ. თავიდან კარგად რომ არ ვიყავით და ფიზიკურად გვიჭირდა, ამაზე ორი აზრი არ იყო, მაგრამ სეზონის მსვლელობისას მოვმჯობინდით და ავთამაშდით.

ამ ყველაფრის ფონზე, ბოლო ორ ტურში, მით უფრო საშინაო შეხვედრაში, მონატრებული გულშემატკივრის წინაშე წაგება ვერაფრით ამიხსნია. უკვირდათ, ბოლო წუთებზე რა შეცვლები გააკეთესო? კი, მაგრამ 2:0-ზე ვინმე წარმოიდგენდა, რომ თამაში ასე შემოგვიტრიალდებოდა? ასეთი რამ მილიონში ერთხელ ხდება და სამწუხაროა, რომ ჩვენ შეგვემთხვა.

მაინც მგონია, რომ კონცენტრაციას ვკარგავთ და ბოლო წუთებამდე არ ვიბრძვით. ეს არის ყველაფრის თავი და თავი. ასე რომ, მიზეზი ყველა ჩვენგანმა საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ, სხვაზე დაბრალება ადვილია".

- დინამო(ბთ)-დილა 2:3 - სასწაული ბათუმში [VIDEO]

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
მე არც ვფიქრობ ყუმარზე და მჯერა ყველა დინამოელის გენაცვალეტ თქვენ. ვიძახდით და მეც მათ შორის ბათუმში დავბრუნდეთ და უფრო ძლიერი შედეგი იქნება. და პირიქიტ აღმოჩნდა იმედი გაუცრუეთ უბრალო მაყურებელს ვინც უნდა იაროს ფეხბურთის სნახავად იმიტომ გუნდი მოიგებს. აბა მე რომ გულშემატკივარი ვარ ქობულეთშიც დავდიოდი აქაც ვივლი მარა შედეგი? რა ხდება წელს დაგვაკლდა ვინმე თუ ვერ შევიძინეთ ვინმე კარგი? იქნებ და მწვრთნელმა გადახედოს და გვჭირდება რაღაც. რატომ ვართ გასავარდ ზონაში? როცა უეფა გვაქვს სათამაშო ამ შედეგიტ და ხასიათით? არ ვარ ძლიერი ამ აკითხში მაგრამ ფაქტია რაღაც ხდება და ეს მე ვფიქრობ მწვრთნელია. სხვა მოვიდეს. 2-0 ლაგოდეხი გადაუკეტავს რეალს არათუ ბათუმიი დილას
genri diasamidze
17:33 13-05-2017
0
Yomari ara kvati,ubralod cudi droeba udgas dinamos,cud gormashia bichebi,moumateben da shedegic mova,mara unda vtqva mwvrtnelis bolo gadawyvetilebebi gvafiqrebs imaze ro misi ideebi amowurulia da iqneb sxva moviyvanot...
Dinamo batumi
13:49 13-05-2017
0

სიახლეები პოპულარული