"ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პირველ წრეში წაგებისთვის რევანში გვაქვს ასაღები"

AutoSharing Option
დღეს, საქართველოს ეროვნული ლიგის მორიგ ტურში თბილისის "დინამო" თანაქალაქელ "ლოკომოტივს" უმასპინძლებს.

- ეროვნული ლიგა. XI ტურის წინ: ორი გამორჩეული დერბი

კარგა ხანია, დედაქალაქურ დერბის არ ჰქონია იმხელა ინტრიგა, როგორიც დღეს აქვს. თამაშს უთუოდ დაამშვენებდა გულშემატკივართა სიმრავლე და ეს რომ ასეა, გასული უქმეების ბათუმურმა მატჩმაც დაადასტურა. "დინამო"-"ლოკომოტივის" მატჩის წინ დინამოელთა ბომბარდირ ბაჩანა არაბულს ვესაუბრეთ.

- ეს მატჩი ცენტრალურია საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მორიგ ტურში. როგორ ემზადებით თბილისური დერბისთვის?
- ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებულად ვემზადებით. ჩვეულებრივი სამზადისია, ისეთი, როგორიც სხვა მატჩების წინ. რა
თქმა უნდა, მატჩის დატვირთვა დიდია - ერთმანეთის წინააღმდეგ ხომ საქართველოს ჩემპიონატის ლიდერები თამაშობენ...

როგორც სხვა მატჩებში, "დინამო" ამჯერადაც მხოლოდ სამი ქულისთვის გავა მინდორზე. ყველანი სანახაობრივი თამაშის მოლოდინში ვართ და ვნახოთ...

- რას იტყვით "ლოკომოტივზე", მის მთავარ მწვრთნელ გიორგი დევდარიანზე, რომელმაც აშკარად დაატყო გუნდს ხელი?
- რა თქმა უნდა, შემადგენლობითა და თამაშის ხარისხით "ლოკომოტივი" ეროვნული ლიგის ერთ-ერთი ფავორიტია. გიორგი დევდარიანმა ისეთი ფეხბურთელები შეკრიბა, რომელთაც ბევრი შეუძლიათ და ამას ყველა ვხედავთ. რაც მთავარია, "ლოკომოტივი" ძალიან დალაგებულ ფეხბურთს თამაშობს. ეს კი, რა თქმა უნდა, მთავარი მწვრთნელის დამსახურებაა.

"ლოკომოტივში" მრავლად არიან ფეხბურთელები, სხვადასხვა დროს საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ღირსება რომ დაუცავთ, მათ შორის - ჩემი ყოფილი თანაგუნდელებიც. ჩვენმა მეტოქემ ძალიან კარგად იცის, რა უნდა გააკეთოს კონკრეტულ ეპიზოდში. მაგრამ "დინამოსაც" აქვს თავისი კოზირები. აქედან გამომდინარე, შანსებს აბსოლუტურად თანაბრად შევაფასებდი.

მინდორზე გამოჩნდება, რომელი გუნდი იქნება უკეთესი. წინ საინტერესო თამაში გველის. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პირველ წრეში წაგებისთვის რევანშიც გვაქვს ასაღები. მოკლედ, ძალ-ღონეს არ დავიშურებთ იმისთვის, რომ 3 ქულა ჩვენ დაგვრჩეს.

- დედაქალაქური დერბია, ორივე გუნდი შესანიშნავ ფორმაშია და ასეთ თამაშს მაყურებელი ძალიან მოუხდებოდა...
- ფეხბურთელისთვის იმაზე დიდი ბედნიერება არაფერია, როცა ბევრი მაყურებლის წინაშე თამაშობს. ძალიან მინდა, მატჩზე ქომაგთა სიმრავლე იყოს. ვერც წარმომიდგენია, სხვანაირად რატომ უნდა იყოს, როცა ერთმანეთს საქართველოს ჩემპიონატის ორი გამორჩეული გუნდი, ორი ლიდერი ეთამაშება! ინტრიგა ხომ თავიდანვე გარანტირებულია?

ჩვენ მივეჩვიეთ იმას, რომ დედაქალაქში ნაკლებად დადის ხალხი საქართველოს ჩემპიონატის მატჩებზე, ვიდრე რეგიონებში. ალბათ, დროა, ვითარება შეიცვალოს და თუნდაც ამ მატჩიდან დაიწყოს სიტუაციის შემობრუნება. რატომ არ შეიძლება, ასე მოხდეს?!

- "დინამო" ლიდერია პირველი წრის შედეგების მიხედვით. ბევრისთვის ეს მოულოდნელია გუნდში ბოლო დროს მომხდარი ცვლილებების გამო. ასე ლაღად და შედეგიანად მოთამაშე "დინამოს" აუცილებლად უნდა ჰქონდეს საჩემპიონო ამბიცია...
- იცით, რომ ჩემპიონატი თავიდან ცუდად დავიწყეთ. მერე და მერე ვიპოვეთ ჩვენი თამაში. რა თქმა უნდა, ამას დრო სჭირდებოდა. თან ახალი მწვრთნელი მაშინ მოვიდა გუნდში, როცა ის-ის იყო, ჩემპიონატი უნდა დაწყებულიყო. ბუნებრივია, მასაც სჭირდებოდა გარკვეული პერიოდი ვითარებაში გასარკვევად. ახლა ყველაფერი კარგადაა. რომ იტყვიან, ჩვენი თამაში "დავიჭირეთ" და დამსახურებულადაც ვლიდერობთ.

რა თქმა უნდა, გულის სიღრმეში ყველა ვფიქრობთ ჩემპიონობაზე. თუ შევძელით და პირველი წრე პირველ ადგილზე დავასრულეთ, რატომ არ უნდა იყოს იგივე მდგომარეობა სეზონის ბოლოს?

ალბათ, უფრო საფუძვლიანად ჩვენს საჩემპიონო შანსებზე სადღაც ზაფხულის შესვენებისთვის შეგვეძლება ლაპარაკი, მაგრამ ზოგადად დღესაც შეგვიძლია ვთქვათ - რატომაც არ უნდა ვიფიქროთ ჩემპიონობაზე?!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მე მივდივარ ამ ტამაშზე, შენ??????
ზაკო
18:06 10-05-2017
0
ბაჩო ძაან მაგარი ხარ, უმაგრესი ფორვარდი
ბაჩოს ქომაგი
15:02 10-05-2017
0

სიახლეები პოპულარული