ინფრასტრუქტურა: "შევარდენს" "შევარდენზე" უნდა, ანგისას ბაზაზე მშენებლობა განახლდა

AutoSharing Option
ფეხბურთის ფედერაციის თანხმობის შემთხვევაში, ბათუმის "დინამო" უახლოეს პერიოდში საკუთარ ქალაქში ითამაშებსო, - ეს ამბავი კლუბის სპორტულმა დირექტორმა მალხაზ მახარაძემ მარტში გვითხრა...

"დინამოს" ეროვნულ ლიგაში პირველი საშინაო შეხვედრა 19 მარტს, "სამტრედიასთან" ჰქონდა. მანამდე თურქული შეკრებიდან დაბრუნებული ბათუმელთა თავკაცები ადგილობრივ მორაგბეებს დაელაპარაკნენ, მათ სტადიონზე ვარჯიშის უფლება მიიღეს და წლების შემდეგ "დინამო" საკუთარი ქალაქის არენაზე პირველად შევიდა.

რაგბის სტადიონზე ორი მოედანია - ხელოვნური და ბალახის. ამ უკანასკნელზე ახლა სამუშაოები მიმდინარეობს და თამაში შეიძლება მხოლოდ ხალიჩაზე, რომელიც ნორმალური ხარისხისაა. ტრიბუნებიც მოწესრიგებულია და 1500-მდე მაყურებელს
იტევს.

სწორედ ამიტომ "დინამოს" თავკაცებმა არენის მეპატრონეს სთხოვეს, რაგბის სტადიონზე ეროვნული ლიგის ოფიციალური თამაშების ჩატარების ნებაც დაერთოთ. ბათუმს ფეხბურთის ფედერაციის ლიცენზირების კომიტეტის წარმომადგენლები ესტუმრნენ. წესით, ფეხბურთის ფედერაციას საწინააღმდეგო არაფერი უნდა ჰქონოდა. ოღონდ იყო ერთადერთი შენიშვნა - რაგბის მოედანი საფეხბურთოდ უნდა დაეხაზათ და პრობლემაც მოგვარდებოდა...

"დინამო" მშობლიურ ქალაქში თავს ბევრად კომფორტულად იგრძნობდა. ქობულეთში წასვლა ბათუმელთა ბევრი გულშემატკივრისთვის მოუხერხებელია. ბათუმის სტადიონზე მისვლა კი გაუადვილდებათ და მეტი მაყურებელიც ეყოლებოდა, ხოლო ქობულეთის "ჩელე არენა" ძველებურად გადატვირთული აღარ იქნებოდა...

მაგრამ "დინამომ" პირველი საშინაო შეხვედრა ქობულეთში ჩაატარა და, მიუხედავად იმისა, რომ აპრილი მთავრდება, ბათუმში ისევ ვერ თამაშობს. მიზეზი კვლავ საფარია, რომელსაც ძირი აქვს გასამაგრებელი, ხოლო ხალიჩა რაგბისთვის არის დახაზული და მისი გადახაზვა პრობლემას სწორედ რაგბის გუნდს შეუქმნის.

ასევე ვერ ხერხდება "კოლხეთის" დაბრუნება ფოთის "პარკი არენაზე". შარშან გუნდი უკვე თამაშობდა იქ და ტრიბუნებიც სულ გადაჭედილი იყო.

"კოლხეთმა" მწირი ფინანსებით უმაღლეს ლიგაში ადგილი რომ შეინარჩუნა, ამის დამსახურებაც იყო. მაგრამ გელა სანაიას გუნდი სარაგბო სტადიონზე ვეღარ შეჰყავს, თუმცა იმედი აქვს, რომ ეს საკითხი მოგვარდება.

შევიტყვეთ, რომ თბილისის "შევარდენი 1906"-ის ხელმძღვანელებიც აპირებენ, მიმართონ რაგბის კავშირს, რომ მათ ისტორიულ სარბიელზე თამაშის უფლება მისცენ. შეგახსენებთ, რომ რეკონსტრუქციის შემდეგ ეს სტადიონი რაგბის კავშირს გადაეცა.

საერთოდ, ფეხბურთსა და რაგბის ინფრასტრუქტურის პრობლემა აქვთ და ამის გამო ამ ორი სახეობის ფედერაცია ერთმანეთთან თანამშრომლობს. მაგალითად ის მემორანდუმიც გამოდგება, რომელიც 20-წლამდელ მორაგბეთა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ფეხბურთის ფედერაციამ და რაგბის კავშირმა გააფორმეს - ახალგაზრდა მორაგბეები ტურნირის მსვლელობისას საფეხბურთო ობიექტებით ისარგებლებენ.

იმედია, სარაგბო ინფრასტრუქტურის გამოყენებას ფეხბურთის გუნდებიც შეძლებენ. საკითხი მალე მოგვარდება და ბათუმისა და ფოთის გუნდები საკუთარ ქალაქში ითამაშებენ.

* * *
ფოთელებისგან განსხვავებით, ბათუმელებს სხვა დამაიმედებელი ამბავიც აქვთ. "ლელო" ბათუმის "დინამოს" ანგისას ბაზასთან დაკავშირებული სიახლეებით დაინტერესდა, რომელიც 2015 წელს დაიწყო და დღემდე არ დასრულებულა. წითელი ლენტის გახსნის ვადად 2016 წლის ნოემბერი დაითქვა.

სამწუხაროდ, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია "ენერგოსექტორმშენმა" მხოლოდ ტრიბუნების კონსტრუქციის აშენება და მოედანზე სადრენაჟე სისტემის ჩაყრა მოასწრო, მაგრამ დანარჩენი ვალდებულებები ვეღარ შეასრულა. 1-ელ მარტს კომპლექსის მშენებლობის დასრულებაზე გასამართავი ტენდერი ჩაიშალა, მაგრამ ბათუმის მერიამ მალევე ახალი ტენდერი ჩაატარა და მშენებლობაც დაიწყო.

ეს ამბავი "ლელოს" კლუბის დირექტორმა ოთარ ფედიჩკინმა გაუმხილა.

"საბედნიეროდ, ახალმა ტენდერმა წარმატებით ჩაიარა, გამარჯვებულიც გამოვლინდა და სამშენებლო სამუშაოებიც დაიწყო.

აქამდე ტრიბუნის კონსტრუქცია აშენებული გახლდათ და მოედნის სადრენაჟე სისტემაც დაგებული იყო. ახლა კი გასახდელების, მსაჯთა და სხვა აუცილებელი ოთახების მშენებლობა დასრულდა. ანუ ბაზის გახსნისთვის აუცილებელი მშენებლობის დიდი ნაწილი ჩატარებულია. დარჩენილია კოსმეტიკური სამუშაოები, დასამონტაჟებელია სკამები და განათების სისტემა, ბოლოს კი მოედნებიც დაიგება.

ანგისაზე თავიდან ორი სტანდარტული მოედნის მოწყობაა გათვალისწინებული - ბუნებრივი და ხელოვნური საფარის.

დიდი იმედი გვაქვს, რომ ანგისას ბაზის მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება, შესაძლოა, ოდნავ ადრეც, რადგან სამუშაოები ადრინდელზე გაცილებით სწრაფი ტემპით მიმდინარეობს", - ამბობს ფედიჩკინი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგით რა, რეებს უბერავთ კაცო.
რა უნდა ხელოვნური საფარის დროებით ცარცით გადახაზვას თამაშის წინ 30 წუთში მიახაზავენ, დამთავრდება მატჩი და მიარეცხავენ მაშინვე. მთავარია რომ წვიმა არ დაესწროს, ეგაა და ეგ.
QWERTY
00:37 22-04-2017
0

სიახლეები პოპულარული