ოთარ ტატიშვილი "შევარდენი 1906"-ის საპატიო პრეზიდენტი გახდა

AutoSharing Option
თბილისის "შევარდენი 1906"-ის ოფიციალური სახე და საპატიო პრეზიდენტი ყველასათვის კარგად ცნობილი ტელეწამყვანი, მსახიობი (პროფესორი ირაკლი ჩხეიძე "შუა ქალაქიდან"), ექიმი ოთარ ტატიშვილი იქნება. მას კლუბის ხელმძღვანელობამ სიმბოლური მაისურიც გადასცა.

"შევარდენის" აღდგენის შემდეგ საპატიო პრეზიდენტის პოსტს გიორგი ნემსაძე იკავებდა, თუმცა ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი მოგვიანებით ამავე კლუბის ხელმძღვანელი და დამფუძნებელი გახდა.

"ჩვენ კლუბი 20-წლიანი პაუზის შემდეგ აღვადგინეთ, მაგრამ ყალბი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ "შევარდენი 1906" სახალხო კლუბია. სწორედ მისი დაფუძნებით შემოიტანა ჩეხმა მიროსლავ სვიატოშმა საქართველოში ფეხბურთი.

პირადად ჩემთვის ყველაზე ემოციური ფაქტი ის
არის, რომ "შევარდენში" საქართველოს გმირები, იუნკრები თამაშობდნენ, რომლებიც შემდგომ ქვეყნის დამოუკიდებლობას შეეწირნენ...

სამწუხაროდ, ცალკეული ადამიანების გაუაზრებელი გადაწყვეტილებების შედეგად, "შევარდენი 1906"-ის სტადიონი კლუბს და, საერთოდ, ფეხბურთს აღარ ეკუთვნის... ეს ჩავლილი თემაა, მაგრამ ისტორიულ კლუბს სტადიონი აღარ აქვს და ეს ძალიან გულდასაწყვეტია. ცხადია, ეს ჩვენი გეგმების შესრულებასაც ასვამს დაღს.

მაგრამ ვცდილობთ, ქართულ საფეხბურთო სამყაროში კუთვნილი ადგილი დავიკავოთ. ამიტომაც შევთავაზეთ ოთარ ტატიშვილს საპატიო პრეზიდენტის პოსტი - ის ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი, ცნობილი ტელეწამყვანია და ვფიქრობთ, "შევარდენი 1906"-ს დიდ დახმარებას გაუწევს", - ამბობს კლუბის პრეზიდენტი გეგი კიკაბიძე.

ლიგა 3-ის გათამაშების მე-3 ტურში კი საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა: "შევარდენი 1906"-ის ლიდერმა, ეროვნული ნაკრების ყოფილმა წევრმა დავით ოდიკაძემ "გარდაბანთან" შეხვედრაში კარიერაში 55-ე პენალტი შეასრულა ზუსტად. ვერაფერს იტყვი, შთამბეჭდავი შედეგია! ერთადერთი მეკარე, ვისაც ოდიკაძემ ვერ აჯობა, ნიკა დაუშვილი გახლდათ - ეს მან "ვიტ ჯორჯიაში" თამაშისას მოახერხა, ვეტერანი ფეხბურთელი კი მაშინ საჩხერის "ჩიხურაში" გამოდიოდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული