ლეგიონერები ეროვნულ ლიგაში: შემთხვევითები აღარ არიან!

AutoSharing Option
არაერთხელ დაგვიწერია, რომ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პროგრესს, ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად, ხელს ისიც უშლიდა, რომ ჩვენს პირველობაზე ხეირიანი ლეგიონერების დეფიციტი იყო. დრო მიდის და პრობლემები რჩება, მაგრამ ჩვენს პირველობაზე კვალიფიციური უცხოელების რაოდენობამ აშკარად იმატა.

ბევრი ქართული გუნდის ცხოვრებაში უცხოელები უკვე სერიოზულ როლს თამაშობენ. დღევანდელი ჩვენი წერილი სწორედ ჩვენს პირველობაზე მოთამაშე ლეგიონერებს ეხებათ. საბედნიეროდ, მათ შორის ვერ იპოვით ვითომ ფეხბურთელებს, რომლებიც ადრე საკმარისად იყვნენ საქართველოში და კარიერის აწყობის უიღბლო მცდელობის შემდეგ თავს სხვადასხვა სამუშაოთი ირჩენდნენ.

მათ ბევრი რამ მოსინჯეს - ტაქსის
მძღოლობიდან დაწყებული, რესტორნის კარისკაცობითა თუ ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომლობით დამთავრებული. მაშ, მივყვეთ საქმეს და გადავხედოთ ქართულ კლუბებში მოთამაშე ლეგიონერებს...

ლოკომოტივი
გიორგი დევდარიანის მიერ გაწვრთნილ თბილისურ კლუბში ამ დროისთვის ერთადერთი ლეგიონერი თამაშობს. ისიც წარმოშობით ქართველია. 24 წლის სწრაფი ფლანგელი ნოდარ ქავთარაძე სწრაფად ჩაეწერა გუნდის მონახაზში და უკვე 2 გოლის გატანაც მოახერხა.

ის მოსკოვის "ლოკომოტივის" საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია. სხვადასხვა დროს უთამაშია რუსეთის მეორე დივიზიონის კლუბებში, იყო პირველლიგელ "ტიუმენშიც".

დინამო (თბ)
ცოტა ხნის წინ თბილისის "დინამოში" ლეგიონერები საკმარისად იყვნენ, ახლა კი კლუბმა განვითარების ვექტორი შეცვალა და აქცენტი საკუთარი აკადემიის აღზრდილებზე გააკეთა. ამ დროისთვის "დინამოში" ორი ლეგიონერია და ორივე - უკრაინელი.

29 წლის მეკარე სერგეი ლიტოვჩენკო ქართველმა გულშემატკივარმა "ზუგდიდში" წარმატებული თამაშით გაიცნო. მას სხვადასხვა დროს უთამაშია უკრაინის უმაღლეს და პირველ ლიგებში - "ილიჩევეცში", "ვოლინში", "ჰელიოსში", დონეცკის "ოლიმპიკში"...

მარჯვენა მცველის პოზიციაზე ვხედავთ ბოგდან მიშჩენკოს, რომელიც 22 წლისაა. მას დონეცკის "მეტალურგსა" და პირველლიგელ "დესნაში", ასევე, მოლდოვურ "მილსამიში" უთამაშია.

ჩიხურა
სოსო ფრუიძის გაწვრთნილ გუნდში ერთადერთი ლეგიონერია, მაგრამ როგორი! - 29 წლის ბოსნიელი დინო ჰამზიჩი თამამად შეგვიძლია მივაკუთვნოთ ჩვენი ჩემპიონატის გამორჩეულ მეკარეებს.

მას სხვადასხვა დროს უთამაშია "სარაევოში", "ოლიმპიკსა" და პოლონურ "ვიძევში". იყო ბოსნიის ახალგაზრდული ნაკრების მეკარე და ეროვნული გუნდის წევრობის კანდიდატი.

საბურთალო
გუნდის ერთ-ერთ ლიდერად შეგვიძლია მივიჩნიოთ 20 წლის ელვინ ტერა. კენიელი უნივერსალი საქართველოს კარგად შეეგუა და გამორიცხული არც მისი ნატურალიზებაა. რაც მთავარია, მას სწორედ "საბურთალომ" გადაადგმევინა პირველი ნაბიჯები დიდ ფეხბურთში.

ასევე კარგი ფეხბურთელია 20 წლის ვაგნერ გონსალვეში, ვინც საფრანგეთის მოქალაქეა, აღიზარდა "ბასტიას" საფეხბურთო აკადემიაში და თამაშობდა ამ კლუბის მეორე გუნდში. ერთხელ, ლიგა 1-ის მატჩში იყო "ბასტიას" მთავარი გუნდის განაცხადშიც. საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატში 2 გოლი გაიტანა.

დინამო (ბთ)
უკვე მეორე წელია, გუნდის კარს საიმედოდ იცავს 24 წლის უკრაინელი ანატოლი ტიმოფეევი. ის კიევის "დინამოს" დუბლებში თამაშობდა. ამის შემდეგ, საქართველოში ჩამოსვლამდე, იცავდა უკრაინის პირველი ლიგის ბინადარ "ნეფტოვიკის" ღირსებას.

20 წლის ბრაზილიელის, ჟოვინიო ფლამარიონის პირველი ევროპული კლუბი ჩერნოგორიული "ლოვჩენი" იყო. მას ჯერაც გუნდთან ადაპტაციის პერიოდი უდგას.

25 წლის ნიგერიელ ნახევარმცველ კენედი უგოალას სხვადასხვა დროს ფინური "ინტერის" და ბელგიური "გენკის", "ბეერსხოტის", "ვესტერლოს" და "რუზელაარეს" ღირსება დაუცავს. უთამაშია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. უნდა ვივარაუდოთ, რომ ის უახლოეს მომავალში მეტ სარგებლობას მოუტანს ბათუმურ კლუბს.

საინტერესო ფორვარდია 26 წლის უკრაინელი იაროსლავ კვასოვი. მან ორი წარმატებული სეზონი ითამაშა ესტონურ "სილამიაე კალევში", მერე კი უკრაინულ "ზორიაში" სცადა დამკვიდრება. კვასოვმა უკვე გაიტანა ახალი კლუბის მაისურით.

23 წლის შემტევს, რუსეთის მოქალაქე მიხაილ გორელიშვილს ქართველი გულშემატკივარი ძალიან კარგად იცნობს. მას სხვადასხვა დროს უთამაშია "დილაში", "ტოსნოში", "მიკაში", ბათუმის "დინამოსა" და "ოლიმპიეცში". ის ახლაც ბათუმური კლუბის ღირსებას იცავს.

კოლხეთი
გელა სანაიას გუნდში გონივრულად შერჩეული ლეგიონერები ძალიან დიდ როლს თამაშობენ. აშკარად გამორჩეულია კენიის ნაკრების 20 წლის მცველი ერიკ უმა ოტიენო, მეტსახელად - "მარსელო". საქართველოში ჩამოსვლამდე ის სამშობლოში თამაშობდა.

ასევე კარგი ფეხბურთელია 25 წლის სენეგალელი, ფლანგის ნახევარმცველი არფანგ ბუბაქარ დაფე. თავის დროზე, მცირე ხნით, ის მადრიდის "ატლეტიკოს" მეორე გუნდის შემადგენლობაშიც ასპარეზობდა. "კოლხეთს" ის უკვე შეეწია ერთი გოლით.

ფოთში უკვე მესამე სეზონი დაიწყო 27 წლის უკრაინელმა ნახევარმცველმა ვლადიმირ კორობკამ. მას სხვადასხვა დროს "ტავრიას", ასტრახანის", ზაპოროჟიეს "მეტალურგის", "ტიუმენისა" და "ვიტებსკის" შემადგენლობებში უგორებია ბურთი.

ძალიან საინტერესო ფეხბურთელია 21 წლის ფორვარდი მიკოლა კოვტალიუკი. ის ადრე უკრაინულ კლუბებში - "პოლტავაში", კიევის "არსენალსა" და "კოლოსში" თამაშობდა. "კოლხეთში" მისვლის შემდეგ მან უკვე 6 გოლი შეაგდო.

სამტრედია
საქართველოს მოქმედი ჩემპიონის შემადგენლობაში ამჟამად ორი ლეგიონერი თამაშობს. კიევის "დინამოს" აკადემიის 24 წლის აღზრდილი რუდოლფ სუხომლინოვი უკრაინის ასაკობრივი ნაკრებების წევრი იყო. სამშობლოში უთამაშია "დინამოს" მეორე გუნდში, "მიკოლაევსა" და "დესნაში". ქართველმა გულშემატკივარმა ის პირველად "ზუგდიდში" გაიცნო. ამის შემდეგ სუხომლინოვი მცირე ხნით უკრაინაში დაბრუნდა, მერე კი "სამტრედიას" მოაშურა.

უკრაინული პასპორტი აქვს 24 წლის ნახევარმცველ გიული მანჯგალაძეს. ის უკრაინაში "ზორიას" მეორე გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო. მერე ითამაშა "პოლტავაში". "სამტრედიაში" მისვლამდე კი "ჩიხურასა" და "სიონის" ფეხბურთელი იყო.

დილა
ლეგიონერების რაოდენობით, გორული კლუბი საქართველოს ჩემპიონატში რეკორდსმენია. მას მწვრთნელიც უცხოელი ჰყავს - ებრაელი სპეციალისტი ზივ ავრაამ არიე, ვისაც ადრე ებრაულ კლუბებში უმუშავია.

20 წლის ნიგერიელი მცველი ალიუ აბუბაქარი სამშობლოს შემდეგ ჯერ ტუნისში თამაშობდა, მერე კი ფინური "კუპსის" მაისურა მოირგო.

კონგოელი მცველი, 22 წლის რომარიკ ეტუ წლების განმავლობაში იცავდა თელ-ავივის "ბეითარის" ღირსებას. მან წინა სეზონიც "დილაში" დაასრულა.

23 წლის ბრაზილიელი საყრდენი ჟეან დერეტი, ერთი პერიოდი, თავისი ქვეყნის უმაღლეს ლიგაშიც (სერია A) თამაშობდა. სხვადასხვა დროს იყო "ფიგეირენშეს", "გრემიოს", "ჟოინვილისა" და "მოჟი მირიმის" ფეხბურთელი.

22 წლის ბრაზილიელი ფლანგელი ლეონარდო რიბეირო თამამად შეგვიძლია ჩავთვალოთ საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად. იყო ბრაზილიურ "ინტერნასიონალში", "გლორიასა" და "ვილა ნოვაში", ასევე - პორტუგალიურ "აროუკაში". მან უკვე 2 გოლი მოათავსა "დილას" ყულაბაში.

ახლახან გუნდს შეუერთდა 24 წლის ბრაზილიელი ცენტრფორვარდი ნუბიო ფლავიო. "ინტერ დე ბებედურო", "ტუპი", "იკაზა", "ფორტალეზა", "პარანა" და "ტიგრე" - ეს იმ გუნდების ჩამონათვალია, სადაც მას სხვადასხვა დროს უთამაშია. გუშინ მან უკვე გაიტანა უმნიშვნელოვანესი გოლი "ლოკომოტივთან" შეხვედრაში...

22 წლის თავდამსხმელი ჟოაო ლეონარდო ბრაზილიაში "კალდენსეს", "ბაიასა" და "სანტა რიტას" ღირსებას იცავდა. ასევე ითამაშა პორტუგალიურ "ალკანანენშეში".

22 წლის სიერალეონელი შემტევი სალიუ ტარავალე საქართველოში ჩამოსვლამდე სამშობლოში თამაშობდა. "დილაში" მან ერთხელ უკვე შეაგდო.

შუქურა
ქობულეთური გუნდის ერთ-ერთი ლიდერია რუსეთის მოქალაქე, 26 წლის აზამათ ჯიოევი, რომელიც "ანჟის" ღირსებას იცავდა, ამის შემდეგ კი "შუქურაში" თამაშობს.

რუსეთის მოქალაქეა 24 წლის მცველი ირაკლი ჭეჟიაც. ის "სპარტაკის" აღზრდილია. თამაშობდა "ხიმიკში", "კალუგაში", ტულის "არსენალში", "ულისესა" და "არმავირში". მეორე სეზონია, "შუქურას" მაისურით ირჯება. ამ სეზონში მის ანგარიშზე ერთი გოლია.

საინტერესო ფეხბურთელია გუნდის ახალწვეული, 31 წლის მცველი - ალექსანდრ კლეცკოვი. მას სხვადასხვა დროს უთამაშია ჩინურ "ჟინგსუ სანინგსა" და "ტიანჯინ ტედაში", ასევე, უზბეკურ კლუბებში - "ფახთაქორში", "ნეფთჩისა" (ფერღანა) და "სოგდიანაში". უზბეკეთის ნაკრებში 10 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

23 წლის ნახევარმცველი გიორგი არქანია რუსეთის მოქალაქეა. სხვადასხვა დროს უთამაშია "პიტერში", "ტაგანროგსა" და ესტონურ "ტრანს ნარვაში". საქართველოში ჩამოსვლის მერე კი "შუქურამდე" ხობის "კოლხეთში" იყო.

გუნდის ერთ-ერთი ლიდერია 28 წლის ბრაზილიელი შემტევი ჟეფინიო. მას ბრაზილიურ და არგენტინულ კლუბებში, ასევე, კვიპროსულ "ეთნიკოსში" (სადაც ქართველები თამაშობენ) ასპარეზობის გამოცდილება აქვს.

რუსული პასპორტის მფლობელია 25 წლის გიგა მამულაშვილიც. მოლდოვური "ტირასპოლის" შემდეგ მან ითამაშა "სმოლენსკსა" და ტვერის "ვოლგაში".

* * *
ქუთაისის "ტორპედო" ერთადერთი კლუბია საქართველოს ჩემპიონატის ეროვნულ ლიგაში, რომელსაც ლეგიონერი არ ჰყავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
დილას ლეგიონერს ვიხილავდი ნაკრებში დიდი სიამოვნებით, ლეანდროს, სწრაფია, ტეწნიკურია, ცოტა სიმულიანტობა უყვარს მაგრამ გამოსწორებადია
ddddd
10:42 18-04-2017
0
ise nakrebshi vixilavdi didi siamovnebit dilas legioners, leandros kai teqnikaa aqvs da swrapia,
ddddd
10:40 18-04-2017
0

სიახლეები პოპულარული