დავით ჩაგელიშვილი: "საბურთალოსთან" მოგება დროული და საჭირო იყო

AutoSharing Option
"საბურთალო"-"სამტრედიის" თამაშის ბედი დავით ჩაგელიშვილის გოლმა გადაწყვიტა. 29 წლის თავდამსხმელმა ჩემპიონის ფორმით პირველად გაიტანა და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა. რამდენიმე ეფექტური მოძრაობისა და გოლის გარდა, თავი კიდევ რამდენჯერმე გამოიჩინა:

"ძალიან რთული და მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ. "საბურთალო" კარგი გუნდია და საერთოდაც, წლეულს ვერ გაიგებ, ვინ ვის მოუგებს. პირველ ტაიმში გაგვიჭირდა.

წინა ტურში "ჩიხურასთან" საკმაოდ მძიმე თამაში გვქონდა, დასასვენებლად და ძალების აღსადგენად დიდი დრო არ გვქონია. მოედნის საფარზე გადართვაც გაგვიჭირდა - ხელოვნურის შემდეგ ბალახზე თამაში ძნელია და ბევრი ტრავმის მიზეზი გამხდარა. ასეთ
დროს თავს ყველა ის ტკივილი გახსენებს, რაც კი ოდესმე გადაგიტანია - წელის, მუხლის, კუნთის თუ საზარდულის. მეორე ნახევარში მოედანსაც ალღო ავუღეთ, მეტოქეც კაცნაკლული დარჩა, ჩვენი თამაშიც "დავიჭირეთ", მწვრთნელის დავალებებიც შევასრულეთ და ამან შედეგი გამოიღო", - ამბობს ჩაგელიშვილი.

თბილისის "ლოკომოტივის" ყოფილი თავდამსხმელი "სამტრედიაში" თავიდან აშკარად შებოჭილი იყო და ჩემპიონ გუნდში თავის გამოჩენა უჭირდა, მაგრამ "საბურთალოსთან", ეპიზოდურად, ისევ თავისუფლად ითამაშა, როგორც წლების წინ - გია ცეცაძის გორის "დილაში", სადაც "ჩაგელა" ლიდერი იყო. ის არ მალავს, რომ ახალ გუნდთან შეგუება რთული გამოდგა.

"მწვრთნელზეა ყველაფერი დამოკიდებული - შეუძლია, ფეხბურთელი აათამაშოს ან კარიერა დაასრულებინოს. გორის "დილაში" თავს კარგად ვგრძნობდი, რადგან გია ცეცაძემ ფეხბურთელები გაგვხსნა.

ახლა კი საკმაოდ გამიჭირდა, რადგან "ლოკომოტივში" კარგი სეზონი ვერ ჩავატარე, ახალ გუნდთან და მოთხოვნებთან შეგუება კი ყოველთვის რთულია. მით უფრო, როდესაც ჩემპიონ გუნდში გადადიხარ. "სამტრედიაში" კი ყველაფერი რთულად დაიწყო. პირველივე ტურში "შუქურას" ვერ მოვუგეთ, მე კი რეალური მომენტით ვერ ვისარგებლე.

იღბალი არც მერე გვწყალობდა და გუნდიც რომ ვერ თამაშობდა, ცხადია, ფსიქოლოგიურად ამან კარგად ვერ იმოქმედა, მაგრამ გიას ნდობა და თანადგომა კარგად მოქმედებს. "მიხეილ მესხი" კი ლამის მშობლიური არენაა და ეტყობა, "საბურთალოსთან" რომ გავიტანე, ამანაც იმოქმედა".

ჩაგელიშვილი დარწმუნებულია, რომ "სამტრედიას" კარგი დროება ისევ დაუდგება:

"იმედია, ეს გოლი ერთადერთი არ იქნება, უკეთესად ავთამაშდები და მწვრთნელების ნდობას გავამართლებ. საერთოდ, ჩვენი გუნდის მეიმედება. ძლიერი შემადგენლობაა და გაცილებით მეტი პოტენციალი გააჩნია, ვიდრე შედეგებიდან ჩანს. უიღბლობის დრო გაივლის და ადრე თუ გვიან "სამტრედია" დალაგდება და თავის შესაძლებლობებს გამოავლენს.

"საბურთალოსთან" მოგება დროული და საჭირო იყო და რწმენას დაგვიბრუნებს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
xoo shen raicii gvitxari mashinnn vinn chaawyoo..aq ro wer da metis tavi ro aragaq
datas
19:20 07-04-2017
0
oh magari chatkobili tamashi iko, gauchirdebodat)))
data
17:19 07-04-2017
0

სიახლეები პოპულარული