დინამო (თბ)-ჩიხურა 2:1 - დაბრუნება! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისის "დინამომ" ოთხი დღის განმავლობაში ერთმანეთზე რთული ორი მატჩი ჩაატარა და ორივეში გაიმარჯვა! კახა კაჭარავას დამოძღვრილმა გუნდმა ჯერ სტუმრად მოუგო ქვეყნის ჩემპიონ "სამტრედიას", გუშინ კი ამ სეზონის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტს, "ჩიხურას" აჯობა! ჰოდა, ეს ყველაფერი სატურნირო ცხრილშიც აისახა: "დინამო" მეორე ადგილამდე აღზევდა და მხოლოდ ერთადერთი ქულით ჩამორჩება ახალ ლიდერს "ლოკომოტივს"!

წინა მატჩების მსგავსად, "დინამომ" ამჯერადაც ვერ იასპარეზა ოპტიმალური შემადგენლობით (დისკვალიფიკაციის გამო ცენტრალური მცველი გიორგი გველესიანი არ თამაშობდა); სამაგიეროდ, დაბრუნდა ოთარ კიტეიშვილი, რომელმაც კაპიტნის სამკლავურით გამოიყვანა გუნდი.

წინა მატჩთან (ბათუმის "დინამოსთან")
შედარებით, გარკვეული გადაადგილებები ვიხილეთ "ჩიხურას" ძირითადშიც, თუმცა, "დინამოსგან" განსხვავებით, საჩხერელთა გუნდს ხომ გრძელი სათადარიგოთა სკამი აქვს და შემადგენლობაც ხომ ეროვნულ ლიგაში, ალბათ, ყველაზე უკეთ ჰყავს დაბალანსებული; თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, სოსო ფრუიძის გუნდმა ამ ოთხდღიან ინტერვალში ზედიზედ ორი მატჩი წააგო...

...მეტოქეებმა აბსოლუტურად იდენტური ტაქტიკური განლაგება არჩიეს და პირველ ტაიმშიც აშკარად თანაბარი თამაში ვიხილეთ; თუმცა, ისიც თვალში საცემი იყო, რომ მასპინძლებს სწრაფ კონტრშეტევებზე უფრო ჰქონდათ გათვლა და სწორედ ასეთმა სწრაფმა კონტრიერიშმა "მოიტანა" კიდეც პირველი გოლი.

არადა, ამ საგოლე ეპიზოდს წინ უძღოდა სტუმართა მეტად სახიფათო შეტევა, როცა გიორგი გაბედავას ძლიერად დარტყმული ბურთი მასპინძელთა მეკარემ, სერგეი ლიტოვჩენკომ კუთხურზე მოიგერია. ჰოდა, ამ კუთხურს მოჰყვა კიდეც მასპინძელთა უსწრაფესი კონტრშეტევა, სადაც "მთავარ როლში" ბექა მიქელთაძე მოგვევლინა: 19 წლის გარემარბმა მარჯვენა ფლანგზე იყოჩაღა და ერთდროულად ორი მეურვე ჩამოიცილა, მერე კი უზუსტესი გამჭოლი გადაცემით 17 წლის გიორგი ჩაკვეტაძე მოძებნა, რომლის დარტყმაც ზუსტი გამოდგა.

პირველი ტაიმის ბოლომდე ანგარიში არ შეცვლილა, თუმცა ორივე გუნდს ამისათვის მცდელობა არ დაუკლია, მაგრამ ხან ორივე გუნდის ლეგიონერი მეკარეები თამაშობდნენ უშეცდომოდ, ხან კიდევ შემტევები სცოდავდნენ დამაგვირგვინებელ ფაზაში.

პირველი ტაიმის ორი გამორჩეული ეპიზოდი კი ცალკე გვინდა აღვნიშნოთ: მატჩი ახალი დაწყებული იყო, როცა ლევან გეგეჭკორის ფლანგური გადაცემის შემდეგ ნიკა გელაშვილი ახლო მანძილიდან ცდილობდა ბურთის კარში გადაგზავნას, მაგრამ გამოცდილმა ლაშა სალუქვაძემ ბურთი, ფაქტობრივად, ცარიელი კარიდან გამოიტანა!

არანაკლებ დინამიკური იყო ის ეპიზოდიც, როცა საბა ლობჟანიძე პირდაპირ კუთხურიდან ცდილობდა გოლის გატანას: დინო ჰამზიჩმა სულ ბოლო მომენტში შეძლო ამ ბურთის მოგერიება...

მეორე ტაიმში "დინამო" რომ "მეორე ნომრად" თამაშს აირჩევდა, ამას ბევრი გამოცნობა არ სჭირდებოდა; თუმცა, თავდაპირველად, არც "ჩიხურა" გაქცეულა თავქუდმოგლეჯილი შეტევებში და ძირითად აქცენტს მასპინძელთა ყველაზე სუსტი პოზიციის (მარჯვენა მცველის) ეფექტიანად გამოყენებაზე აკეთებდნენ. განსაკუთრებით კი, ლაშა ჩიკვაიძე აქტიურობდა, რომლის ფლანგური გარღვევების შემდეგაც რამდენჯერმე შეიქმნა სახიფათო მომენტი "დინამოს" კართან.

სოსო ფრუიძემ შეცვლებითაც სცადა სიტუაციის შეცვლა და სწორედ შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელმა შეძლო კიდევაც ანგარიშის გათანაბრება: გიორგი ივანიშვილი თამაშშიც აქტიურად ჩაერთო და, რაც მთავარია, ზუსტადაც დაარტყა!

"დინამო" გაშვებული გოლის მერე უფრო გააქტიურდა, თუმცა სტუმრები მაქსიმალურად ცდილობდნენ მასპინძელთა ლიდერების, ბაჩანა არაბულისა და საბა ლობჟანიძისათვის სივრცეების შეზღუდვას; და აი, მაშინ, როცა ყველას ეგონა, რომ მატჩი სავსებით ლოგიკური საყაიმო ანგარიშით უნდა დასრულებულიყო, მასპინძელთა კიდევ ერთმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა, 19 წლის გიორგი ზარიამ "გადმოვარდნილი" ბურთი, მეტოქის საჯარიმოს სიახლოვიდან, უძლიერესად და უზუსტესად გაგზავნა მეკარისაგან დაუცველი კარის "ცხრიანში"!..

სხვათა შორის, ზარია სულ რამდენიმე წუთის შემოსული გახლდათ მოედანზე...

ეროვნული ლიგა. V ტური
05.04. თბილისი. "დინამო არენა"
დინამო (თბ)-ჩიხურა 2:1
გოლები: 1:0 ჩაკვეტაძე (12. მიქელთაძის პასით), 1:1 ივანიშვილი (69. გაბედავას პასით), 2:1 ზარია (85)
დინამო (4-2-3-1): ლიტოვჩენკო - მიშჩენკო, სალუქვაძე, ლოჩოშვილი, თოთაძე - ქარდავა, კიტეიშვილი - მიქელთაძე (77. ზარია), გ. ჩაკვეტაძე (46. პაპუნაშვილი), ს. ლობჟანიძე - არაბული (90. კუცია).
სათადარიგოები: ნინუა, გ. თევზაძე, ქაფიანიძე, ბეგაშვილი
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
ჩიხურა (4-2-3-1): ჰამზიჩი - კაშია, კაკუბავა, მირცხულავა, ჩიკვაიძე - განუგრავა (61. ივანიშვილი), ზ. ჭელიძე - გეგეჭკორი (61. სარდალიშვილი), გორგიაშვილი (84. დობროვოლსკი), გაბედავა - გელაშვილი.
სათადარიგოები: კორიფაძე, დეკანოიძე, ტატანაშვილი, სეფიაშვილი
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
გაფრთხილება: გელაშვილი (55), თოთაძე (57), სარდალიშვილი (84), ჩიკვაიძე (88), ჭელიძე (89)
არბიტრი: ჯ. ხორავა.

მატჩის სტენოგრამა
3' - არაბული საშუალო მანძილიდან ურტყამდა, მაგრამ მიზანს მცირედით ააცილა.
6' - სტუმართა ფლანგური შეტევის შემდეგ გელაშვილს შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ აშკარა ხიფათისაგან მასპინძლები სალუქვაძემ იხსნა.
11' - გორგიაშვილის მშვენიერი პასის მერე გიორგი გაბედავა ერთი შეხებით ურტყამდა, მაგრამ სერგეი ლიტოვჩენკომ ზუსტად შეარჩია პოზიცია და ბურთი კუთხურზე მოიგერია.
12' - მიქელთაძემ მარჯვენა ფლანგზე ძალისმიერ ორთაბრძოლაში მეტოქის ორ ფეხბურთელს აჯობა, მერე სწრაფი რეიდიც განახორციელა და ზუსტი პასით გიორგი ჩაკვეტაძე მოძებნა; ამ უკნასკნელმა კი დაახლოებით 15 მეტრიდან არანაკლები სიზუსტით ბურთი კარში გაგზავნა - 1:0!
14' - მასპინძელთა მშვენიერი კომბინაციის შემდეგ მიქელთაძემ ზუსტად ვერ დაარტყა.
16' - სტუმართა "სტანდარტულის" შემდეგ ლევან კაკუბავა რთული მდგომარეობიდან ურტყამდა, მაგრამ ბურთი "დინამოს" კარს ასცდა.
31' - სტუმართა გააზრებული კომბინაცია გაბედავას ძლიერი, მაგრამ არაზუსტი დარტყმით დამთავრდა.
37' - არაბულის სახიფათო დარტყმის შემდეგ სტუმრები გადარჩნენ.
38' - ლობჟანიძე კუთხურიდან(!) ცდილობდა გოლის გატანას, მაგრამ დინო ჰამზიჩმა ბურთი "ცხრიანიდან" ჩამოხსნა.
45' - ნიკა გელაშვილის სახიფათო დარტყმას "დინამოს" მცველები გადაეღობნენ.
53' - ლაშა ჩიკვაიძის გამჭოლი გადაცემის შემდეგ გიორგი განუგრავამ ვერ შეძლო ბურთის კარში გადაგზავნა.
69' - ივანიშვილმა მეტოქის საჯარიმოს მისადგომებიდან არცთუ ძლიერად, მაგრამ ზუსტად დაარტყა და ანგარიშიც გათანაბრდა - 1:1!
83' - ჰამზიჩმა წამით დაასწრო არაბულს.
85' - მასპინძელთა "სტანდარტულის" მერე ჰამზიჩმა ბურთი საკუთარი საჯარიმოდან ზუსტად ვერ გამოიტანა და ზარიამ შეუჩერებლად, ძლიერად და უზუსტესად დაუმიზნა "ცხრიანს" - 2:1!

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 4
მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 3
გ. ჯანელიძე (ჩიხურა) 3
მ. კოვტალიუკი (ჩიხურა) 3

მომდევნო ტური
8 აპრილი
შუქურა-ლოკომოტივი 14:00
დილა-კოლხეთი 16:00

9 აპრილი
სამტრედია-ტორპედო 14:00
დინამო (ბთ)-დინამო (თბ) 16:00
ჩიხურა-საბურთალო 20:00

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული