გიორგი კოხრეიძე: გადამწყვეტი გოლი მაგარი განცდაა!..

AutoSharing Option
გიორგი კოხრეიძე "საბურთალოს" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი არ არის, უმთავრესად, მოედანზე შეცვლაზე შეჰყავთ ხოლმე, მაგრამ წლეულს გუნდის მიერ მოპოვებულ 6 ქულასა და ორ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ჯერ იყო და, დამატებულ წუთებზე ქუთაისის "ტორპედოს" გაუტანა, ბოლო ტურში კი ლიდერ თბილისის "ლოკომოტივთან" ისევ გადამწყვეტი გოლის ავტორად მოგვევლინა.

- საბურთალო-ლოკომოტივი 2:1 - "ლოკო" ვაკეში გაჩერდა [VIDEO]
- საბურთალო-ტორპედო 1:0 - ვაისის თვალწინ [VIDEO]

ერთი სიტყვით, 18 წლის სამტრედიელი ბიჭი გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის "ჯოკერად" გადაიქცა. კოხრეიძე "ლელოს" მიმდინარე ჩემპიონატზე ელაპარაკა:

"ხშირად შეცვლაზე კი ვთამაშობ,
მაგრამ ასეთ დროს მთავარი ისაა, მოედანზე რა განწყობით შედიხარ - სახე თუ ჩამოგტირის, არაფერი გამოგვივა, მაგრამ კარგი განწყობითა და შემართებით ბევრი რამ გამოგივა და გუნდსაც დაეხმარები.

რა თქმა უნდა, მირჩევნია, სულ ძირითადში ვიყო. ერთხელ უკვე ვითამაშე - მეორე ტურში ფოთის "კოლხეთთან". მაგრამ მთავარია, პრაქტიკა მქონდეს, მწვრთნელი მენდობოდეს და რა დროსაც მომცემს, თავი იმ დროს უნდა გამოვავლინო".

მისივე თქმით, გადამწყვეტი გოლები აქამდეც გაუტანია:

"17 წლის ვიყავი, ბოლო მომენტში "ტორპედოსთან" ანგარიში რომ გავათანაბრე. ჩემი გოლებით გუნდს "ზუგდიდსა" და ბათუმის "დინამოსთანაც" მოუგია...

რა თქმა უნდა, 18 წლის რომ ხარ და გუნდს ეხმარები, ეს ძალიან სასიამოვნო განცდაა. იმედი მაქვს, რომ უფრო სტაბილურად ავთამაშდები და "საბურთალოს" მეტ სარგებლობას მოვუტან".

გიორგი ახლა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში რუსეთთან ამხანაგური შეხვედრებისთვის ემზადება:

"ეს თამაშები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას ემსახურება. ახლა ოპტიმალური შემადგენლობით არ შევკრებილვართ, რადგან ჩვენი მოთამაშეების ნაწილი ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებში მიიწვიეს, მაგრამ ისინი თამაშზე დაგვეხმარებიან.

საერთოდ, ასე მგონია, რომ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი გამოსვლა და შედეგები ბიჭების მონდომებასა და განწყობაზე უფრო იქნება დამოკიდებული და ნაკლებად - მწვრთნელებზე. იმას ვგულისხმობ, რომ მოედანზე ჩვენ უნდა გავიდეთ და მათი დავალებები შევასრულოთ. მთლიანად ჩვენზეა დამოკიდებული, ამას როგორ მოვახერხებთ.

რა თქმა უნდა, დიდი სურვილი გვაქვს, რომ წარმატებით ვითამაშოთ და ხალხი გავახაროთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული