სატრანსფერო სიახლეები
არქივის კალენდარი
დინამო (თბ)-დილა 1:2 - აი, ლეგიონერი!.. [VIDEO]
AutoSharing Option
13:57 20-03-2017
PLAYER_GET_VIDEOFLASH
ტურის წინათქმაშიც აღვნიშნეთ, რომ ბოლო წლებში გორის "დილა" თბილისის "დინამოსათვის" ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქედ იქცა. დინამოელებმა ნავსი ვერც ამჯერად გატეხეს და ზედიზედ მესამე დაპირისპირებაში დამარცხდნენ გუნდთან, რომლისთვისაც ეს იყო პირველი გამარჯვება ეროვნულ ლიგაში. ამას გარდა, ებრაელი მწვრთნელის, ზივ არიეს ხელმძღვანელობით, "დილამ" მიმდინარე ეროვნულ ლიგაში პირველი გოლ(ებ)იც გაიტანა.

ვერავინ იტყვის, რომ "დილამ" დაუმსახურებლად მოიგო: გორელთა გუნდის თავკაცმა სწორი ტაქტიკა აირჩია ტიტულოვანი მეტოქის წინააღმდეგ და პირველ ტაიმში, ფაქტობრივად, თანაბარი თამაში ვიხილეთ თითქმის ცარიელ "დინამო არენაზე".

აი, შესვენების შემდეგ სტუმრები მთელი გუნდით უკან "ჩაჯდნენ" და სწრაფი კონტრშეტევების იმედი დაიტოვეს. ამ გათვლამ გაამართლა: მატჩის, უდავოდ, საუკეთესო ფეხბურთელმა, "დილას" ახალწვეულმა ლეანდრო რიბეირომ თავისი გაუთავებელი გადაადგილებებითა თუ სოლო-რეიდებით უამრავი თავსატეხი გაუჩინა მასპინძელთა უკანახაზელებს. იმის გარდა, რომ "დილას" ბრაზილიელმა გარემარბმა ორი საგოლე პასი მიითვალა, საერთოდაც, უაღრესად ნაყოფიერად გაისარჯა და ლომის წილი შეიტანა თავისი გუნდის გამარჯვებაში!

საერთოდაც, "დილას" თითქმის ყველა ფეხბურთელი (გამონაკლისი, ალბათ, ცენტრფორვარდი ჟოაო ლეონარდო გახლდათ) ამ მატჩში მაქსიმალურად ცდილობდა დავალების ზუსტად შესრულებას.

თანაც, თავისი ქართველი კოლეგისაგან განსხვავებით, "დილას" მთავარ მწვრთნელს ნამდვილად ჰქონდა იმის ფუფუნება, საკუთარი გუნდის თამაში მატჩის მსვლელობის დროს რამდენჯერმე გადაეწყო. აღარაფერს ვამბობთ (ასევე "დინამოსგან" განსხვავებით) იმაზეც, რომ სტუმრებს სხვადასხვა პოზიციაზე, ფაქტობრივად, სრულფასოვანი შემცვლელები ჰყავთ. ლუკა რაზმაძესა და გიორგი ფოფხაძეს არც გამოცდილება დაეწუნებათ და არც ოსტატობა, ახალგაზრდა ლევან ნონიკაშვილი კი, უკვე მეორე წელიწადია, "დილას" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია...

საპირისპიროდ ამისა, აშკარად გამოჩნდა მასპინძელთა პრობლემა - მოკლე სათადარიგოთა სკამი. ფაქტია, ამ რესურსით "დინამომ" სერიოზულ წარმატებაზე არც უნდა იფიქროს. რა თქმა უნდა, ჯერ სეზონის დასაწყისია, მაგრამ კახა კაჭარავას გუნდი ყველა პოზიციაზე რომ საჭიროებს გაძლიერებას, აშკარა გახდა ჯერ კიდევ "ლოკომოტივთან" წინა ტურში წაგებულ მატჩში.

ისე, არავინ იცის, როგორ განვითარდებოდა მოვლენები "დილასთან" მატჩში, მეორე ტაიმის დასაწყისში ბაჩანა არაბულს მეტოქის მეკარესთან პირისპირ დარჩენა გოლად რომ ექცია. აღარაფერს ვამბობთ მასპინძელთათვის იმ მართლაც კოშმარულ 74-ე წუთზე, როცა "დინამოს" ამპლუაშეცვლილმა ახალწვეულმა გია ჩადუნელმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და სწორედ იმ "სტანდარტულს" მოჰყვა კიდეც მატჩის გადამწყვეტი გოლი, ტანმორჩილმა დავით კირკიტაძემ ზუსტი და ეფექტური თავურით რომ გაიტანა!..

"დინამომ" თამაში 9(!) ფეხბურთელით დაასრულა. მეორე ყვითელი ბარათისთვის გიორგი ყრუაშვილმა მოედნიდან ოთარ კიტეიშვილიც გააძევა. ერთი მხრივ, ეს გაძევება არაფერს ცვლიდა
კონკრეტულ მომენტში (დრო თითქმის ამოწურული იყო), მაგრამ მეორე მხრივ, კიტეიშვილი მომდევნო მატჩს გამოტოვებს, რაც "დინამოსთვის" კიდევ ერთი პრობლემაა.

მატჩის სტენოგრამა
13' - ბაქარ ქარდავას ოსტატური პასის შემდეგ გიორგი პაპუნაშვილი მეტოქის საჯარიმოში ხელსაყრელ პოზიციაზე აღმოჩნდა, მაგრამ "დინამოს" კაპიტანმა "დილას" კაპიტან მიხეილ მუჯრიშვილს ვერ აჯობა;
18' - ქარდავას მშვენიერი რეიდი. მისი გამჭოლი გადაცემის შემდეგ ბაჩანა არაბულმა ახლო მანძილიდან ხსნის ანგარიშს - 1:0!
23' - ლეანდრომ კიდევ ერთხელ გაილაღა მარცხენა ფლანგზე და ზუსტი დიაგონალური პასით მეტოქის საჯარომოში უმეთვალყურეოდ მყოფი თენგიზ წიქარიძე მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით ბურთი ზუსტად გადაგზავნა "დინამოს" კარში - 1:1!
31' - ოთარ კიტეიშვილის ზუსტი პასი საპირისპირო ფლანგზე მყოფ გიორგი ჩაკვეტაძეს, რომლის ძლიერად დარტყმულს მუჯრიშვილი ჩინებულ ნახტომში იგერიებს.
48' - რეალური საგოლე მომენტი სტუმართა კართან. გიორგი ჩაკვეტაძემ მეკარესთან პირისპირ გაიყვანა არაბული, მაგრამ "დინამოს" ცენტრფორვარდმა შანსი ვერ გამოიყენა;
65' - "დინამომ" კიდევ ერთი მშვენიერი მომენტი ვერ გამოიყენა: გია ჩადუნელის გამჭოლ გადაცემას მეტოქის კარის სიახლოვეს მყოფი გიორგი გველესიანი ვერ შესწვდა;
65' - სტუმართა სახიფათო "სტანდარტული": ალექსანდრე კვახაძის თავური მცირედით ასცდა მიზანს;
74' - ლეანდროს მშვენიერი "სტანდარტულის" შემდეგ მეტოქის საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დარჩენილ დავით კირკიტაძეს ახლო კუთხეში თავურით ეფექტური გოლი გააქვს - 1:2!
90' - ლეანდრომ კიდევ ერთხელ გაიბრწყინა, მაგრამ ზუსტად ვერ დაარტყა;
90+3' - ცოტაც და, ლეანდრო მესამე საგოლე პასს მიითვლიდა, მაგრამ ლევან ნონიკაშვილმა მასპინძელთა მეკარეს ვერ აჯობა.

საქართველოს XXIX ჩემპიონატი. ეროვნული ლიგა. III ტური
18.03. თბილისი. "დინამო არენა"
დინამო (თბ)-დილა 1:2
გოლები: 1:0 არაბული (19), 1:1 წიქარიძე (22. ლეანდროს პასით), 1:2 კირკიტაძე (74. ლეანდროს პასით)
დინამო (4-2-3-1): ლიტოვჩენკო - ჩადუნელი, გველესიანი, სალუქვაძე, თოთაძე - ქარდავა, ზარია (80. მიქელთაძე) - პაპუნაშვილი (85. ერგემლიძე), კიტეიშვილი, გ. ჩაკვეტაძე - არაბული.
სათადარიგოები: ლოჩოშვილი, მიშჩენკო, კუცია, ნინუა, ბეგაშვილი
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
დილა (4-2-3-1): მუჯრიშვილი - მაჩაიძე, კვახაძე, ქარქუზაშვილი, ეტუ - ძარია, პაპავა (78. რაზმაძე) - დ. კირკიტაძე, წიქარიძე (83. გ. ფოფხაძე), ლეანდრო - ლეონარდო.
სათადარიგოები: გაგოშიძე, აბუბაქარი, ტარავალე, ხაინდრავა
მწვრთნელი: ზივ არიე
გაფრთხილება: კირკიტაძე (40), ეტუ (42), ჩადუნელი (45), ჩადუნელი (72), კიტეიშვილი (83), კიტეიშვილი (90)
გაძევება: ჩადუნელი (45), კიტეიშვილი (90)
არბიტრი: გ. ყრუაშვილი.

მომდევნო ტური
1-ლი აპრილი
შუქურა-კოლხეთი
ლოკომოტივი-ტორპედო
დილა-საბურთალო

2 აპრილი
სამტრედია-დინამო (თბ)
ჩიხურა-დინამო (ბთ).

ეროვნული ლიგა 2. III ტური
ვიტ ჯორჯია-გაგრა 0:4
სიონი-ცხინვალი 2:1
მერანი-მეშახტე 5:0
გურია-სამგურალი 1:0
რუსთავი-ზუგდიდი 1:1

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. სიონი 3 3 0 0 5-1 9
2. მერანი 3 2 1 0 8-1 7
3. ვიტ ჯორჯია 3 2 0 1 6-4 6
4. გაგრა 3 1 1 1 4-2 4
5. რუსთავი 3 1 1 1 6-6 4
6. მეშახტე 3 1 1 1 4-8 4
7. გურია 3 1 0 2 3-5 3
8. სამგურალი 3 1 0 2 4-6 3
9. ცხინვალი 3 0 1 2 4-7 1
10. ზუგდიდი 3 0 1 2 1-5 1.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
luk
21:56 20-03-2017
კვიპროსის ჩემპიონატის ქვედა 6ეულის ნებისმიერი გუნდი ქართულ გუნდებს ათრევს!მაგ დონის ლეგიონერები მაინც ჩამოიყვანეთ ქართველებს ჯობიან ერთი სამი თავით მაინც. კარმიოტისა,დოქსა,არისი,ახნასი,ერმისი,სალამინა, 2-2 საუკეთესო ფეხბურთელი რო წამოიყვანოთ ხელფასი გაუორმაგოთ საქართველოს ჩემპიონებიც გახდებით და ევროპაზეც თავი არ მოგეჭრებათ.
კახა ქირია
21:24 20-03-2017
თუ რამის მიღწევა გინდათ, ჩისკოს დონის ნაკლები ლეგიონერი არ უნდა ჩამოიყვანოთ.და საერთოდ რატომ არ გინდათ იმ ნორმალურ ქართველ ფეხბურთელებს დაელაპარაკოთ, ვინც უცხოეთში თამაშობს(ახალგაზრდები არ მყავს მხ ედველობაში)