ეროვნული ლიგა. III ტურის წინ: შეწყდება 6-მატჩიანი სერია?

AutoSharing Option
წინა უქმეებზე II ტურის მატჩები გაიმართა, შუა კვირაში სათასო დაპირისპირებები იყო, ამ შაბათ-კვირას კი III ტურის შეხვედრები გველოდება. ანუ, გამოდის, რომ 8 დღის განმავლობაში გუნდებს სამ-სამი ოფიციალური მატჩის გამართვა მოუწევთ. თუმცა, მერე, ცოტა ამოსუნთქვის საშუალებაც მიეცემათ: სანაკრებო მატჩების გამო, ეროვნულ ლიგაში დაახლოებით ორკვირიანი შესვენება გამოცხადდება.

რახან სანაკრებო მატჩები ვახსენეთ, ბარემ ისიც ვთქვათ, რომ სერბეთთან (ოფიციალური) და ლატვიასთან (ამხანაგური) მატჩებისათვის, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ეროვნული ლიგიდან სამ ფეხბურთელს უხმო: მეკარე როინ კვასხვაძეს ("ტორპედო"), ცენტრალურ მცველს გიორგი რეხვიაშვილს ("ლოკომოტივი") და
შემტევ ნახევარმცველს ოთარ კიტეიშვილს ("დინამო", თბილისი).

III ტურის ყველა მატჩი ძალიან საინტერესოა. ეგ არის, რომ შუა კვირაში გამართული სათასო დაპირისპირებების შემდეგ, ეროვნული ლიგის ზოგიერთ გუნდს აშკარად სხვადასხვა განწყობა ექნება: ათიდან სამი გუნდისთვის (ბათუმის "დინამო", "ლოკომოტივი", "შუქურა") თასის წლევანდელი გათამაშება ხომ ნაადრევად დასრულდა...

და კიდევ - ამ ტურშიც ეროვნული ლიგის ხუთივე მატჩის პირდაპირი ტელერეპორტაჟია დაგეგმილი. ყველაზე ადრეულ დაპირისპირებას ("დინამო" თბ-"დილა") "საზოგადოებრივი მაუწყებელი" შემოგვთავაზებს, დანარჩენებს კი ეროვნული ლიგის ვებგვერდზე იხილავთ...

დინამო (თბ)-დილა
ორივე გუნდმა წარმატებით დაძლია თასის 1/16-ფინალური ეტაპი, თუმცა, ისიც სათქმელია, რომ "დინამოს" რანგით მესამე ლიგის წარმომადგენელი ჰყავდა მეტოქედ, "დილას" კი - მეოთხე ლიგის. ორივე გუნდმა ეროვნული ლიგის გათამაშება ისე ვერ დაიწყო, როგორც ამას "დინამოსა" თუ "დილას" გულშემატკივრები ელოდნენ. თანაც, "დინამომ" წინა ორ ტურში ერთი მატჩი მაინც მოიგო, აი, "დილას" კი ჯერჯერობით მხოლოდ 1 ქულა აქვს.

ეგ კი არა, საწყისი ორი ტურის შემდეგ ეროვნულ ლიგაში ერთადერთი გუნდი "დილაა", ჯერ გოლი რომ არ გაუტანია! ვნახოთ, რამდენად შეძლებს ამ ნავსის გატეხას ეროვნულ ლიგაში ერთადერთი უცხოელი სპეციალისტის, ზივ არიეს ხელმძღვანელობით მოასპარეზე "დილა".

არადა, "დინამოც" რომ მხოლოდ მოსაგებად გამოვა მოედანზე, ამას ბევრი მტკიცება არ სჭირდება. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ "დინამოს" ძველ-ახალი თავკაცი კახა კაჭარავა ჯერ კიდევ ძირითადი შემადგენლობის ძიების პროცესშია და წინა ტურის მატჩთან შედარებით, გარკვეული ცვლილებებიც რომ ვიხილოთ მასპინძელთა ძირითადში, არც ეს უნდა გაუკვირდეს ვინმეს.

...საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში, "დინამოსთვის" ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მეტოქე წლების განმავლობაში სწორედ "დილა" იყო. ასე გრძელდებოდა 1990-დან ... 2012 წლამდე, როცა გიორგი დარასელიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე "დილამ" შეძლო და 45-ე(!) ცდაზე, პირველად დაამარცხა ჩვენი ყველაზე ტიტულიანი გუნდი.

აი, ამის მერე კი სიტუაცია შეიცვლა და გორელთა გუნდიც ყველაზე სასურველიდან, უკვე უხერხულ მეტოქედ ჩამოყალიბდა - ბოლო ექვსი მატჩია, თბილისის "დინამო" ვერ ახერხებს "დილას" დამარცხებას (საჩემპიონატო დაპირისპირებებს ვგულისხმობთ).

ეგ კი არა, ბოლო ორი დაპირისპირება "დილას" სულაც მოგებული აქვს (გორშიც და თბილისში) და ბარემ იმასაც შეგახსენებთ, რომ ორივე შემთხვევაში გუნდს უჩა სოსიაშვილი მოძღვრავდა...

საბურთალო-ლოკომოტივი
წინა ტურის მსგავსად, ამჯერადაც გველოდება დედაქალაქური დერბი და ამჯერადაც საინტერესო მატჩის მოლოდინში ვართ. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ორივე გუნდს ხომ საკმარისზე მეტი ამბიცია გააჩნია მიმდინარე სეზონში და აღარაფერს ვამბობთ იმ ფაქტზე, რომ როგორც "ლოკომოტივში", ასევე "საბურთალოში", ერთი მეორეზე პერსპექტიული ახალგაზრდა ფეხბურთელები გამოდიან, რომელთაგანაც ძალიან ბევრი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების თავკაცმა გია გეგუჩაძემ ისლანდიის ახალგაზრდულ ნაკრებთან ჩასატარებელი ორი ამხანაგური მატჩებისთვის გამოიძახა.

თუმცა, ორივე გუნდში გამოცდილი ფეხბურთელებიც ირიცხებიან და ბევრი რამ სწორედ მათ ოსტატობაზე იქნება დამოკიდებული.

აი, რაც შეეხება სატურნირო სიტუაციას, "ლოკომოტივი" ქულათა 100-პროცენტიანი შედეგითა და ერთპიროვნული ლიდერის სტატუსით შეხვდება მორიგ დედაქალაქურ დერბის, "საბურთალომ" კი ძალიან მალე მოახდინა რეაბილიტაცია წინა ტურში დიდი ანგარიშით დამარცხების შემდეგ და თასზე არცთუ იოლ მეტოქეს ("შევარდენი 1906") აჯობა.

თასი ვახსენეთ და ბარემ ისიც ვთქვათ, რომ 1/16 ფინალის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიურპრიზი "ლოკომოტივის" გამოვარდნა იყო. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ "ლოკომოტივმა" ნახევრად ექსპერიმენტული შემადგენლობით ითამაშა თასზე, მაგრამ ეს ფაქტი სულაც არ აკნინებს ავთანდილ შენგელიას დამოძღვრილ "ნორჩი დინამოს" გამარჯვებას...

ამ დედაქალაქური დერბის კიდევ ერთი ინტრიგა, მწვრთნელთა ტაქტიკური დუელიც უნდა იყოს, მით უმეტეს, რომ ორივე გუნდის თავკაცი - გიორგი დევდარიანიცა ("ლოკომოტივი") და გიორგი ჭიაბრიშვილიც ("საბურთალო") - სწრაფ და კომბინაციურ ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას...

ეროვნული ლიგა. III ტური
18 მარტი
თბილისი. დინამო არენა. 14:00
დინამო (თბ)-დილა
ურთიერთშეხვედრები
55: +41 =11 -3, 144:29

თბილისი. მიხეილ მესხი. 19:00
საბურთალო-ლოკომოტივი
ურთიერთშეხვედრები
2: +0 =1 -1, 2:3

19 მარტი
ქობულეთი. ჩელე არენა. 16:00
დინამო (ბთ)-სამტრედია
ურთიერთშეხვედრები
27: +13 =5 -9, 45:34

ზესტაფონი. დავით აბაშიძე. 18:00
ჩიხურა-შუქურა
ურთიერთშეხვედრები
6: +3 =2 -1, 8:5

ქუთაისი. რამაზ შენგელია. 20:00
ტორპედო-კოლხეთი
ურთიერთშეხვედრები
61: +27 =16 -18, 92:69
დისკვალიფიკაცია
დავით ხურცილავა (ტორპედო).

ეროვნული ლიგა 2. III ტური
18 მარტი
მარტვილი. მურთაზ ხურცილავა. 15:00
მერანი-მეშახტე

19 მარტი
რუსთავი. ფოლადი. 15:00
რუსთავი-ზუგდიდი

ლანჩხუთი. ევგრაფი შევარდნაძე. 15:00
გურია-სამგურალი

მცხეთა. მცხეთა პარკი. 15:00
ვიტ ჯორჯია-გაგრა

თბილისი. ბენდელა. 15:00
სიონი-ცხინვალი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული