ნიკა სანდოხაძე: ამის მიუხედავად, "სამტრედიის" მიზანი ტიტულის დაცვა იქნება

AutoSharing Option
გია ცეცაძე ნიკა სანდოხაძეს ჯერ კიდევ 19-წლამდელთა ნაკრებში ენდობოდა და "სამტრედიაშიც" წაიყვანა, მიუხედავად იმისა, რომ უმაღლეს ლიგაში დამაჯერებლად ვერ გამოიყურებოდა. ამ ტანმაღალ ცენტრალურ მცველს მონაცემები რომ ჰქონდა, სადავო არ იყო, მაგრამ სეზონის მსვლელობისას ისეთ პროგრესს მიაღწია, ახლა "სამტრედია" მის გარეშე წარმოუდგენელია...

გაზეთი "ლელო" ნიკას ჩემპიონატის დაწყების წინ ესაუბრა:

- ჯერ სუპერთასზე ვილაპარაკოთ. სეზონი გამარჯვებით დაიწყეთ...
- ძალიან კარგი მეტოქე გვყავდა, რთული თამაში გამოვიდა და ამისთვის მზად ვიყავით. მიმაჩნია, რომ სანახაობრივი თამაში იყო და მაყურებელმა სიამოვნება მიიღო, თასი კი დამსახურებულად მოვიგეთ.

- გია ცეცაძის ხელში გუნდიც გაიზარდა და პირადად თქვენც. არადა, თავიდან ვერავინ წარმოიდგენდა, შარშანდელი შემადგენლობით "სამტრედიას" ჩემპიონობის მოპოვება რომ შეეძლო.

- მიმაჩნია, რომ გია ცეცაძე საქართველოში გამორჩეული მწვრთნელია და ეს შედეგებმაც გამოაჩინა. პირადად მეც რაიმე გამორჩეულს კი არ მელაპარაკებოდა, უბრალოდ, ყოველთვის მენდობოდა და ამას მუდამ ვგრძნობდი. სულ ვცდილობ, რასაც მეტყვის, გავითვალისწინო და შევასრულო. რა თქმა უნდა, ინდივიდუალურ ნაკლზეც მიმითითებს და იმ კომპონენტებზე მამუშავებს, რომელიც მოსამატებელი მაქვს. ამაში ძალიან მეხმარება თემურ ლორთქიფანიძე.

- საერთოდ, ჩემპიონობის მოპოვება ადვილი არ არის, მაგრამ მისი შენარჩუნება უფრო ძნელია. რა შანსი აქვს "სამტრედიას" ამ სეზონში?
- გეთანხმები, წლეულს იმავე გზის გავლა გაცილებით რთული იქნება. მეორე ფაქტორიც არის - რამდენიმე გუნდი გაძლიერდა და მიმაჩნია, რომ წელს ძალიან კარგი და ძლიერი ჩემპიონატი გველოდება. მაგრამ ამის მიუხედავად, "სამტრედიის" მიზანი ტიტულის დაცვა იქნება.

- კონკურენტებად რომელი გუნდები მიგაჩნიათ?
- რთულია ამაზე ლაპარაკი. თითქმის ყველა გუნდი კონკურენტუნარიანია და რომელიმე მათგანის გამორჩევისგან თავს შევიკავებ.

- ახალ სეზონში 36 ტური გაიმართება. ეს ბევრია და დამღლელ სეზონს ელოდებით თუ თამაშების რაოდენობა ოპტიმალურია?
- გრძელი სეზონი გველის და, ჩემი აზრით, ეს ძალიან კარგი იქნება.

- კონკრეტულად, რას გულისხმობთ?
- ამდენი თამაში ფეხბურთელს მუდმივად ფორმაში ამყოფებს და, რაც მთავარია, ევროტურნირებს მომზადებული ხვდება.

- მაგრამ კარგ ფორმას ხელს კარგი საფარი უნდა უწყობდეს. ამ მხრივ კი საქართველოში უმძიმესი მდგომარეობაა...
- კარგი იქნება, ყველა გუნდს თანამედროვე სტადიონი და ბუნებრივი საფარი რომ გააჩნდეს. იმედია, ნელ-ნელა ყველაფერი გამოსწორდება.

- ეს მოედნები დისკომფორტს არ გიქმნის?
- დიდ დისკომფორტს არ წარმოადგენს, რადგან შეჩვეული ვარ, თორემ ბუნებრივ საფარზე თამაში რომ ჯობია, ამაზე ვინ კამათობს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნიკუშა ჯიგარი ხარ!
Guadua
12:35 03-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული