თბილისის "დინამო": კაჭარავა მარჯვენა მცველს ეძებს, ლუკიჩი წავიდა, მიშჩენკოს აკვირდებიან

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" თურქულ შეკრებას აგრძელებს. გუნდში ფიზმომზადების ახალი მწვრთნელი მივიდა - გამოცდილი უკრაინელი სპეციალისტი ვიტალი შპანიუკი, რომელიც უკვე შეუდგა საქმეს.

ამას გარდა, თბილისურ გრანდში სინჯებზეა ასევე უკრაინელი მარჯვენა მცველი, 22 წლის ბოგდან მიშჩენკო. სხვადასხვა დროს მას უთამაშია დონეცკის "მეტალურგში", "დესნასა" და მოლდოვურ "მილსამიში", ერთი მატჩიც უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში აქვს ჩატარებული.

ამასობაში, ცნობილი გახდა, რომ "დინამოს" ახალი მთავარი მწვრთნელის, კახა კაჭარავას გადაწყვეტილებით, გუნდი დატოვა სერბმა მარჯვენა მცველმა სლავკო ლუკიჩმა, ვინც სინჯებზე იყო და, როგორც ჩანს, "დინამოს" სამწვრთნელო შტაბს თავი ვერაფრით მოაწონა.
პლუს ამას, დონეცკის "ოლიმპიკთან" ბოლო სპარინგში ლუკიჩმა ტრავმაც მიიღო და არ არის გამორიცხული, მისი წასვლა ამითიც იყოს გამოწვეული.

რაც შეეხება მორიგ საკონტროლო მატჩს, "დინამო" მას დღეს ბელორუსის მრავალგზის ჩემპიონ ბატე-ს წინააღმდეგ გამართავს. ჩვენი ფეხბურთის ფლაგმანისთვის ეს სერიოზული ტესტი იქნება, რადგან ბოლო წლებში ბატე სისტემატურად (გამონაკლისი მიმდინარე სეზონია) თამაშობს ევროთასების ჯგუფურ ეტაპებზე.

ამ სპარინგს ინტრიგას ისიც მატებს, რომ ბატე-ს შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი ვაკო გვილია თამაშობს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული