[ახლო ხედით] ნამდვილი რაკეტა - ნოდარ ქავთარაძეს მოსკოვში ქომაგობენ

AutoSharing Option
იანვარში თბილისის "ლოკომოტივში" მარჯვენა ნახევარმცველი ნოდარ ქავთარაძე გამოჩნდა. გიორგი დევდარიანის გუნდის ახალწვეულს ქართველი გულშემატკივარი არ იცნობს.

როცა ეს ამბავი გაცხადდა, მხოლოდ მწირი ცნობები მოვიპოვეთ. აღმოჩნდა, რომ ის მოსკოვის "ლოკომოტივის" საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია. ამას გარდა, 24 წლის ფლანგის თავდამსხმელი რუსეთის მოქალაქეა და იქაური პირველი და მეორე ლიგის გუნდებში - მაიკოპის "დრუჟბაში", "ტიუმენსა" და ტვერის "ვოლგაში" თამაშობდა. 2016 წლის ბოლოს თავისუფალი აგენტი გახდა და "ლოკომოტივში" ამ სტატუსით მივიდა.

მასზე ბევრად საინტერესო და მრავლისმეტყველი ინფორმაცია გიორგი ჯიქიას ინტერვიუდან შევიტყვეთ. პოპულარულ რუსულ გაზეთ "სპორტ
ექსპრესთან" მოსკოვის "სპარტაკის" ქართველმა მცველმა ბევრ საინტერესო თემაზე ილაპარაკა და ნოდარ ქავთარაძე საინტერესო კუთხით ახსენა.

ჟურნალისტმა კრიშტიანო რონალდოს ამბავი მოიხმო: პორტუგალიელი ვარსკვლავი "მანჩესტერ იუნაიტედში" სინჯებზე რომ მიიყვანეს, ირლანდიელი ჯონ ოში მოედანზე "ათრია" და ინგლისელებმა ვარჯიშის დასრულებისთანავე კონტრაქტი გაუფორმეს. ჟურნალისტმა გიორგის მორიგი კითხვა ამ ისტორიის გახსენებით დაუსვა - ოდესმე რომელიმე ახალწვეულს თუ გაუოცებიხართო.

"ასეთი პერმის "ამკარში" არ მახსენდება. მაგრამ მოსკოვის "ლოკომოტივი 2-ში" ქართველი ნოდარ ქავთარაძე რომ აიყვანეს, ყველას თვალები "გადმოგვცვივდა". ნამდვილი რაკეტაა! მარჯვენა ფლანგზე ისე დარბოდა, იქ არავინ გაახარა, მაინც ვერ დაეწეოდი. ამ დროს, ჯანო ანანიძეზე 5 სანტიმეტრით დაბალია - წარმოგიდგენიათ?! ასეთებიც ხდება.

ახლა ნოდართან ვმეგობრობ. უმძიმესი ტრავმა მიიღო, მაგრამ მომჯობინდა და თბილისის "ლოკომოტივთან" კონტრაქტი გააფორმა. დამიჯერეთ, მის გვარს კიდევ ბევრჯერ გაიგებთ", - ამბობს ჯიქია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული