შესაძლოა, ოდესმე "დინამოსთან" ისევ ვითანამშრომლო - ინტერვიუ გროზნისთან

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის თანამდებობის მოულოდნელად დატოვების შემდეგ ვიაჩესლავ გროზნიმ ვრცელი ინტერვიუ მისცა უკრაინულ MatchDay-ს, სადაც გადაწყვეტილების მიზეზებზე, საქართველოში მუშაობის შთაბეჭდილებებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინელმა სპეციალისტმა "დინამოდან" წასვლის გადაწყვეტილება ახლახან მიიღო, რის მიზეზადაც ოჯახური პრობლემები დასახელდა.

- ცოტა ხნის წინ თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან წასვლის შესახებ გამოაცხადეთ, სადაც სულ რამდენიმე თვე იმუშავეთ. შეგიძლიათ, უფრო დაწვრილებით გვითხრათ, რა იგულისხმება ფორმულირებაში "ოჯახური მიზეზები"?
- შემიძლია მხოლოდ მადლობა გადავუხადო კლუბის პრეზიდენტ რომან ფიფიას, "დინამოს" გულშემატკივრებსა და ფეხბურთელებს, ერთად გატარებული
თვეების გამო.

პრეზიდენტთან თავიდანვე მოლაპარაკებული ვიყავი სამწლიან თანამშრომლობაზე და კონტრაქტი "1+2" სქემით იყო გაფორმებული. ვაპირებდით ახალგაზრდა ფეხბურთელების მოსამზადებელი პროგრამის განხორციელებას, რათა შეგვექმნა გუნდი, რომელიც ევროთასებზე ღირსეულად გამოსვლას შეძლებდა. ნელ-ნელა შევუდექით კიდეც საქმეს, მით უფრო, რომ თბილისში ყველა პირობაა ფეხბურთელების აღსაზრდელად. შემადგენლობაში ავიყვანეთ 18 და 19 წლის მოთამაშეები. შეკრებაზე 17 და 15 წლის ყმაწვილებიც კი გვყავდა...

თურქეთში კარგი შეკრება გავიარეთ, ჩავატარეთ ძლიერი სპარინგები, მაგრამ ისეთი პირადული ვითარება შემექმნა, რომელიც არ მაძლევდა სახლიდან მოშორებით ყოფნისა და მუშაობის საშუალებას. სიტუაცია მოულოდნელი იყო და "დინამოს" პრეზიდენტს ძალიან არ სურდა თანამდებობიდან ჩემი გაშვება, მაგრამ მაინც გაგებით მოეკიდა საკითხს.

გარკვეული დროის განმავლობაში მომიწევს სხვა პრობლემებზე ზრუნვა, თუმცა ყოველთვის მხარს დავუჭერ და ვუქომაგებ "დინამოს" ისევე, როგორც იმ გუნდებს, რომლებშიც აქამდე მიმუშავია.

- სამწვრთნელო კარიერის დასრულებასაც აპირებთ?
- არა, მუშაობის დიდი სურვილი კვლავაც მაქვს და სამწვრთნელო კარიერის დასრულებაზე საუბარი არცაა. გარკვეული ხნის შემდეგ საქმეში დაბრუნებას შევძლებ.

მიხარია, რომ ჩემი გზა საქართველოში ასეთი დიდი ისტორიის კლუბთან გადაიკვეთა, მაგრამ ცხოვრებას თავისი კორექტივები შეაქვს და ახლა სამწვრთნელო საქმეს უნდა ჩამოვშორდე. ვინ იცის, შესაძლოა, გარკვეული ხნის შემდეგ კიდევ ვითანამშრომლო დინამოელებთან.

- "დინამოში" გატარებულმა რამდენიმე თვემ რა გამოცდილება შეგძინათ?
- ვნახე სტუმართმოყვარე საქართველო, ძალიან ლამაზი თბილისი და გულიანი ადამიანები. "დინამოს" აქვს მშვენიერი ინფრასტრუქტურა: ბაზა, სტადიონი, აკადემია ნიჭიერი ბავშვებით. მათში თამაშის დიდი სურვილი დავინახე. მათ სისხლ-ხორცში აქვთ გამჯდარი ბურთის სიყვარული. მაგრამ ამავდროულად, აუცილებელია უდიდესი მოცულობის შავი სამუშაოს შესრულებაც და მაღალი დონის ფეხბურთელის გასაზრდელად დრო და მოთმინებაა საჭირო.

ამ ბიჭებთან სასიამოვნო იყო მუშაობა და მათთან არანაირი პრობლემა არ მქონია, მიუხედავად იმისა, რომ შეკრებაზე ძალიან იტვირთებოდნენ და უკვე დილის 7:45 სთ-ზე პირველ ვარჯიშს ვატარებდით. დასანანია უბრალოდ, რომ ერთად ცოტა დრო გავატარეთ. დარწმუნებული ვარ, მომავალ ჩემპიონატში "დინამო" ძლიერი იქნება და ყველა ტურნირს მოიგებს.

- როგორ შეაფასებთ "დინამოს" ასპარეზობას საქართველოს ჩემპიონატის დასკვნით ნაწილში თქვენი ხელმძღვანელობით?
- თბილისში ოქტომბერში ჩავედი - ჩემპიონატის მიწურულს, როდესაც გუნდს ჩემპიონობისთვის ბრძოლის შანსი, ფაქტობრივად, აღარ ჰქონდა. საქართველოს ჩემპიონატი გაზაფხული-შემოდგომის სისტემით, ორ ჯგუფად ტარდება. ჩემი ამოცანა გუნდში ახალგაზრდების დაწინაურება და მათი უმაღლეს ლიგაში გამოწრთობა იყო. ეს ამოცანა უნდა შესრულებულიყო ევროპული დონის კლუბის შექმნის პერსპექტივით, რათა გამოზრდილი მოთამაშეები შემდეგ უფრო ძლიერი კლუბებში გადასულიყვნენ.

მომეწონა დერბი თბილისის "ლოკომოტივთან", რომელიც გუნდმა ანგარიშით 4:0 მოიგო და აჩვენა შინაარსიანი ფეხბურთი. "ქუთაისთან" ("ტორპედო") რთულ მატჩში მოვიგეთ, მომეწონა გასვლა ქობულეთში, სადაც ახალგაზრდა მოთამაშეებმა თავი კარგად წარმოაჩინეს...

- სამწვრთნელო კარიერაში თქვენი იძულებითი პაუზა რამდენად ხანგრძლივი შეიძლება იყოს?
- ჩვენ კი ვგეგმავთ რაღაცებს, მაგრამ ღმერთმა უწყის... ზუსტად ხომ არავინ არაფერი იცის, რა იქნება. "დინამოსთან" თანამშრომლობას სამი წლის განმავლობაში ვაპირებდი, მაგრამ ცხოვრებას თავისი კორექტივები შეაქვს. როგორც გითხარით, აუცილებლად დავუბრუნდები სამწვრთნელო საქმეს.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ბ-ნო რომან, გეგუჩაძეს შეუთავსეთ მწვრთნელობა.... მერწმუნეთ, საუკეთესო მწვრთნელი და ტაქტიკოსია საქართველოში... ან იგივე გარსია დააბრუნეთ და შედეგსაც მივიღებთ ყველა... ოღონდ დრო მიეცით და შედეგი სახეზე იქნება... პატივისცემით, დინამოს ქომაგი...
elgvisa
18:19 16-02-2017
0
ამ კლოუნმა რა ტვინი შეჭამა ....
0

სიახლეები პოპულარული