პრო ლიგა 2. "რუსთავი": გამოცდილი ახალწვეულები

AutoSharing Option
"რუსთავი" ახალი სეზონისთვის მზადებას აგრძელებს. ვარლამ კილასონიას ხელმძღვანელობით, გუნდი "ფოლადის" სტადიონზე ემზადება. "რუსთავმა" ჯერ ორი საკონტროლო მატჩი ჩაატარა და ორივე - "გაგრასთან" (3:1, 4:4), შემდეგ კი "მარკ სტარსის თასის" გათამაშებაში ჩაერთო.

"რუსთავი" ამ ტურნირის შარშანდელი გამარჯვებულია. ქვემოქართლურმა გუნდმა ამჯერადაც წარმატებული სტარტი აიღო: ჯერ "მარკ სტარსი 2" დაამარცხა - 3:2, შემდეგ კი 4:0 (დათა სიჭინავა - 2, ბესიკ ჩიმაკაძე, გიორგი ვასაძე) მოუგო "ვიტ ჯორჯია 2"-ს.

აი, მომდევნო საკონტროლო მატჩი (მარნეულის "ალგეთთან") კი ვეღარ შედგა: 1-ელ თებერვალს რუსთავში მოსულმა თოვლმა ერთიანად გადაათეთრა
"ფოლადის" სტადიონი...

...შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში "რუსთავმა" წარმატებით იასპარეზა და პირველი ლიგის "თეთრ ჯგუფში" პირველი ადგილი დაიკავა. თუმცა, იმ სეზონთან შედარებით, გუნდში გარკვეული ცვლილებებია მომხდარი და ჯერ იმათზე ვთქვათ, სხვაგან რომ გააგრძელებენ კარიერას: მეკარე დავით ლეგაშვილი, მარჯვენა მცველი ლუკა თათხაშვილი, მარცხენა მცველი გიორგი ლემონჯავა, საყრდენი ნახევარმცველი მერაბ გიგაური, ცენტრალური ნახევარმცველი ალექსანდრე ივანიშვილი, გარემარბი ბექა ზაქრაძე.

თითქმის გადაწყვეტილი ამბავია, რომ "რუსთავიდან" მიდის გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი, 24 წლის ცენტრალური მცველი ვარლამ კილასონია-უმცროსი. ეს უნივერსალი ფეხბურთელი (ასევე წარმატებით რომ შეუძლია საყრდენი ნახევარმცველის ფუნქციის შესრულება), ძალიან დიდი ალბათობით, ისევ უმაღლეს ლიგას უბრუნდება და კარიერას ფოთის "კოლხეთში" გააგრძელებს.

იმასაც შეგახსენებთ, რომ ვარლამ კილასონია-უმცროსს უმაღლეს ლიგაში სხვადასხვა დროს რუსთავის "მეტალურგში", ცხინვალის "სპარტაკსა" და ბოლნისის "სიონში" უთამაშია.

ახლა კი "რუსთავის" ახალწვეულებზეც, თუმცა ორი მათგანი გარკვეული პაუზის მერე ბრუნდება რუსთავის გუნდში: გამოცდილი მეკარე, 36 წლის მირზა მერლანი 2007-09 წლებში რუსთავის "ოლიმპში" გამოდიოდა, ხოლო ასევე გამოცდილი საყრდენი ნახევარმცველი, 27 წლის გიორგი ვასაძე 2013-14 წლებში თამაშობდა რუსთავის "მეტალურგში".

ანუ მერლანსა და ვასაძეს ადრეც უთამაშიათ ვარლამ კილასონიას ხელმძღვანელობით - რუსთავის გუნდებშიც და "სიონშიც". სხვათა შორის, ბოლნისური გუნდიდან კიდევ ერთი ფეხბურთელი გადავიდა "რუსთავში" - ფლანგის მცველი, 21 წლის გიორგი გაფრინდაშვილი, რომელსაც სისწრაფე გამოარჩევს.

ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ "რუსთავში" გააგრძელონ კარიერა "გურიის" ყოფილმა კაპიტანმა, 27 წლის ერეკლე კილაძემ და 26 წლის გარემარბმა თორნიკე თუხარელმა. აქვე, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კვლავაც "რუსთავში" ითამაშებს გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, 29 წლის მეკარე მიხეილ ალავიძე.

ამ უკანასკნელის გარდა, "რუსთავში" სხვაც არაერთი გამოცდილი ფეხბურთელია: ფორვარდები, 31 წლის ზვიად მეტრეველი და 28 წლის ბესიკ ჩიმაკაძე, გუნდის საუკეთესო ბომბარდირი, 27 წლის შემტევი ნახევარმცველი დათა სიჭინავა და რაღა თქმა უნდა, გუნდის ყველაზე ცნობადი სახე, 31 წლის ნახევარმცველი გოჩა ხოჯავა.

ასეთი შემადგენლობიდან (პლუს, გუნდის კიდევ ორი ლიდერი, ცენტრალური მცველები, ავთანდილ ბრაჭული და გიორგი ნარიმანიძეც უნდა ვახსენოთ) გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ მოახლოებულ სეზონში "რუსთავი" სერიოზულ კონკურენციას გაუწევს პრო ლიგა 2-ის ფავორიტებს: "მერანს", "ვიტ ჯორჯიას", "გაგრას", "სიონს", "ზუგდიდს"...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ზუგდიდი ამოიღეთ ფაორიტთა სიიდან... გასავარდნად არის განწირული!
giorgi
18:12 03-02-2017
0

სიახლეები პოპულარული