ბოლნისის "სიონში" მთავარ მწვრთნელად კობა ჟორჟიკაშვილს უხმეს?

AutoSharing Option
"ლელოს" ინფორმაციით, თითქმის გადაწყვეტილია, რომ ბოლნისის "სიონს" 55 წლის სპეციალისტი კობა ჟორჟიკაშვილი გაწვრთნის. მას ქართველი გულშემატკივრის წინაშე წარდგენა არ სჭირდება.

თავის დროზე, ჟორჟიკაშვილი კარგი ფეხბურთელი იყო, თამაშობდა თბილისის "ლოკომოტივში", ფოთის "კოლხეთში", რუსთავის "მეტალურგში", თბილისის "მრეტებსა" და "შევარდენში", იცავდა საქართველოს ფუტსალის ნაკრების ღირსებას.

ჟორჟიკაშვილს გაუწვრთნია არაერთი ქართული კლუბი - "ლოკომოტივი", "ზესტაფონი", ცხინვალის "სპარტაკი", რუსთავის "მეტალურგი", ბათუმის "დინამო", ქუთაისის "ტორპედო", იყო მწვრთნელ-კონსულტანტი ხონის "იმერეთში"...

საკლუბო საქმიანობისას ჟორჟიკაშვილის ხელმძღვანელობით არაერთი ნიჭიერი ფეხბურთელი დაწინაურდა, რომლებმაც შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურა მოირგეს. ცალკე თემაა მისი
მოღვაწეობა საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში. 2002 წელს, მისი თავკაცობით, ჩვენმა 17-წლამდელებმა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშეს, 2006 წელს კი იტალიაში გამართულ ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ჟორჟიკაშვილის მიერ დამოძღვრილმა საქართველოს ნაკრებმა ოქრო მოიგო...

ზოგადად, არაერთი ისეთი ფეხბურთელის გახსენებაც შეიძლება, რომელთაც დიდ ფეხბურთში გზა სწორედ ჟორჟიკაშვილმა გაუკვალა - სანდრო იაშვილი, გოჩა ხოჯავა, გიორგი ხიდეშელი, მურთაზ დაუშვილი... გასაგებია, რომ ზოგიერთმა ბოლომდე ვერ გაამართლა იმედები, მაგრამ ეს ჟორჟიკაშვილის ბრალი სულაც არაა. ეს არასასიამოვნო მოვლენა მრავალ სუბიექტურ თუ ობიექტურ მიზეზს უნდა მივაწეროთ...

შეგახსენებთ, რომ "სიონმა", გასული სეზონის შედეგების მიხედვით, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა დატოვა და მომავალ სეზონში უძლიერესთა შორის ადგილის დასაბრუნებლად იბრძოლებს.

კლუბიდან წავიდა გენერალური დირექტორი ლადო ბურდული, ასევე, მთელი სამწვრთნელო შტაბი არმაზ ჯელაძის ხელმძღვანელობით. გენერალური დირექტორის თანამდებობაზე კი ქართულ ფეხბურთში კარგად ცნობილი მენეჯერი, წლების განმავლობაში თბილისის "დინამოს" მმართველი დირექტორი ბუბა ტყავაძე იმუშავებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული