მიხეილ მეტრეველი: ეს მუდამ ქართული ფეხბურთის "აქილევსის ქუსლი" იყო...

AutoSharing Option
რამდენიმე დღის განმავლობაში თბილისში მიხეილ მეტრეველი იმყოფებოდა - უკრაინაში წარმატებული ჟურნალისტი და ტელეწამყვანი, რომელიც ბოლო წლებში სამენეჯერო საქმიანობას ეწევა. მეტრეველის ინიციატივა იყო სწორედ დონეცკის "შახტარში" გიორგი არაბიძის წაყვანა.

ის თბილისში 19-წლამდელთა ტურნირსა და საქართველო-მოლდოვის მატჩებს დაესწრო, მერე კი შთაბეჭდილებები გაგვიზიარა.

ულიდერო ნაკრები
- ჯერ საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშზე ვილაპარაკოთ. თქვენი აზრით, რატომ ვერ მოვიგეთ?
- თამაში ძალიან ცუდად დავიწყეთ. რაც ყველაზე გასაკვირია, რომ მოლდოველებმა მოედნის ცენტრში გვაჯობეს. ეს იმის მიუხედავად, რომ ჩვენი ფეხბურთელები მათზე გაცილებით ძლიერები არიან. მაგრამ სტუმრებმა სიხისტითა და
მაღალი პრესინგის გამოყენებით შეგვზღუდეს.

მერე იყო მშვენიერი 30 წუთი, რომლითაც ძალიან ვისიამოვნე, ისევე, როგორც მეორე ტაიმის რაღაც ნაწილით. მოკლედ, ბევრად უკეთესი გუნდი გვყავს, ვიდრე მოლდოვას, მაგრამ მთლიანობაში ჩვენებს ბოლო წუთებში ფიზიკური მომზადება არ ეყოთ. მოლდოველები ვარსკვლავებს ვერ წყვეტენ, მაგრამ პროგრამა-მაქსიმუმს მიაღწიეს, იგორ დობროვოლსკიმ თავისი გუნდის ყველა პლუსი გამოიყენა. ამავე დროს, ჩვენს ნაკრებში რამდენიმე წამყვანმა მოთამაშემ საკუთარი შესაძლებლობები ვერ გამოავლინა.

არ გამოჩნდა ლიდერი, რომელიც თამაშს საკუთარ თავზე აიღებდა. ასეთი ოქრიაშვილია, რომელსაც ძალიან მჭიდროდ მეურვეობდნენ. ის კრეატიული მოთამაშეა და დიდ სამუშაოს ასრულებს. გაიხსენეთ ბელარუსთან, გერმანიასთან, ირლანდიასთან და უელსთან როგორი ეფექტური იყო. მაგრამ ახლა მასაც და გუნდსაც რაღაც ისე ვერ აეწყოთ...

- ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ მოლდოველებმა გათვლა უხეშობაზეც გააკეთეს, პირველივე ტაიმში საქართველოს ნაკრების რამდენიმე წამყვან მოთამაშეს ძალიან უხეშად ეთამაშნენ...
- ესეც სტრატეგიის შემადგენელი ნაწილია, მოლდოვას მსგავსი ნაკრებები სხვაგვარად არც თამაშობენ. არადა, ვაისის ხელში პროგრესი გამოჩნდა ირლანდიასთან და განსაკუთრებით - უელსთან. მიმაჩნია, რომ თამაშის ხარისხიდან გამომდინარე, ამ ციკლში ჩვენ უკვე 7 ქულა უნდა გვქონდეს. მაგრამ მომენტების ცუდი რეალიზაციის გამო მხოლოდ 2 ქულა გვაქვს.

სხვათა შორის, "დინამომ" წარმატებას საბჭოთა პერიოდშიც მაშინ მიაღწია, როცა საგოლე მომენტების რეალიზაციის დონე გააუმჯობესა, თორემ ეს მუდამ ქართული ფეხბურთის "აქილევსის ქუსლი" იყო...

მეორე პრობლემა: შემადგენლობას რომ გადავხედოთ, საქართველოს ნაკრების წევრების ნაწილი კლუბში არ თამაშობს - კვირკველია, ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი, ქვილითაია, კაკაბაძეც ჯერ საბოლოოდ ვერ დამკვიდრდა ესპანეთში... იმათგან, ვინც მოლდოვასთან არ იყო, ერთია მჭედლიძე, რომელიც, ფაქტობრივად, არ თამაშობს "ემპოლიში", ანანიძე კი ხან არის, ხან - არა. მოკლედ, ეს სერიოზული პრობლემაა...

ისე, მსაჯზეც ვიტყვი - ორიდან ერთი პენალტის დანიშვნა ნამდვილად შეეძლო. მაგრამ ფეხბურთში ასეთები პირველად ხომ არ გვინახავს.

ჭანტურია, არაბიძე და სხვები
- საინტერესოა, რას ფიქრობთ გიორგი ჭანტურიაზე?
- ახლა უფრო გუნდური იყო, ვიდრე წინა შეხვედრებში. პირველ ტაიმში მარჯვენა ფლანგი გამოაცოცხლა, მწვავე გარღვევებიც ჰქონდა, საგოლე მომენტებიც შექმნა... მოკლედ, მომეწონა. მაგრამ დაახლოებით მე-60 წუთიდან "ბატარეა დაუჯდა" და ძალა აღარ ეყო. ასე ვთქვათ, გიორგი საერთო სქემაში უნდა "დამონტაჟდეს" და 90 წუთის სათამაშოდ მზად რომ იქნება, ნაკრებსაც ბევრად მეტ სარგებელს მოუტანს.

სხვათა შორის, გუნდში არიან ნიჭიერი ახალგაზრდა ბიჭები, რომლებიც შემდეგი ციკლისთვის საუკეთესო ასაკში იქნებიან. მაგრამ მე ძალიან მომწონს შედარებით ასაკოვანი ნავალოვსკიც. ის მუდამ მობილიზებულია და ომობს, ასე ვთქვათ, გუნდის "მოტორია". საერთოდ კი, ჯგუფიდან გასვლის შანსს თუ დავკარგავთ, შესაძლოა, სჯობდეს, ნაკრებში მეტი შანსი მიეცეთ ახალგაზრდებს. 15-20 წუთიც რომ ათამაშონ, ნელ-ნელა მიეჩვევიან სანაკრებო დონეს და თან მომდევნო ციკლისთვისაც მზად იქნებიან.

- ჩვენი გუნდის მსგავსად, ასეთი ახალგაზრდული შემადგენლობა ევროპაში რომელიმე ნაკრებს თუ ჰყავს?
- სწორად შენიშნეთ. იმ ახალგაზრდებში კი ნიკა კაჭარავა, გიორგი არაბიძე და კიდევ რამდენიმე საინტერესო მოთამაშე ვიგულისხმე.

- არაბიძე ახსენეთ. თბილისში ჩამოსვლას მაინცდამაინც 19-წლამდელთა ტურნირსა და ეროვნული ნაკრების თამაშს არ დაამთხვევდით. რაღაც ჩანაფიქრიც გექნებათ, ან რაღაც გეგმა...
- რა თქმა უნდა, ეს არ იყო დამთხვევა. ცხადია, ორივე ნაკრები მაინტერესებდა და გიორგი არაბიძის თამაშის ნახვაც მსურდა. მე ის შვილივით მიყვარს და მაინტერესებდა, როგორ ითამაშებდა.

გიორგის რთული პერიოდები ჰქონდა, თუმცა მან ეს სირთულე გადალახა და ბოლო პერიოდში ბევრი რამ გაიაზრა.

სხვათა შორის, მირჩა ლუჩესკუსაც შვილივით უყვარდა გიორგი. პაულუ ფონსეკამ კი მთავარი გუნდის შეკრებაზე არ წაიყვანა და დუბლებში დატოვა - ეს ფსიქოლოგიურად ძნელი ასატანი იყო. თავიდან იქაც არ ათამაშებდნენ. მაგრამ ახლა მშვენიერ ფორმაშია და წამოსვლამდე დუბლების მწვრთნელმა ვალერი კრივენცოვმა მითხრა, რომ "შახტარში" ჩარიცხვის შემდეგ არაბიძე პირველად მიიყვანეს ისეთ ფიზიკურ კონდიციებამდე, 90 წუთი რომ ითამაშოს. "შახტარის" დუბლი კი, მიმაჩნია, საქართველოს უმაღლესი ლიგის არც ერთ გუნდს არ ჩამოუვარდება და აქ ჩემპიონობისთვისაც იბრძოლებდა.

ვლადიმირ ვაისმა ეროვნულ ნაკრებში რომ მიიწვია, გიორგი სიხარულისგან დაფრინავდა. თამაშის ბოლოს ითელებოდა და როგორც ვიცი, ვაისი ბოლო წუთებზე მის გამოყვანასაც უპირებდა, მაგრამ მოლდოველებმა ანგარიში რომ გაათანაბრეს, ვეღარ გარისკა.

დაკარგული სტილი
- 19-წლამდელთა ნაკრებზე რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?
- ტრიბუნაზე ვიჯექი და ვფიქრობდი, რომ ეს ბავშვები ქართულ სტილს დაშორდნენ და დიდი ფეხბურთის სათამაშოდ დიდი შრომა დასჭირდებათ. უმრავლესობის ტექნიკა, ბურთის მიღება და პასი უკეთესის სურვილს მიტოვებდა. მწვრთნელს ამ გუნდთან უმძიმესი სამუშაო ელის.

- ეს ნიშანდობლივი მომენტია. ბავშვთა ფეხბურთში მიმართულებები წლების წინ შეიცვალა და ადრინდელივით, ინდივიდუალურად ძლიერ თაობებს მასობრივად ვეღარ ვზრდით...
- 19-წლამდელების მწვრთნელის პრობლემები კარგად მესმის, მას დიდი არჩევანი არ აქვს. სამწუხაროდ, ქართული ფეხბურთის კრიზისი ძალიან გაიწელა და მომავალ თაობათა ზრდის პროცესი ქაოსური გახდა. საბჭოთა სისტემიდან ქართულზე გადასვლა და რეფორმირება აუცილებელია. მცდელობა არის, მაგრამ მეტი რადიკალიზმია საჭირო.

მაგრამ მხოლოდ ცუდის თქმა არ მსურს. ნათესავთან გავჩერდი და დილით სახლიდან რომ გავდიოდი, ბავშვები ფეხბურთით ერთობოდნენ. იმდენი იყვნენ და იმდენად ლამაზად თამაშობდნენ, მივხვდი, რომ საფეხბურთო ქვეყანაში ვიყავი...

- ჩვენთან ეს ბევრისთვის საკამათო გახდა...
- არ დაიჯეროთ! საქართველო ბევრად უფრო საფეხბურთო ქვეყანააა, ვიდრე უკრაინა. იქ ეზოში ფეხბურთს ამდენი ბავშვი არ თამაშობს და ქართველებივით ნიჭიერებიც არ არიან. მაგრამ მათ ფეხბურთელების გაზრდა იციან, აქ კი ეს დაავიწყდათ.

თუმცა, როგორც გავიგე, საქართველო ესპანელების, გერმანელებისა და ბელგიელების გზას დაადგა - მათ რეფორმირება ერთიანი სისტემის დანერგვით დაიწყეს და შედეგი ამან მოიტანა. მითხრეს, საქართველოშიც იგივე დაიწყესო და ეს უკვე კარგია. მაგრამ ფედერაციის პროგრამას არ ვიცნობ. ჩემი აზრით, უნდა გამოცხადდეს სამოქმედო პროგრამა და კონკრეტული მიზანი - არ ვამბობ, ფიფას რეიტინგის ათეულში მოხვედრაზე ვიფიქროთ-მეთქი. მაგრამ ჩვენი რესურსით 50 საუკეთესოში დამკვიდრება რეალური მგონია.

წამგებიანი ქვეყნის პოტენციალი
- ბოლო დროს საქართველოში უკრაინელი და ებრაელი ინვესტორები გამოჩნდნენ. გაუგებარია, რა ინტერესი უნდა ამოძრავებდეთ მათ ქვეყანაში, სადაც ფეხბურთი წამგებიანია? მით უფრო, რომ კლუბს ინფრასტრუქტურის გარეშე იღებენ მართვაში...
- ინფრასტრუქტურის გარეშე? ეს მართლაც უცნაური ფაქტია. პოსტსაბჭოურ სივრცეში მხოლოდ ერთი კაცი ვიცი, ვინც კლუბი ძალიან მაგარ ფასად გაყიდა - ეს არის ბიზნესმენი იაროსლავსკი, რომელმაც ხარკოვის "მეტალისტში" 300 მილიონი დოლარი აიღო. ის იღბლიანი კაცია, მაგრამ პოსტსაბჭოეთში მსგავს ფაქტს გაიხსენებთ?

დიდი ბოდიში, მაგრამ პოკერის ენაზე რომ ვთქვათ, ახლა ქართული კლუბების 99 პროცენტს დოლარზე ძვირად თუ გაყიდიან, ეს ძალიან მაგარი ბლეფის ტოლფასი იქნება. მეორე მხრივ, ინვესტორის პირობები გამჭვირვალე უნდა იყოს. იცოდეს ეს გულშემატკივარმაც. რა არის ამაში მიუღებელი?

მაგრამ პარადოქსულ მოსაზრებას გაგიმხელთ - დიდი ფულის პატრონს რომელიმე ვარსკვლავის, მაგალითად, პოგბას 100 მილიონ ევროდ ყიდვის ნაცვლად, ვურჩევდი, ეს თანხა ქართულ ფეხბურთში დააბანდოს.

- რატომ?!
- იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, ამ ფულის სწორად დაბანდების შემთხვევაში, 5-6 წლის შემდეგ ეს 100 მილიონი, მინიმუმ, 300 მილიონს მოუტანს. 4-მილიონიან საქართველოს 40-მილიონიან უკრაინას ან 150-მილიონიან რუსეთს თუ შევადარებთ, ერთ პარადოქსულ დასკვნასაც გამოიტანთ - აქ ბევრად მეტი ვარსკვლავური პოტენციალის ფეხბურთელი იზრდება.

- სხვათა შორის, ეს მოსაზრება პირველად 10 წლის წინ, "გარდიანის" მიმომხილველმა დაწერა...
- საქართველო სამხრეთული ქვეყანაა და ესპანელების, პორტუგალიელებისა და იტალიელების მსგავსად, ტალანტები მრავლად იბადებიან. მაგრამ მათ თავის ფეხბურთელებს მისცეს აღზრდის სისტემა, მეთოდოლოგია, თანამედროვე ფარმაკოლოგია, მედიცინა, ფიზმომზადება... და შედეგიც მიიღეს. ჩვენ კი ეს გვაკლია: ქართველ ფეხბურთელებს ტექნიკა აქვთ, მაგრამ 90 წუთის განმავლობაში მოძრაობას მიუჩვევლები არიან, მათ შორის, უბურთოდ, დიდი დატვირთვებზე თამაში უჭირთ, ართმევებზე გაქცევა ეზარებათ და ასე შემდეგ. ამის შედეგია, ევროსარბიელზე ჩვენი კლუბები და ნაკრებები 60 წუთის შემდეგ რომ "იფუშებიან".

ჩვენი მომზადება სომხებთან, ფარერებთან და მალტასთან საკმარისია, მაგრამ ძლიერ მეტოქეებთან გაცილებით მეტი ენერგია გვესაჭიროება და პრობლემა სწორედ ამ დროს გვექმნება. ამას მეტოქეთა მწვრთნელები უკვე ითვალისწინებენ. აიღეთ, მოლდოვა - დაგვღალეს და მეორე ტაიმში შემოგვიტიეს. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ბავშვთა ფეხბურთში სელექცია სხვაგვარად უნდა წარიმართოს.

- მაინც როგორ?
- 15-16 წლის ასაკში ბავშვებს დააკვირდნენ და ვინც დიდ დატვირთვებზე მუშაობას ვერ ახერხებს, უნდა დაემშვიდობონ. სხვაგვარად აღარ გამოდის. დღეს ფეხბურთი ტიტანური შრომაა და ვისაც მოძრაობა ეზარება, მოედანზე მათი ადგილი აღარ არის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
კაცი გაოცებული მიდის საქართველოდან ასეთი სუსტი 19წ არ უნახავს ნეტა 17წ თუ ნახა მერე სულ გაგიჟდებოდა ესენი ალხეინად არიან არაფერი მომხდარაო ბავშვები ძლივს გალასლასდენნ სტადიონიდან და არაფერი მომხდარაო სამ თამაშში ერთ ბურთს რო ვერ გაიტან კაცი გაოცდება აბა რას იზავს კიდე მოზომილად ლაპარაკობს არ უნდა გული გვატკინოს
vaja
20:04 19-11-2016
0
ბატონო მიხეილ მიგვეგზავნეთ ფიფაში 40წ თამაშები დაგვინიშნონნ მეტს ვერ ძლებენ ჩვენი ფეხბურთელები თქვენც გაოცდით ხო წლევანდელი 19ქ თამაშით ესენი პატრონებით შეირჩა ფიფიასი მუჯირის ჭუმბურიძის ამისი იმისი და აი შედეგი თუმცა ესენი შედეგზე არ ფიქრობენ მხოლოდ თავისიანს ჩააცვან ნაკრების მაისური ეს აინტერესებთ ბავშვი რო 90წ ვერ გაძლებს ის ნაკრებში უნდა იყოს>
gggggggg
19:50 19-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული