მომავალი ინიესტა - გაიცანით თბილისის ტურნირის საუკეთესო მოთამაშე კარლეს ალენია

AutoSharing Option
თბილისში გამართული ოთხთა საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული ესპანეთი გახდა, ხოლო ჟიურის წევრებმა საუკეთესო ფეხბურთელად პატარა "ფურია როხას" ლიდერი კარლეს ალენია დაასახელეს. მას დავით ყიფიანის სახელობის პრიზი თბილისის "ლოკომოტივის" ტექნიკურმა დირექტორმა, დავით ყიფიანის ვაჟმა, გიორგი ყიფიანმა გადასცა.

18 წლის კარლეს ალენია ცენტრალური ნახევარმცველია და "ბარსელონა B-ს" შემადგენლობაში (რომელიც სეგუნდა B-ში გამოდის) სისტემატურად თამაშობს. მაგრამ კატალონიელთა 19-წლამდელების გუნდს იუნიორების ჩემპიონთა ლიგაში ეხმარება, სადაც წლეულს მეორედ თამაშობს.

საინტერესოა, რომ ალენია ლუის ენრიკემ ლა ლიგის სამ მატჩში კატალონიელთა ძირითადი გუნდის განაცხადში შეიყვანა, თუმცა არ ათამაშა.

სხვათა შორის, ასაკის მიუხედავად, გერმანულმა ინტერნეტსააგენტო "ტრანსფერმაკტმა" ალენიას პირობით ფასად მილიონი ევრო დაასახელა.

"ბევრი სკაუტი მას "მომავალ ანდრეს ინიესტას" უწოდებს. ალენიას აქვს რეალური შანსი, კატალონიელთა ყოფილი ნახევარმცველის გზა გაიაროს, რადგან ახლახან "ბარსელონას" მთავარ გუნდში გადაიყვანეს. 18 წლის ფეხბურთელი თავისი კერპივით ტექნიკურია და გასაოცარი ინდივიდუალიზმით გამოირჩევა. იუნიორების ჩემპიონთა ლიგის შარშანდელი გათამაშების 8 მატჩში 6 ბურთი შეაგდო. განსაკუთრებულად ლამაზი "რომას" კარში გატანილი გოლი გამოდგა. ზაფხულში, კარლესმა, მთავარი "ბარსელონას" ფორმით, გლაზგოს "სელტიკთან" ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა. ახლა კი "ბარსელონაში" პირველი ოფიციალური მატჩის მოლოდინშია", - წერს იტალიური გამოცემა "კალჩომერკატო".

ეს ახალგაზრდა, რომელსაც ასე აქებენ და "ბარსელონას" ლიდერის, ლიონელ მესის გვერდით ვარჯიშის სიამოვნებაც განუცდია, ერთი უბრალო და თავმდაბალი ადამიანია, ინტერვიუზეც უყოყმანოდ დაგვთანხმდა.

- კარლეს, რას იტყვით თბილისის ტურნირზე? როგორი შთაბეჭდილებებით მიემგზავრებით?
- მშვენიერი განწყობით ვბრუნდები, რადგან ესპანეთმაც მოიგო და მეც საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადმომცეს. ასე რომ, კმაყოფილი ვარ ტურნირით, საქართველოში მიღებული გამოცდილებით, თამაშების ორგანიზებით და ამისთვის მათ დიდი მადლობა!

- ყველაზე რთული მატჩი რომელ ნაკრებთან გქონდათ?
- ძლიერი მეტოქეები იყვნენ. მართალია, სამივე შეხვედრა მოვიგეთ, მაგრამ იოლი მატჩი არავისთან გვქონია.

- საქართველოსთან ხომ დიდი ანგარიშით მოიგეთ?
- ქართველებმა შეცდომები დაუშვეს, რაც ჩვენ არ ვაპატიეთ, თორემ ცუდი გუნდი არ იყო. 3-4 ისეთი მოთამაშეა, რომელსაც ძლიერ გუნდში თამაში შეუძლია. პროფესიულ ფეხბურთს ახლა იწყებენ და წარმატებებს ვუსურვებ... ბედნიერი ვარ, ასეთ კარგ ტურნირზე რომ გავიმარჯვეთ.

საერთოდ, თბილისში ჩამოსვლით კმაყოფილი ვარ - ლამაზი ქალაქი და კარგი ხალხი ვნახე.

- მთავარ "ბარსელონაში" როდის გიხილავთ?
- სამჯერ განაცხადში ვიყავი და ერთი ამხანაგური მატჩიც ჩავატარე, მაგრამ ველოდები იმ დღეს, როდესაც "ბარსას" ფორმას უკვე ოფიციალურ მატჩში მოვირგებ. ეს ძალიან ძნელია, რადგან მე ხომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბის წევრი ვარ და თუნდაც შეცვლაზე შესასვლელად დიდი შრომა დამჭირდება.

- მესისთან ერთად ვარჯიშის ბედნიერება გაქვთ. როგორ დაახასიათებთ ლეოს?
- მესი ჩემთვის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე, ნამდვილი პროფესიონალია. მის გვერდით ერთი ვარჯიშითაც კი ვიზრდები და ბევრს ვსწავლობ.

- საინტერესოა, როგორია მესი თანაგუნდელებთან ურთიერთობაში?
- ჩუმია, ცოტას ლაპარაკობს, მაგრამ ძალიან კარგი ადამიანია და თავის საქმეს ბრწყინვალედ აკეთებს. პატარებს გვეხმარება, სულ რაღაცას გვასწავლის, მაგალითს გვაძლევს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული