U18. საქართველო-უკრაინა 2:1 - ბოლო წუთებზე... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოსა და უკრაინის 18-წლამდელთა ნაკრებების მეორე შეხვედრა საინტერესო და დრამატული გამოდგა. შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი უკრაინელების გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.

სტუმრები მოედანზე კაპიტნის სამკლავურით წარმოშობით ქართველმა ჯაბა ფხაკაძემ გაიყვანა. ის ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობდა და ვერ ვიტყვით, რომ თავი განსაკუთრებულად გამოიჩინა - ამაში ხელი გუნდმაც ვერ შეუწყო. მაგრამ საგოლე კომბინაცია სწორედ მან წამოიწყო და საერთოდაც, საკმაოდ ჯანიანი და მეომარი მოთამაშის შთაბეჭდილება დატოვა...

შეხვედრა ქართველების უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ ეს გასაკვირი არც იყო - რამდენჯერაც უკრაინის ეროვნული თუ ასაკობრივი ნაკრები გვესტუმრა, იმდენჯერ დაცვიდან, კონტრშეტევებზე
გვეთამაშებოდა. ამდენად, ტერიტორიული უპირატესობა არაფერს ნიშნავდა.

უკრაინელებმა ჩვენი სისუსტე იციან - ბურთაობით და ამ უპირატესობით დამტკბარი ქართველები მომენტებს ხშირად ვერ იყენებენ, ბოლოს კი იღლებიან, დაცვაში შეცდომებს უშვებენ და აგებენ.

ეს შეხვედრაც დაახლოებით მსგავსი სცენარით ვითარდებოდა. პირველ ტაიმში ჩვენები ბევრს უტევდნენ, მაგრამ კარის აღება ვერ მოახერხეს - რატი არდაზიშვილისა და ნიკა კვანტალიანის მცდელობებმა შედეგი ვერ მოიტანა.

თამაში მეორე ტაიმში გამოცოცხლდა. ძალიან კარგად ათამაშდა ნიკა ნინუა, რომლის მიერ შესრულებული ორი საჯარიმო დარტყმის შემდეგაც სტუმრები ჯერ ძელმა იხსნა, შემდეგ - მეკარე ოლეგ ბილიკმა. მეკარემ გადაარჩინა უკრაინელები იმ ეპიზოდშიც, როცა ლუკა ფოჩხუა ბურთს თავზემოთ უგდებდა და ბოლო მომენტშიღა შეძლო მოგერიება. კარგი მომენტით ვერც ბექა ქავთარაძემ ისარგებლა.

ასეთი უპირატესობის მიუხედავად, ანგარიში მაინც უკრაინელებმა გახსნეს: ფხაკაძის მიერ ჩაწოდებული ბურთი ჩვენს კაპიტანს, ლუკა ლოჩოშვილს მოხვდა, მიმართულება შეიცვალა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ბოგდან ლიედნიევმა ხუთიოდე მეტრიდან ზუსტად დაარტყა - 0:1.

მოკლედ, ნაცნობი სცენარი ამოქმედდა - ვუტევდით და მაინც ვაგებდით, მაგრამ ჩვენების თამაში შეცვლაზე შესულმა გიორგი კოხრეიძემ გაამწვავა და უკრაინელების დამარცხებაში დიდი წვლილი შეიტანა. ჯერ მშვენიერი გადაცემით დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა ქავთარაძე, რომელმაც მეკარეს ვერ აჯობა, მაგრამ მალე წონასწორობა თავად აღადგინა - ჩინებულად შეასრულა საჯარიმო და ბილიკს შანსი არ დაუტოვა - 1:1.

გამარჯვების გოლი კი 86-ე წუთზე გავიდა. კომბინაცია "საბურთალოს" მოთამაშეებმა გაითამაშეს, თანაც იმდენად ლამაზად და ისეთ ტემპში, სწრაფი უკრაინელებიც კი სახტად დატოვეს - კოხრეიძემ შეტევა მარცხენა ფლანგზე ლუკა ლაკვეხელიანს გაუგრძელა, მან კი ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მცველებს თემურ ჩოგაძემ დაასწრო და გამარჯვებისა შეაგდო - 2:1.

U18. ამხანაგური მატჩი
04.06. თბილისი. "მიხეილ მესხი"
საქართველო-უკრაინა 2:1
გოლები: 0:1 ლიედნიევი (78), 1:1 კოხრეიძე (81), 2:1 ჩოგაძე (86. ლაკვეხელიანის პასით)
საქართველო: გუგეშაშვილი - ბულუხაძე (81. კიკალიშვილი), ლოჩოშვილი, ხუბაშვილი (81. ქაფიანიძე), ფიფია (61. ლაკვეხელიანი) - ქოჩორაშვილი (72. კობოური), ნინუა (81. კუცია) - არდაზიშვილი (61. ჩოგაძე), ფოჩხუა (72. ჩაკვეტაძე), კვანტალიანი (72. კოხრეიძე) - ქავთარაძე (81. ერგემლიძე).
მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი
უკრაინა: ბილიკი - ბონდარი (71. ჰუძი), მატვიენკო, შჩასტლივცევი, ველიჩენკო - სერედა (71. ზავინსკი), ალიბეკოვი (71. ტოპალოვი), სმირნი (46. ჩებერკო), ვანტუხი (62. ლუნიოვი) - ლიედნიევი, ფხაკაძე (84. კოროხოვი).
მწვრთნელი: ვოლოდიმირ ციტკინი
გაფრთხილებები: ფოჩხუა (56), მატვიენკო (80)
არბიტრი: ი. კვირიკაშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მაგრად გამეხარდა წარმატებები

tato
21:56 07-06-2016
0
შენ გენაცვალე მარჯვენაში. კაი თაობა მოდის და ბოლომდე უნდა მიაწვნენ ბავშვები
ზსს
11:20 06-06-2016
0

სიახლეები პოპულარული