U21. საქართველო-სან მარინო 4:0 - ლაღი, შემტევი, ხარისხიანი! [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
განახლებული შემადგენლობით და ახალი იმედებით - ასე შეხვდა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სან მარინოსთან მატჩს. მეტოქე, თავისთავად, დიდი ვერაფერი; ეგაა, იმედს გვაძლევს გია გეგუჩაძის მისვლა ქვეყნის რანგით მეორე გუნდში, მწვრთნელისა, რომელიც არავის ჰგავს და რომელსაც არაერთხელ გავუხარებივართ საკლუბო ასპარეზზე...

აქამდე საქართველო ვერაფრით ახერხებდა ახალგაზრდულ დონეზე პოტენციალის სრულად რეალიზებას. უნდა ვივარაუდოთ, რომ ამჯერად სხვანაირად იქნება საქმე. ამის მთავარი წინაპირობა სწორად შერჩეული შემადგენლობაა.

ბოლო დროს პირველად ვნახეთ, რომ ტრავმირებული ფეხბურთელების (გიორგი პაპუნაშვილი, მათე ცინცაძე, აკაკი შულაია, მათე კვირკვია) გარდა, ახალგაზრდულ ნაკრებში ამ დროისთვის
ყველა უძლიერესი შეიკრიბა.

რა თქმა უნდა, სან მარინო არ არის იმ ყალიბის მეტოქე, სერიოზული დასკვნების გამოტანის საშუალებას რომ მოგცემს, მაგრამ ჩვენ მაინც ვნახეთ ის ძირითადი პრიორიტეტები, რაც არაერთხელ გვინახავს გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდების შესრულებით.

ვითამაშეთ კლასიკური 4-4-2 სქემით, ვიმოძრავეთ ბევრი და ვცდილობდით, ყველა სახიფათო მომენტი გამოგვეყენებინა.

რა თქმა უნდა, იყო წუნიც, თუმცა მეტოქეს ყველა კომპონენტში ვაჯობეთ. ეს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, გასაკვირი ნამდვილად არ არის...
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

თამაში დაიწყო თუ არა, საქართველოს ნაკრებმა ეგრევე საგოლე მომენტი შექმნა. ჩვენებურთაგან ერთ-ერთმა საუკეთესომ, გიორგი თევზაძემ, მარცხენა ფრთიდან უშორესი დარტყმით სცადა მოწინააღმდეგის კარის აღება, თუმცა მიზანს ოდნავ ააცილა.

მე-10 წუთზე ანგარიშიც გავხსენით. ოთარ კიტეიშვილის ფეხიდან გიორგი ხარაიშვილს ბურთი საჯარიმოს კუთხესთან მიუვიდა და "საბურთალოს" ლიდერს წამითაც არ უფიქრია - ძლიერი და "მოჭრილი" დარტყმით ბურთი შორეულ კუთხეში გაახვია.

საერთოდ, მთელი ტაიმის განმავლობაში მომენტებს მხოლოდ ქართველები ქმნიდნენ. ფლანგური ჩაწოდების შემდეგ ნიკა კაჭარავამ კარგად დაამუშავა ბურთი და ძლიერადაც დასცხო. გოლი გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ... სტუმრები ძელმა იხსნა.

კაჭარავამ მაინც გაიტანა - ლევან გეგეჭკორის გადაცემის შემდეგ "როსტოვის" ფორვარდი მოწინააღმდეგის საჯარიმოში შეიჭრა, სადაც პიეტრო ძანოტიმ მის წინააღმდეგ თამაშის წესი დაარღვია. მოლდოველმა არბიტრმა ალესანდრუ ტეანმა 11-მეტრიანი დანიშნა, სტუმარს ყვითელი ბარათი უჩვენა, კაჭარავამ კი პენალტის ნიშნულიდან ანგარიში 2:0 გახადა, მიუხედავად იმისა, რომ მეკარემ კუთხე გამოიცნო.

მალევე, საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთი ლამაზი, მრავალსვლიანი კომბინაცია გაათამაშა, თუმცა დამაგვიგვინებელ ფაზაში ბაჩანა არაბულმა ბოლო წინაღობა (მეკარე) ვერ დაძლია.

გაგიკვირდებათ და, პირველი ტაიმი სტუმართა მომენტით დასრულდა - მარკო ბერნარდი ორ ქართველ მცველს დაუსხლტა, თუმცა ძლიერად დარტყმულს სიზუსტე დააკლო.

დაიწყო მეორე ტაიმი და ეგრევე გავიტანეთ. ზეაქტიურმა არაბულმა ფლანგზე გაილაღა და შესანიშნავი პასით კაჭარავას დუბლი შეასრულებინა - 3:0.

მალევე, კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს დაჩი ცნობილაძემ უთავაზა თავური და სანმარინოელები მეკარე ელია ბენედეტინიმ გადაარჩინა.

ცოტა ხანში, შეტევაში ჩართულმა ცენტრალურმა მცველმა ლაშა დვალმა თავზე დაასვა ბურთი კაჭარავას და სტუმარი კიდევ ერთხელ გადარჩა. მერე მრავალსვლიანი კომბინაცია კარში დარტყმით დაასრულა თევზაძემ, თუმცა სიზუსტე დააკლდა.

მეოთხე გოლი საქართველოს ნაკრების სამარქაფოებმა შექმნეს - "ემპოლის" შემტევმა რომან ჭანტურიამ და ბელგიური "ტუბიცეს" მოიერიშე ლევან შენგელიამ კარგად ჩაათამაშეს ბურთი და შენგელიამ საბოლოო წერტილი დასვა - 4:0. ბოლოს ისევ შენგელიას ჰქონდა შანსი, თუმცა კურიოზულ სიტუაციაში ვერ შეაგდო - ხანდახან ფეხბურთში ასეც ხდება.

მოკლედ, გეგუჩაძის დებიუტი შედგა. ახლა მხოლოდ ვარაუდი შეიძლება, რამდენი ქულა ექნებოდა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს, სხვა მატჩებშიც ასეთი შემადგენლობით რომ ეთამაშა. გავრისკავთ და ვიტყვით, რომ ჯგუფიდან გასვლის მხოლოდ თეორიული შანსი არ გვექნებოდა...

მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 28 მარტს, ზესტაფონში გამართავს. ჩვენი გუნდი ამხანაგურ მატჩში უკრაინელ თანატოლებთან მოსინჯავს ძალებს.

მატჩის შემდეგ
მირკო პაპინი (სან მარინოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი):
"წინა კვირაში ვითამაშეთ და მგზავრობამაც თავისი დაღი დაგვასვა. ამის გამო ჩემი ფეხბურთელები დაღლილები იყვნენ. დღეს იღბალი ხან ჩვენს მხარეს იყო, ხან - არა.

ძალიან ძლიერ გუნდს ვეთამაშეთ... ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ. ყოველ მატჩში ვცდილობთ, სხვა ქვეყნებთან ჩამორჩენა შევამციროთ. მინდა, საქართველოს ნაკრებს გამარჯვება მივულოცო".

გია გეგუჩაძე (საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი):
"კარგი დებიუტი გამოვიდა და ეს სასიხარულოა. ფეხბურთელებმა თავი დადეს. ისინი ყველა მომენტში ბოლომდე იბრძოდნენ. გვქონდა ძალიან ბევრი კარგი მომენტი.

ვიცოდით, რომ მოწინააღმდეგე კონტრშეტევებზე ითამაშებდა, ამიტომ ფეხბურთელებს ბურთის დაკარგვისთანავე უკან დაბრუნება დაევალათ...

მოწინააღმდეგე ძლიერი არ იყო, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ბურთი და ტემპი ვიგრძენით. ეს ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია...

სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილება იყო, რომ გუნდისთვის გიორგი აბურჯანიას ეკაპიტნა... ლუკა ზარანდია დისკვალიფიკაციის გამო ვერ მოხვდა განაცხადში.

ის კიდევ ერთ შეხვედრას გამოტოვებს. უნდა დარეგისტრირებულიყო ოფიციალურ თამაშში, რომ დისკვალიფიკაცია მოეხადა".

U21. ევროპის ჩემპიონატი. საკვალიფიკაციო ეტაპი. VI ჯგუფი
23.03. თბილისი. "მიხეილ მესხი". 500 მაყურებელი
საქართველო-სან მარინო 4:0
გოლები: 1:0 ხარაიშვილი (10), 2:0 კაჭარავა (33-პენ), 3:0 კაჭარავა (48. არაბულის პასით), 4:0 შენგელია (81. ჭანტურიას პასით)
საქართველო: ქურდაძე, გეგეჭკორი, ცნობილაძე, ხარაიშვილი, თევზაძე, დვალი, აბურჯანია, გოროზია (72. გოროზია), კიტეიშვილი (80. ფონიავა), არაბული, კაჭარავა (46. ჭანტურია).
სათადარიგოები: კუპატაძე, მარგველაშვილი, მარკოზაშვილი, ტაბიძე.
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
სან მარინო: ბენედეტინი, დ'ადარიო, პროლი, ძანოტი, როსი, გრანდონი, ძაფერანი (72. რასკი), მურაჩინი (46. კონსონი), ბერნარდი, გოლინუჩი (82. მან. ბატისტინი), ტომაზინი.
სათადარიგოები: მანძაროლი, კარლინი, ჩევოლი, რიგი.
გაფრთხილება: ძანოტი (33), ზაფერანი (60), დ'ადარიო (68)
არბიტრი: ა. ტეანი (მოლდოვა)

უახლოესი მატჩები
24 მარტი
ესპანეთი-ხორვატია

27 მარტი
სან მარინო-შვედეთი

28 მარტი
ხორვატია-ესტონეთი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ესპანეთი 5 4 1 0 16-5 13
2. ხორვატია 5 4 0 1 14-3 12
3. შვედეთი 4 3 1 0 10-1 10
4. საქართველო 7 3 0 4 12-12 9
5. ესტონეთი 6 1 1 4 2-15 4
6. სან მარინო 7 0 1 6 1-19 1.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
თქვენ თუ ვერ მოესწარით კითხეთ თქვენს მამებს გაიხსენონ გუცაევი. რა შუაშია ოცდაეერთე საუკუნე?! ბავშვებმა მატაობა არ იციან!!!!
pele- oponentebs
19:32 24-03-2016
0
ძალიან კარგი მატჩი იყო ინდივიდუალურად ყველას ეტყობა რომ ძალიან ნიჭიერები არიან და ვინც ამ თამაშს და თამაშის ხარისხს აკრიტიკებს ფეხბურთის მოდებაში არაა
avto
15:43 24-03-2016
0

სიახლეები პოპულარული