U21. საქართველო VS სან მარინო - რა თქმა უნდა, მხოლოდ მოგება

AutoSharing Option
დღეს, 23 მარტს, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩში სან მარინოს უმასპინძლებს (პირველი მატჩი 21-წლამდელებს სტუმრად 3:0 აქვთ მოგებული ალექსანდრე ჩივაძის ხელმძღვანელობით).

ეს მატჩი "მიხეილ მესხზე" გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება. მის პირდაპირ ტელეტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს. შეხვედრაზე დასწრება უფასოა.

ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ეს იქნება გია გეგუჩაძის სადებიუტო შეხვედრა. თამაშის წინა დღეს მწვრთნელმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა, რომელსაც საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილიც დაესწრო...

Sportall.Ge

- პირველ მატჩს ვატარებ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების
მთავარი მწვრთნელის პოსტზე, - დაიწყო გეგუჩაძემ მისალმების შემდეგ. - ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მიზანი, რა თქმა უნდა, მხოლოდ მოგებაა.

ბუნებრივია, არის სხვაობა საკლუბო და სანაკრებო ფეხბურთს შორის. მიმაჩნია, რომ ხვალ ჩვენ შევძლებთ 3 ქულის მოპოვებას და საამისოდ ყველა ფეხბურთელი მაქსიმუმს გაიღებს.

- რა არის ჩვენი გუნდის მიზანი მიმდინარე ციკლში?
- ჩვენ გვაქვს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის თეორიული შანსი. საქართველოს ნაკრები ყველა შეხვედრაში მოსაგებად გავა მინდორზე. რთული თამაშები დაგვრჩა - სტუმრად ესტონეთთან და შვედეთთან, იოლი არ იქნება საშინაო შეხვედრა ხორვატიასთან.

ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ფეხბურთელი მოვუმზადოთ საქართველოს ნაკრებს. ასევე, დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ქვეყნის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს.

- ყველა მოწინააღმდეგესთან ერთნაირი ტაქტიკით ითამაშებთ თუ სტრატეგიას მეტოქიდან გამომდინარე შეარჩევთ?
- ჩემი აზრით, გვაქვს იმის რესურსი, რომ ჩვენი თამაში სხვას მოვახვიოთ თავს. ეგ არის, რომ საამისოდ ბევრი უნდა ვიშრომოთ. შეიძლება ძლიერ მეტოქესთან დავთმოთ უპირატესობა, მაგრამ ეს იმიტომ უნდა მოხდეს, რომ შედეგს მივაღწიოთ.

ჩემი აზრით, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში არიან ისეთი ფეხბურთელები, რომელთა გამოცდაც შეიძლება ეროვნულ გუნდში, თუმცა ყველაფერი მაინც ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უნდა გადაწყვიტოს.

- რა ფუნქცია ექნება თქვენს სამწვრთნელო შტაბში 17-წლამდელთა ნაკრების ყოფილ დამრიგებელს, ვასილ მაისურაძეს?
- ვადასტურებ, რომ ვასილ მაისურაძე ჩვენს შტაბში იმუშავებს. ჩემი პირველი ასისტენტია გია ჭიაბრიშვილი, ვასილი მეორე ასისტენტი იქნება. ის სელექციის მიმართულებით იმუშავებს, ჭიაბრიშვილი კი საწვრთნელი პროცესის წარმართვაში დამეხმარება.

- ამას წინათ ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ახალგაზრდა ფეხბურთელები ავარჯიშეთ. მომავალშიც გაგრძელდება ეს პრაქტიკა?
- უკვე გვქონდა პირველი ასეთი შეკრება და გვინდა, რომ მომავალშიც იყოს. დიახ, ამას პერმანენტული ხასიათი ექნება.

- სან მარინოსთან შეხვედრაში, გიორგი პაპუნაშვილისა და მათე ცინცაძის გარდა, კიდევ ვინ გამოგაკლდებათ?
- ოთარ კაკაბაძე, მათე კვირკვია და აკაკი შულაია. კიდევ არაერთი ფეხბურთელი იყო გაფართოებულ სიაში. მათ მომავალში აუცილებლად ექნებათ შანსი.

- ვინ უკაპიტნებს ნაკრებს სან მარინოსთან მატჩში?
- ამ საკითხზე ყველა ერთად ვმუშაობთ. შეიძლება მხოლოდ ერთი კონკრეტული შეხვედრისთვის შეირჩეს კაპიტანი და უკრაინასთან ამხანაგურ შეხვედრაში უკვე სხვა კაპიტანი გვყავდეს...

ოთარ კიტეიშვილი:
- ხვალ მნიშვნელოვანი თამაშია. სხვა გუნდებთან შედარებით, მეტოქე სუსტია, მაგრამ ბოლომდე უნდა ვიყოთ მობილიზებულნი.

აუცილებლად უნდა მოვიგოთ. ჩვენგან ქომაგი მოგებას და შედეგიან თამაშს ელის. რამდენიმე ისეთი მატჩი წავაგეთ, რომელიც არ უნდა წაგვეგო. ვფიქრობ, გამოვიტანთ დასკვნებს და მომავალში უკეთესი შედეგი გვექნება.

Sportall.Ge

პრესკონფერენცია დასრულდა თუ არა, საქართველოს ნაკრები ვარჯიშს შეუდგა (სან მარინომაც ის-ის იყო, დაასრულა წვრთნა).

რაც თვალში მოგვხვდა, ჩვეული, გეგუჩაძისეული სტილია - მაქსიმალური კონტაქტი ბურთთან. წვრთნა ნაადრევად დატოვა გიორგი აბურჯანიამ. როგორც შევიტყვეთ, ის, უბრალოდ, დაასვენეს.

დღევანდელი მატჩისთვის ემზადებიან:

საქართველოს ნაკრები
მეკარეები: ლაზარე კუპატაძე (ლოკომოტივი), ბექა ქურდაძე (საბურთალო), ტარიელ ხაინდრავა (რუსთავი);
მცველები: თორნიკე კირკიტაძე (ჩიხურა), ლევან გეგეჭკორი (შუქურა), გიორგი თევზაძე (დინამო თბ), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), ზურაბ ჯაფიაშვილი (სიონი), ლაშა დვალი (შლიონსკი, პოლონეთი), ჯემალ ტაბიძე (გენტი, ბელგია), დაჩი ცნობილაძე (სამტრედია);
ნახევარმცველები: თეიმურაზ მარკოზაშვილი (სამტრედია), ლუკა ზარანდია (გენკი, ბელგია), ოთარ კიტეიშვილი (დინამო თბ), გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო), გიორგი გოროზია (სტაბეკი, ნორვეგია), გიორგი აბურჯანია (ჟიმნასტიკი, ესპანეთი), ავთო ენდელაძე (სამტრედია), პაპუნა ფონიავა (დინამო ბთ), ლაშა ქოჩლაძე (ცხინვალი);
თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა (როსტოვი, რუსეთი), ლევან შენგელია (ტუბიცე, ბელგია), რომან ჭანტურია (ემპოლი, იტალია), ბაჩანა არაბული (დინამო თბ).
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

სან მარინოს ნაკრები
მეკარეები: ელია ბენედეტინი (პიანეზე), ანდრეა მანძაროლი (სან ჯოვანი), მატეო ძავოლი (ლიბერტასი);
მცველები: მიკელე ჩევოლი (სან მარინო კალჩო), მიკელე კარლინი (ტროპიკალი), ანდრეა გრანდონი (სივინანო), ტომას რასკი (ტროპიკალი), ლუკა რიგი (ფოლგორე), მიკელე როსი (ლიბერტასი);
ნახევარმცველები: მანუელ ბატისტინი (იუვენეს დოგანა), მიკაელ ბატისტინი (კატოლიკა), ალესანდრო დ"ადარიო (პიანეზე), დანი გასპერონი (სან მარინო კალჩო), ალესანდრო გოლინუჩი (ტროპიკალი), მასიმო მურაჩინი (პროგრესო), ლორენცო ლუნადეი (ფია), ლუკა პროლი (პანიგალე), ტომაზო ძაფერანი (პიანდილეტო);
თავდამსხმელები: მარკო ბერნარდი (იუვენეს დოგანა), პიეტრო ძანოტი (ოსტერია გრანდე), ლუკა კონსონი (სივინანო), რამონ ტომაზინი (რიბელე).
მწვრთნელი: მირკო პაპინი

რა თქმა უნდა, "ჯუჯებს" არ ჰყავთ ცნობილი ფეხბურთელი და ყველანი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების იოლი გამარჯვების მოლოდინში ვართ. მით უმეტეს, პირველ, საგარეო მატჩში საქართველომ მეტოქეს 3:0 მოუგო.

ერთხელაც დავწეროთ, რომ ეს იქნება გია გეგუჩაძის დებიუტი ქვეყნის რანგით მეორე გუნდის დამრიგებლის პოსტზე.

U21. ევროპის ჩემპიონატი. შესარჩევი ციკლი
23 მარტი
საქართველო-სან მარინო

24 მარტი

ესპანეთი-ხორვატია

27 მარტი
სან მარინო-შვედეთი

28 მარტი
ხორვატია-ესტონეთი.

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ესპანეთი 5 4 1 0 16-5 13
2. ხორვატია 5 4 0 1 14-3 12
3. შვედეთი 4 3 1 0 10-1 10
4. საქართველო 6 2 0 4 8-12 6
5. ესტონეთი 6 1 1 4 2-15 4
6. სან მარინო 6 0 1 5 1-15 1

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ბილეთის ფასი ხოარიცით
?
levani
16:01 23-03-2016
0
თუ იცით დასწრება უფასოა?
:::::
15:59 23-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული