U17. ბოსნია-საქართველო 2:1 - ისწავლეთ, ფეხბურთი მარტივი თამაშია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ვასილ მაისურაძის გაწვრთნილმა 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდი მარცხით დაიწყო. ჭაბუკმა ქართველებმა უმნიშვნელოვანესი სასტარტო მატჩი წააგეს ბოსნიასთან და ახლა დიდი ჯაფა დაადგებათ იმისთვის, რომ აზერბაიჯანში გასამართი ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვონ.

რამ განაპირობა საქართველოს ნაკრების მარცხი? ჩვენ ჩვენს აზრს დავწერთ და უკეთ ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა იცის.

ისე ჩანდა, რომ ჩვენი ფეხბურთელები ძალიან ხშირად ართულებენ სიტუაციას მაშინ, როცა ამის საჭიროება არ არის. ერთ შეხებაშია პასი გასაკეთებელი? ჩვენ ორ-სამ შეხებას ვანდომებთ. თუ კაცი არ არის მოსატყუებელი, მაინცდამაინც მოტყუებას ვცდილობთ... მეტოქემ კი ითამაშა მარტივი,
დალაგებული ფეხბურთი და საბოლოოდ, საწადელსაც მიაღწია.

იტალიის ნაკრებთან ერთად, ბოსნია ჯგუფის უდავო ფავორიტად იქცა. იტალია კი სულ სხვა თემაა - მისი მჯობი გუნდი თბილისში არ ჩანს...

რა თქმა უნდა, წაგება მხოლოდ ერთი ფეხბურთელის ბრალი ვერ იქნება. გუნდის კაპიტანს, მეკარე ლუკა გუგეშაშვილს, ეს თამაში აშკარად ჩაუვარდა, მაგრამ ჯოხს მხოლოდ მასზე ვერ გადავტეხთ. ისიც ფაქტია, რომ მეკარეს სათამაშო პრაქტიკა სჭირდება და ეს სამომავლოდ აუცილებლად გასათვალისწინებელია...

მე-11 წუთზე ბალკანელებმა კინაღამ გახსნეს ანგარიში. ბურთის მარტივად ამოტანის ნაცვლად, გუგეშაშვილმა მეტოქის ფორვარდის მოტყუება განიზრახა, რაც გამოუვიდა კიდეც, თუმცა ლუკას რეშიჩმა აართვა ბურთი და ტომას დადიჩს უპასა. მან ახლო მანძილიდან დარტყმულს სიზუსტე დააკლო...

სამ წუთში ანგარიში გავხსენით. "საბურთალოს" ფორვარდმა გიორგი ივანიაძემ ძლიერად დაარტყა, ბურთი ბოსნიელთა მცველ მილან მირიჩს მოხვდა და მეკარე ფილიპ ვაცილიმ თავისიანების გადარჩენა ვეღარ მოახერხა.

დიდხანს არ გვაცალეს გოლით ტკბობა - ბოსნიამ იქვე გაგვითანაბრა. მე-17 წუთზე რეშიჩმა მარცხენა ფლანგიდან ჩააწოდა ბურთი ქართველთა საჯარიმოში. ყველა საფეხბურთო წესით, ის ბურთი გუგეშაშვილის ადვილი ნადავლი უნდა გამხდარიყო... ლუკამ ბურთი ხელებში კი დაიჭირა, მაგრამ... კარში შევიდა და...

მეორე ტაიმში სახიფათო მომენტები ნაკლებად იქმნებოდა. ქართველთაგან ყველაზე მეტად ნიკა ნინუა და გიორგი ჩაკვეტაძე აქტიურობდნენ. თავიდან ახლოს მიზანთან ნინუა იყო, თუმცა მის მიერ დარტყმული ბურთი ბოსნიელთა კარის დარაჯმა მოიხელთა.

მაისურაძემ მინდორზე ზურა დავითაშვილი შეუშვა და თამაშიც შედარებით გამწვავდა. ამ ნაკრების მესამე მატჩს ვუყურე და უნდა ვთქვა - ეს გუნდი აშკარად ღარიბია ინდივიდუალისტებით. გამონაკლისია დავითაშვილი, ოღონდ ის პარტნიორებზე 2 წლით უმცროსია...

72-ე წუთზე მას შესანიშნავი მომენტი ჰქონდა - კარგად წაიღო ბურთი და ძლიერად დაარტყა. ვაცილიმ ურთულესი ბურთი მოიგერია. რომ არა მისი შესანიშნავი თამაში, ანგარიში აუცილებლად გათანაბრდებოდა...

75-ე წუთზე ბოსნიელთა შეტევა ფლანგური ჩაწოდებით დასრულდა. სტეფან კოვაჩი კარგად გაიხსნა, ჩვენს მცველებს დაუსხლტა და ერთი შეხებით გაიტანა ბალკანელთა გამარჯვების გოლი.

ბოლო წუთებზე მაისურაძის ბიჭებმა მთელი ძალებით სცადეს ქულის გადარჩენა. ალექსანდრე ანდრონიკაშვილის თავურზე ბოსნიელთა კიპერმა იმარჯვა. იქვე, სტუმართა საჯარიმოში დიდი არეულობა შეიქმნა და პენალტსაც ვითხოვდით, თუმცა - უშედეგოდ.

ქომაგებს იმედი გაუცრუვდათ. მატჩის დასრულების შემდეგ იმასაც გაიგონებდით, რას ერჩოდნენ გოჩა ავსაჯანიშვილს, შედეგი დადო, რატომ მოხსნესო?.. ზოგი იმასაც ამბობდა - დროა, საქართველოში ფეხბურთი საერთოდ ავკრძალოთო...

მოდი, რადიკალიზმს შევეშვათ. ბიჭებს შუა გზაზე ნუ მოვუკლავთ იმედს, რომელიც ჯერ კიდევ შეგვრჩა. დასრულდება ტურნირი და მტყუან-მართალი მერე გავარჩიოთ...

მატჩის შემდეგ
ვასილ მაისურაძე: "თავიდანვე ვიცოდით, რომ რთული თამაში გვექნებოდა. ქარმა დაღი დაასვა თამაშს. ერთ რომელიმე ფეხბურთელზე არ მიყვარს ლაპარაკი, მაგრამ მეკარის შეცდომებმა არია გუნდი...

არ მგონია, გუგეშაშვილი თადარიგში გადაჯდეს. ის ჯერ 16 წლისაა და ცხადია, ექნება შეცდომები, მაგრამ უნდა გაითვალისწინოს მომავალში... ფაქტია, გართულდა ჩვენი გზა ევროპის ჩემპიონატისკენ, მაგრამ შანსი არის. ორივე თამაში უნდა მოვიგოთ, რომ გავიდეთ...

რაც შეეხება დავითაშვილს, ის არის ერთადერთი პროფესიონალი სათადარიგოთა სკამიდან. მას შეიძლება ბოლომდე დაეყრდნო. სხვაზე ვერ ვიტყვი ამას. იმიტომ დავტოვე თადარიგში, რომ თამაში გაემწვავებინა. ვფიქრობ, მეორე შეხვედრაში ძირითადში მოუწევს თამაში".

ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატი. ელიტრაუნდი. III ჯგუფი. I ტური
15.03. თბილისი. "მიხეილ მესხი"
ბოსნია-საქართველო 2:1
გოლები: 0:1 ივანიაძე (15), 1:1 რეშიჩი (17), 2:1 კოვაჩი (75)
ბოსნია: ვაცილი, პერიჩი, ბეშირევიჩი, ჩელიკოვიჩი, ველიჩი, მირიჩი (75. სადიკუ), რეშიჩი (80. შაბაჯანოვიჩი), კოვაჩი, დადიჩი, ველაჯიჩი, ბ. ჰაჯიჩი (66. ვლადიჩი).
სათადარიგოები: დუიმოვიჩი, ნ. ჰაჯიჩი, ვულეტიჩი, მეჰულიჩი
მწვრთნელი: საკიბ მალკოჩევიჩი
საქართველო: გუგეშაშვილი, კიკალიშვილი, ქაფიანიძე, კასრელიშვილი, ხარაბაძე, კუცია, ნინუა, შეწირული (41. ანდრონიკაშვილი), ქავთარაძე (54. დავითაშვილი), ჩაკვეტაძე, ივანიაძე (74. სპანდერაშვილი).
სათადარიგოები: კერესელიძე, გულბანი, ასათიანი, ოზბეთელაშვილი
მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე
გაფრთხილება: ჩელიკოვიჩი (36), ივანიაძე (58), კუცია (71), რეშიჩი (80)
გაძევება: დადიჩი (75)
არბიტრი: ფ. კარაკო (უნგრეთი).

15.03. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათადარიგო)
რუსეთი-იტალია 0:4
გოლები: 0:1 მელეგონი (5), 0:2 კინი (25), 0:3 კინი (66), 0:4 პინამონტი (73)

დარჩენილი მატჩები
17 მარტი
14:00 რუსეთი-საქართველო ("მიხეილ მესხი")
16:00 იტალია-ბოსნია ("მიხეილ მესხი", სათ)

20 მარტი
14:00 ბოსნია-რუსეთი ("მიხეილ მესხი", სათ)
14:00 საქართველო-იტალია ("მიხეილ მესხი").

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 19 /
მეკარე მაგარი ბიჭი ხარ შენ და აჩვენე ყველას შენი შესაძLებლობები
niko
00:24 17-03-2016
0
მეკარე მაგარი ბიჭია მაგრამ ამ თამაშზე რა სჭIრდა არ ვიცი...მხოლოდ მეკარე ნუ დააბრალით ერთი შეცდომა დაუშვა და გუნდმა კიდევ ერთI გოლი ვერ გაიტანა ნორმალური! უფრო მეტი მონდომება ბიჭებო აბა თქვენ იცით თქვენი იმედი მაქვს
mikheili
00:20 17-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული