სატრანსფერო სიახლეები
არქივის კალენდარი
"ჩემი ბიჭების თამაშზე მაინც ვივლი, დავჯდები ტრიბუნაზე მარტო და ბოლომდე ვუქომაგებ"
AutoSharing Option
13:35 14-01-2016
გოჩა ავსაჯანიშვილი საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს აღარ გაწვრთნის. მის აწ უკვე ყოფილ გუნდს, რომელსაც წინ თბილისური ევროშესარჩევი ელიტრაუნდი ელის, ვასილ მაისურაძე უთავკაცებს...

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ცოტა ხნის წინ მიღებული გადაწყვეტილება არაერთმნიშვნელოვნად შეფასდა, რადგან, ზოგადად, მწვრთნელი მის მიერ მიღწეული შედეგით ფასდება, რომელიც ფაქტია, საქართველოს ამ ნაკრებს ჰქონდა.

ავსაჯანიშვილმა Sportall.ge-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი ნაკრებში მისი შემცვლელის ვინაობის შესახებ...

- მოდით, სულ თავიდან დავიწყოთ...

- ამ ნაკრებს უკვე მესამე წელია ვხელმძღვანელობდი და ამ ხნის განმავლობაში იყო წარმატებები. საქართველოს კუთხე არ არსებობს, სადაც არ ჩავსულვართ, თამაშები არ ჩაგვიტარებია და იქიდან არ აგვირჩევია ნაკრებისთვის ფეხბურთელები. უნგრეთიდან დაბრუნებული კვლავ დავაკვირდებოდი ფეხბურთელებს, რამდენადაც ეს ისეთი ასაკია, რომელშიც 2-3 თვეში ბავშვი შეიძლება შეიცვალოს და სულ სხვა დაგხვდეს. ფედერაციის სათავეში მოსულ ახალ ხელმძღვანელობას მაგიდაზე დავუდე გეგმა, შეფასებები და ვუთხარი, რომ იმ ფეხბურთელების გამოძახებას ვაპირებდი, ვინც ამ მოგზაურობების დროს ჩვენი სიმპათიები დაიმსახურა, მაგრამ ჯერ ნაკრებში გამოძახებული არ გვყავდა.

- მაგრამ არ დაგცალდათ...
- მწვრთნელებს ერთწლიანი კონტრაქტები გვქონდა. მე რასაც მეუბნებოდნენ, იმას ვაკეთებდი, შედეგი მქონდა - ჯგუფიდან გავედით, მაგრამ გამათავისუფლეს. ეტყობა, ესეც არ იყო საკმარისი...

- ხმები დადის, თქვენ გათავისუფლებას პოლიტიკური დატვირთვა აქვს...
- საერთოდ, არ მიყვარს ვინმესთვის რამის დაბრალება. სამწუხაროდ, დღეს ხშირია აზრს მოკლებული საუბრები და, უფრო მეტიც, ბრალდებები, მაგრამ ასე არ არის. ლევან კობიაშვილს და დავით მუჯირს შევხვდი, ვესაუბრე. მითხრეს, რომ თქვენს წარმატებას ჩვენ არ უარვყოფთ, მაგრამ სხვა ხედვა გვაქვსო.

- რა ხედვა?
- არ ვიცი, არ დაუკონკრეტებიათ.

- იქნებ ის, რომ გუნდი ჯგუფიდან, შეიძლება ითქვას, სასწაულებრივად გავიდა და მეტს ვითხოვდით?
- არა მგონია. ჩემი ასისტენტი ნაკრებში დარჩა, მხოლოდ მე გამათავისუფლეს და სიმართლე გითხრათ, რა ხდება, ვერ გავიგე. ფეხბურთის ფედერაციას წარმატებებს ვუსურვებ, მაგრამ კარგი იქნებოდა, ცოტა მეტი ყურადღება მიექციათ იმ მწვრთნელებისთვის, ვისაც შედეგი ექნება.

მე ვარ ჯარისკაცი, რომელიც ნებისმიერი გენერლის მოსვლისას მზადაა, თავისი საქმე აკეთოს. და ეს საქმე მწვრთნელობაა.

- ფედერაციიდან მხარდაჭერა ამ ხნის მანძილზე საერთოდ არ გიგრძვნიათ?
- ლევან კობიაშვილი იყო უნგრეთში ჩამოსული და ამან ძალიან დიდი სტიმული მისცა ბიჭებს. მისი ძალიან მადლიერი ვარ.

საქართველოში ჩამოსვლისას კი არავის გავხსენებივართ. მე მწვრთნელი ვარ, რომელმაც ჩემი საქმე უნდა ვაკეთო, მაგრამ ვინმეს მაინც ხომ შეეძლო, მისულიყო იმ ბიჭებთან და შეექო? ხომ შეეძლოთ, ელემენტარული, მიელოცათ მაინც? მაგრამ არა - სრული უყურადღებობა.

კიდევ ერთ საკითხს მსურს შევეხო. ხდება ხოლმე ისე, რომ ნაკრები აგებს. ამ დროს ტელევიზიები მიადგებიან ხოლმე და პასუხს ითხოვენ, თუ რატომ მოხდა ასე... ამ ბიჭებს კი ერთი გადაცემაც არ მიუძღვნეს, ერთხელაც არ ახსენეს. დღემდე მიკვირს, რომ არცერთ ტელევიზიას ჩემთან საუბრის სურვილიც კი არ გამოუთქვამს. ხომ ამბობენ ადამიანზე, არაფოტოგენურიაო. ჰოდა, ეტყობა მე ჩვენი ტელევიზიებისთვის არატელეგენური ვარ.

- საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ რამდენიმე ფეხბურთელი უცხოეთში წავიდა...
- ეს ამ ნაკრების ერთ-ერთი უმთავრესი წარმატებაა. ხშირად აკრიტიკებდნენ ამ
You must have Flash Player installed in order to see this player.
ბიჭებს, უნიჭოები არიან, არ იციან ფეხბურთის თამაშიო, მაგრამ, მე თუ მკითხავთ, ეს ერთ-ერთი საუკეთესო თაობაა და მათი დიდი ნაწილი ასაკობრივ ნაკრებებს გაივლის, მივა ეროვნულ ნაკრებამდე და იქაც წარმატებულად იასპარეზებს.

- 17-წლამდელები მარტში თბილისში ელიტრაუნდს ითამაშებენ. როგორ ფიქრობთ, რამდენად იმოქმედებს გუნდზე ტურნირამდე 3 თვით ადრე მთავარი მწვრთნელის შეცვლა?
- ჩემი გათავისუფლება ძალიან დიდი შეცდომა იყო.  3 წელია ამ გუნდს ვწვრთნიდი. პოლონეთში თამაში არ წაგვიგია, ბელგია გავაგდეთ და ბოლოს, შვეიცარიასთან გამოვვარდით, ისიც პენალტებში. ხშირად წერენ, რომ განსაკუთრებული დონის გუნდებისთვის არ მოგვიგია. მოდით, ვისაც კარგად ესმის ფეხბურთი, დაჯდეს, გადახედოს ჩვენი მეტოქეების შედეგებს და მერე მაკრიტიკოს.

გუნდის როგორც ძლიერი, ისე ყველა სუსტი მხარე ვიცოდი, ახალ მწვრთნელს კი არ ეცოდინება ამდენი. მაგრამ მე ამ ბიჭების მჯერა, ისინი 12 წლის ასაკიდან ერთად იზრდებიან, ერთმანეთის თამაში შესწავლილი აქვთ და აუცილებლად მიაღწევენ საწადელს. 

აქვე ვიტყვი, რომ ვინც არ უნდა დაინიშნოს ჩემ შემცვლელად, ჩემი ბიჭების თამაშზე მაინც ვივლი, დავჯდები ტრიბუნაზე მარტო და ბოლომდე ვუგულშემატკივრებ. როგორც აქამდე დავდიოდი თამაშამდე ტაძარში და მათზე ვლოცულობდი, ახლაც ასე იქნება - არაფერი შეიცვლება. მე მათ სხვის ბიჭებს ვერ ვუწოდებ, ჩემები არიან.

- როგორი იქნება თქვენი მომავალი? დასვენებას ხომ არ გეგმავთ?
- მართალია, ბევრი ემოცია და დაღლა იყო, მაგრამ დასვენება არ მსურს. ჩემი სკოლა მაქვს და მას მივხედავ. ისე კი, თუ ვინმე შემომთავაზებს გუნდში კონტრაქტს, უკან არ დავიხევ.

- ვთქვათ, საქართველოს ჩემპიონატის გუნდმა შემოგთავაზათ კონტრაქტი...
- მე არ ვეძებ გუნდს, სადაც დიდი დაფინანსებაა. რაც იქნება, წავალ, რადგან მე ეს საქმე კარგად ვიცი და ყველგან დავამტკიცებ ამას. თავს არ ვიქებ, მაგრამ იკითხეთ, ვინ მყავს გაზრდილი და როგორ. ზოგი ისეთი სოფლიდან მყავს ჩამოყვანილი, რუკის გარეშე ვერ მიაგნებთ და ისინი დღეს ფეხბურთს თამაშობენ. ასე რომ, არა უშავს, არ დავიკარგები, მექნება ვარიანტები, თუნდაც ქართული გუნდიდან. ვიღაც მენდობა...

- ბოლო პერიოდში ჯერ "ოლიმპი" დაინგრა, შემდეგ გლდანის სტადიონიც საფრთხის ქვეშ დადგა...
- ეგ ლევან კობიაშვილს არ ეხება, სხვა წარმომავლობის საქმეა. როგორ გგონიათ, კობიაშვილი ამხელა სტრუქტურას, ორ სტადიონს დაანგრევინებდა ვინმეს, თუ მისი გადარჩენის გზა იქნებოდა? ლევანს დიდი ხანია ვიცნობ. ჩემზე პატარაა, მაგრამ დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს. არაა ის პიროვნება, რომელსაც თავში ასეთი მზაკვრული აზრი გაუვლის. ჩემზეც ბევრ ჭორს წერენ, არა უშავს...

- ვინ და რატომ ავრცელებს?
- უნგრეთში წასვლამდე გაიოზ დარსაძე იყო ერთ-ერთ ტელევიზიაში და გულშემატკივარმა კითხვით დაურეკა, გოჩა ავსაჯანიშვილს A კატეგორია როგორ მიეცითო. გაიოზმა გოჩა ჩემი მეგობარია, თავის საქმე კარგად იცის და გთხოვთ, ასეთ რამეს ნუ იძახითო. 

უნგრეთიდან რომ ჩამოვედი, მივედი იმ ჟურნალისტთან გადაცემაში და ეთერის მეშვეობით ვთქვი:

"გაიოზ, თქვენ მოგმართავთ. თქვენ რომ შეგეკითხათ ის პიროვნება ჩემთან დაკავშირებით, საიდან მიეცით A კატეგორიაო, პასუხი გაეცით ახლა - აი, აქედან, ამ კაცს ჰქონდა შნო, რომ ელიტრაუნდში გაეყვანა ნაკრები".

ასე რომ, არ ვიცი, ვინ ავრცელებს ჭორებს, მაგრამ მათი უმეტესობა უსაფუძვლო და აზრს მოკლებულია.
odala
20:02 25-01-2016
რა განატლებაქ ავსაჯანას ა კატეგორია გაკმყოპილებს
giorgi
15:02 24-01-2016
გოჩა ავსაჯანიშვილს ჩემი ბავშვობიდან ვიცნობ. სტადიონი ჩემს კორპუსთანაა და ყოველთვის ვაკვირდებოდი მის სამწვრთნელო მუშაობას. ეს არის ნამდვილი პროფესიონალი ახალგაზრდა თაობის განათლებაში. არ მახსოვს, რომ მას ყასიდად, თვალის ასახვევად ჩაეტარებინოს ვარჯიში, სულს ხდიდა მოზარდ ფეხბურთელებს კარგი გაგებით. რაც მთავარია, არასდროს მინახავს გოჩა ნასვამი, ყოველ შემთხვევაში, - ვარჯიშზე მისული. არველაძეებთან მეგობრობას თუ ვუთვლით მხოლოდ ცოდვას, თქვენი ნებაა! ფინანსურ საკითხებს გოჩა არ წყვეტდა არასდროს. მისი კერძო საუბრებისთვის არაერთხელ მომიკრავს ყური, სულ ჩიოდა პრობლემებზე, რომ მშობლებს უწევთ ბევრი ხარჯის გაღება და ასე შემდეგ.. ნუ დაკარგავთ ასეთ პროფესიონალს!