U21. საქართველო VS ესპანეთი - ნუ შევუშინდებით გოლიათებს!

AutoSharing Option
დღეს, 21:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ესპანელ თანატოლებს დაუპირისპირდება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს "II არხი" წარმოადგენს.

ევროშესარჩევი ციკლის მატჩი განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, რაკი პირენეელებს ამ ასაკშიც განსაკუთრებულად ძლიერი გუნდი ჰყავთ.

ამ დროისთვის, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს სატურნირო ცხრილში 3 ქულით მესამე ადგილი უჭირავს. ესპანეთი მეოთხეა, ოღონდ ასპროცენტიანი შედეგით - ერთი მატჩი 3 ქულა...

რატომ ვერ ჩამოვიდა ჰუფნაგელი?
დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ლუკას ჰუფნაგელის საკითხმა. ბევრი დღემდე მიიჩნევს, რომ ჰუფნაგელი საქართველოს რანგით მეორე გუნდში სათამაშოდ არ ჩამოვიდა - თითქოსდა, მას საქართველოს
ნაკრებში თამაში არ სურს.

გვინდა ქართველი გულშემატკივარი დავარწმუნოთ - ჰუფნაგელს საქართველოს ახალგაზრდულ და ეროვნულ ნაკრებებში თამაში გულით სურს და ითამაშებს კიდეც. უბრალოდ, ამ ეტაპზე ლუკასს კლუბმა ურჩია (და ახალგაზრდული ნაკრების ხელმძღვანელობაც დაეთანხმა გერმანელთა თხოვნას), დარჩენილიყო "ფრაიბურგში", რათა ბოლომდე დაიმკვიდროს ადგილი ამ გუნდის ძირითად შემადგენლობაში.

ფეხბურთელიცა და მისი ოჯახიც მტკიცედ დგანან გადაწყვეტილებაზე, რომ ლუკასმა საქართველოს ნაკრების ღირსება უნდა დაიცვას!

ალექსანდრე ჩივაძე: ასეთ სიტუაციაში ყოფნა ძალიან რთულია...
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ვარჯიშის დაწყებამდე ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ პრესკონფერენცია გამართა:

- როცა ჩვენი ჯგუფი შედგა, მას იმთავითვე "სიკვდილის ჯგუფი" უწოდეს. ესპანეთის ძალა ყველამ ვიცით. ხორვატიაც ძალიან ძლიერია. შვედეთი ევროპის ჩემპიონი გახდა. ჩვენც ჩვენსას ვცდილობთ...

ოთხშაბათს უმნიშვნელოვანესი თამაში გვაქვს. რამდენიმე ფეხბურთელი დაგვაკლდება. როგორც იცით, ვერ ჩამოდის ლუკას ჰუფნაგელი... ორშაბათს თამაში ჰქონდა და ახლახან ჩამოვიდა თბილისში ლაშა დვალი... დღეს პირველად ივარჯიშებს გუნდთან ერთად გიორგი აბურჯანია... დაშავებულები არიან გიორგი პაპუნაშვილი, მათე კვირკვია და გიორგი ხარაიშვილი... რაც შეეხება ოთარ კაკაბაძეს, ის ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული.

- ფაქტია, მეტოქედ უძლიერესი ესპანეთი გვყავს. მზად ხართ?
- ჩვენი მთავარი პრობლემაც ის არის, რომ მოსამზადებლად ცოტა დრო გვაქვს. დღემდე სრული შემადგენლობით არ უვარჯიშია გუნდს და ასეთ სიტუაციაში ყოფნა ძალიან რთულია.

- როგორი განწყობაა გუნდში?
- ჩვენ საბრძოლო განწყობით გავალთ მინდორზე.

- შიში ხომ არ შეიმჩნევა ჩვენს ფეხბურთელებში?
- არა, არანაირი შიში!..

- შანსებზე რას იტყვით?
- მე ასე ვიტყვი: თამაშის დაწყებამდე შანსები თანაბარია. შანსი ყველასთან არის.

- ესპანელებს არ ჰყავთ მარცხენა მცველი გაია. ეს ჩვენი კოზირი ხომ არ იქნება?
- ვიცით ესპანელთა დანაკლისზე და მეტიც - მათ მარცხენა ნახევარმცველიც დაშავებული ჰყავთ. ჩვენ ვუხმეთ ნაკრებში გეგეჭკორსა და ცერცვაძეს. ხორვატიაში მარჯვენა მცველის პოზიციაზე ვათამაშეთ გადრანი და ეს იძულებითი ნაბიჯი იყო.

* * *
ეს ითქვა ჩივაძის პრესკონფერენციაზე. ჩვენ კი დავძენთ, რომ დიდი ალბათობით, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი და ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე მალე ორ თანამდებობაზე ერთად აღარ იქნება, თუმცა ეს სხვა თემაა და მომავლისთვის გადავდოთ...

საქართველოს ნაკრებმა საათზე მეტხანს ივარჯიშა. იყო "გაწელვები", "კვადრატები", კარში დარტყმები, თავბურთი მოკლე მონაკვეთში და ასე შემდეგ.

ვარჯიში ახალი დაწყებული იყო, როცა ლაშა დვალი გამოჩნდა. "დუისბურგის" მცველი ჯერ ინდივიდუალურად დაიტვირთა, მერე კი ძირითად ჯგუფს შეუერთდა. ბოლოს ფეხბურთელებმა "ორკარა" გააჩაღეს და ამით ვარჯიშიც მორჩა.

აქვე შეგახსენებთ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობას, რომელიც ესპანეთთან მატჩისთვის ემზადება:

მეკარეები: ოთო გოშაძე ("ქასიმფაშა", თურქეთი), ბექა ქურდაძე ("საბურთალო"), ბაჩო მიქავა ("ლოკომოტივი", თბ);
მცველები: ლაშა დვალი ("დუისბურგი", გერმანია), გიორგი თევზაძე ("დინამო", თბ), დაჩი ცნობილაძე ("სამტრედია"), დავით უბილავა ("ლოკომოტივი", თბ), გიორგი გადრანი ("ჩერნომორეცი", უკრაინა), ჯემალ ტაბიძე ("გენტი", ბელგია), ლევან გეგეჭკორი ("შუქურა", ქობულეთი), გიორგი ცერცვაძე ("ცხინვალი");
ნახევარმცველები: ავთო ენდელაძე ("სამტრედია"), მათე ცინცაძე, საბა ლობჟანიძე, ოთარ კიტეიშვილი (ყველა - "დინამო", თბ), გიორგი ხარაიშვილი ("საბურთალო"), გიორგი აბურჯანია ("ანორთოსისი", კვიპროსი), გიორგი გოროზია ("სტაბეკი", ნორვეგია), გიორგი ერისთავი ("დილა");
თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა ("ცხინვალი"), ლევან შენგელია ("ტუბიცე", ბელგია), გურამ გოშთელიანი, გიორგი ფანცულაია (ორივე - "საბურთალო"), ილია კერძევაძე ("შუქურა").

ალბერტ სელადესი: საქართველოს ნაკრებს ვიცნობ!
ესპანეთის ნაკრების მწვრთნელ-ფეხბურთელები "მიხეილ მესხზე" ოდნავ მოგვიანებით გამოჩნდნენ. დროის დეფიციტის გამო პირენეელებმა პრესკონფერენციის ჩატარებაზე უარი თქვეს.

Sportall.Ge
ფოტოზე: ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების ვარჯიში თბილისში
ვარჯიშის დასრულების შემდეგ ესპანელთა დამრიგებელი, ახლო წარსულში ცნობილი ფეხბურთელი ალბერტ სელადესი მხოლოდ მცირე კომენტარით შემოიფარგლა.

"ჩვენ კარგად ვიცნობთ საქართველოს ნაკრებს. მნიშვნელოვანი დანაკლისი არ გვაქვს, თუ არ ჩავთვლით გაიას. ის დაგვაკლდება და იძულებულნი ვართ, შევცვალოთ. საქართველოსთან მატჩის წინ იმედიანად ვართ", - განაცხადა სელადესმა.

ვარჯიშზე კი სტუმრებმა განსაკუთრებული ყურადღება კოორდინაციაზე მუშაობას დაუთმეს. ამავე დროს, წვრთნა ერთობ სახალისოც იყო. ესპანელები საქართველოსთან სათამაშოდ ამ შემადგენლობით ემზადებიან:

მეკარეები: ალეხანდრო რემირო ("ბილბაო"), პაუ ლოპესი ("ესპანიოლი"), კეპა არისაბალაგა ("ვალიადოლიდი");
მცველები: ჯონათან კასტრო ("სელტა"), ხესუს ვალეხო ("სარაგოსა"), რუბენ დუარტე ("ესპანიოლი"), ხავიერ მანკილიო ("მარსელი", საფრანგეთი), ხორხე მერე ("ხიხონი"), ექტორ ბელერინი ("არსენალი", ინგლისი);
ნახევარმცველები: საულ ნიგუესი ("ატლეტიკო"), ხოსე როდრიგესი ("გალათასარაი", თურქეთი), დანიელ სებალიოსი ("ბეტისი"), მარკო ასენსიო ("ესპანიოლი"), მატიას ნაუელი ("ვილიარეალი"), ოლივერ ტორეს მუნიოსი ("ატლეტიკო");
თავდამსხმელები: ჟერარ დეულოფეუ ("ევერტონი", ინგლისი), მუნირ ელ ჰადადი ("ბარსელონა"), სამუელ კასტილეხო ("ვილიარეალი"), ბორხა მოია ("რეალი").

ევროპის ჩემპიონატი. საკვალიფიკაციო. VI ჯგუფი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ხორვატია 2 2 0 0 5-0 6
2. შვედეთი 1 1 0 0 3-0 3
3. საქართველო 2 1 0 1 3-1 3
4. ესპანეთი 1 1 0 0 2-0 3
5. სან მარინო 3 0 1 2 0-6 1
6. ესტონეთი 3 0 1 2 0-6 1

7 ოქტომბერი
საქართველო-ესპანეთი
სან მარინო-ხორვატია

9 ოქტომბერი
შვედეთი-ესტონეთი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ჰუფნაგელს რატო არ იძახებენ ...
kako
16:26 07-10-2015
0
ვშიშობ, რომ მორიგი იმედგაცრუება გველის. ქართული ფეხბურთი ახლა საფლავში წევს და მიწის მიყრას ელოდება, არ მგონია, მიუხედავათ უდიდესი შემართებისა, კობიმ ის გააცოცხლოს და სათანადო კონდიციებში ჩააყენოს.
aureliano buendia
15:13 07-10-2015
0

სიახლეები პოპულარული