U17. საქართველო-სლოვაკეთი 1:1 - ნიკოლაშვილი, როგორც რონალდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
შენიშვნა: ვიდეოს გაშვების პრობლემის შემთხვევაში, საიტზე შესასვლელად სხვა ბრაუზერი გამოიყენეთ
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა პირველი, მოგებული სპარინგის შემდეგ ფრედ ითამაშა სლოვაკეთთან.

ასეთ შეხვედრებში შედეგი პირველხარისხოვანი არ არის და წესით, საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბი კმაყოფილი უნდა დარჩენილიყო 26 თებერვალს ნანახ-განცდილით.

ქართველთა გარჯას უარყოფითი კვალი ობიექტურმა მიზეზმა დაამჩნია. გოჩა ტყებუჩავას გაწვრთნილ გუნდში ვერ ვიხილეთ დაცვის ორი ლიდერი - ყურშავიშვილი და ლოჩოშვილი. ვფიქრობთ, შეთამაშებული დუეტი მინდორზე რომ ყოფილიყო, სლოვაკები ჩვენს კართან ამდენ საგოლე მომენტს ვერ შექმნიდნენ.

შანსები საქართველოს ნაკრებსაც ბლომად ჰქონდა. საბოლოო ჯამში კი,
დაფიქსირდა ფრე, რომელიც კანონზომიერად უნდა მივიჩნიოთ - წასაგებად ორივე გუნდი ცოდო იყო...

საკადრო პრობლემებისა და ძირითადი შემადგენლობის გადახალისების მიუხედავად, ტყებუჩავას ტაქტიკური სქემა არ შეუცვლია. ჩვენი გუნდი ისევ 4-3-3 განლაგებით გამოვიდა მინდორზე.

ქართველებმა აქტიურად დაიწყეს და სლოვაკთა კართან უკვე პირველ წუთზე შეიქმნა ხიფათი. მოწინააღმდეგის საჯარიმოში შეჭრილი გიორგი არაბიძე ერთ-ერთმა სლოვაკმა უკანახაზელმა შეაჩერა. ეპიზოდი 11-მეტრიანს კი ჰგავდა, თუმცა არბიტრმა ბაკურ ნინუამ თამაშის გაგრძელება ბრძანა.

იქვე, სლოვაკებმაც სცადეს გატანა. კოლესარის დარტყმული ოდნავ ასცდა გიორგი ჩოჩიშვილის კარს. საერთოდაც, თავიდან ბოლომდე ამოდსაცქერი, გახსნილი თამაში ვნახეთ. ეტყობოდა, რომ გუნდებისთვის მთავარი არა შედეგი, არამედ სანახაობა და ტაქტიკური ნიუანსების დახვეწა იყო.

ანგარიში მე-17 წუთზე გაიხსნა. სლოვაკთა შორის აშკარად საუკეთესო კამილ იასურეკმა სამუელ დანჩაკს უპასა და ამ უკანასკნელმაც შანსი აღარ გაუშვა ხელიდან. დარტყმა ძლიერი და ზუსტი გამოდგა - ჩოჩიშვილი თავისიანებს ვერ იხსნიდა.

გაშვებული გოლის შემდეგ საქართველოს ნაკრები გააქტიურდა. თამაში საკუთარ თავზე აიღო არაბიძემ, ვინც ერთბაშად რამდენიმე მეტოქე გააბითურა და ჯარიმაც მოიპოვა, თუმცა იმ სახიფათო "სტანდარტულიდან" ვერაფერს გამოვრჩით.

30-ე წუთზე ირაკლი ბუღრიძემ სიღრმიდან მიიღო პასი და საჯარიმოში შეიჭრა. გოლი, თითქოს, გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ არბიტრმა ქართველ ფორვარდს თამაშგარე მდგომარეობა დაუფიქსირა და ეს შეტევაც ჩაიშალა.

ორ წუთში გატანა უკვე სლოვაკებს შეეძლოთ. იასურეკი ძალიან სახიფათოდ ურტყამდა, მაგრამ მეკარემ გვიხსნა. პირველ ტაიმში გუნდებს მეტი სახიფათო მომენტი აღარ შეუქმნიათ.

დაიწყო მეორე ნახევარი და ტყებუჩავას იძულებითი შეცვლის გაკეთება მოუხდა - ფეხმტკივანმა ვატო არველაძემ მინდორზე ადგილი რატი არდაზიშვილს დაუთმო.

წინა მატჩის მიმოხილვისას ვთქვით, რომ ამ ფორმაციის ნაკრები ძალიანაა დამოკიდებული არაბიძეზე. გუშინ, პირველი მატჩისაგან განსხვავებით, ეს დამოკიდებულება ისე მწვავედ აღარ იგრძნობოდა. ვინ იცის, იქნებ იმადაც, რომ ეს არ იყო არაბიძის საუკეთესო მატჩი...

49-ე წუთზე საქართველოს ნაკრები ახლოს იყო გოლთან. თორნიკე ჭურაძემ შეტევის მარჯვენა ფლანგზე გაილაღა და სლოვაკთა კარის მიმართულებით ძლიერადაც დაარტყა, მაგრამ სტუმართა მეკარემ თავისიანები გოლს აარიდა.

54-ე წუთზე ანგარიში მაინც გათანაბრდა. გოლი ისეთი გამოვიდა, ნებისმიერ მატჩს რომ დაამშვენებდა - ბექა ნიკოლაშვილმა საჯარიმოს გარედან უძლიერესი დარტყმით შეაგდო. ბურთი აიჭრა და სლოვაკთა მეკარისთვის მოუხელთებელი გახდა.

იქნებ უადგილო შედარებაა, მაგრამ მაინც - ისეთი გოლი იყო, ხშირად რომ გააქვს კრიშტიანო რონალდოს...

მატჩის დასრულებამდე გვარიანი დრო რჩებოდა, თუმცა საგოლე მომენტი მხოლოდ ერთი ვნახეთ. არდაზიშვილმა სცადა გატანა, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი ზემოდან გადაევლო სლოვაკთა კარს.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ახლა გერმანიაში გადაინაცვლებს, სადაც ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდისთვის გააგრძელებს სამზადისს. ჩვენი გუნდის მეტოქეები მასპინძელი ჰოლანდია, ბელგია და ჩრდილოეთი ირლანდია იქნებიან.

საერთაშორისო ამხანაგური მატჩი
26.02. თბილისი. მიხეილ მესხი (სათ). 400 მაყურებელი.
U17. საქართველო-სლოვაკეთი 1:1
გოლები: 0:1 დანჩაკი (17), 1:1 ნიკოლაშვილი (54)

საქართველო (4-3-3): ჩოჩიშვილი - ჭურაძე (56. ვირუბოვი), ბულუხაძე, კობოური, კუხიანიძე (24. ასათიანი) - ნიკოლაშვილი, სამურკასოვი, არველაძე (44. არდაზიშვილი) - არაბიძე (63. ლეჟავა), ბუღრიძე (55. მუზაშვილი), კოხრეიძე (45. მალაზონია).
სათადარიგო: ისიანი.
მწვრთნელი: გოჩა ტყებუჩავა
სლოვაკეთი (4-5-1): ვავრუსი - იასურეკი, სულეკი, შტრბა, სუსოლიკი - ვარგა (66. სიმკო), დანჩაკი (55. პასტორეკი), ტესლარი, კელე (41. ლავკო), კოლესარი (40. ტუპტა) - დუბეცი (55. ჰერცი).
სათადარიგოები: შარაზი, ჰალგოში
მწვრთნელი: ლადისლავ ჰუდე

არბიტრი: ბ. ნინუა

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
U17. საქართველო-სლოვაკეთი 1:0 - არაბიძეზე დამოკიდებული... [VIDEO+PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
არდაზიშვილს რო მოედანზე ვიგაცა ადგილს დაუთმობს,ამ ბიჭის შემოსვლის შემდეგ გართულდა და საგოლე მომენტიც ამის წყალობით შეიქმნა.სირცხვილი.წარმატებებს უსურვებ ბიჭებს.
zaza
22:32 13-03-2015
0
აი ტყებუჩავას ნაკრები, სლოვაკებს ვერ უგებენ და ბელგიას და ჰოლანდიას მოუგებენ? ეგ არის ტყებუჩავას ნაკრები არ გამოაჩინოთ სირცხვილია,ნიჭიერი ბავშვები დაბლოკეთ ნაცნობობით აყვანილიები მეტს ვერ ქაჩავენ შეგცხვეთ
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული