პორტუგალია-ჰოლანდია 1:0 - დამსახურებული ფინალი

AutoSharing Option
საკადრო პრობლემებით დამძიმებული ჰოლანდიის 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში პორტუგალიას დაუპირისპირდა. მეტოქეთა სათამაშო დონის გათვალისწინებით, მატჩი ბევრ საინტერესოს გვპირდებოდა.

აღსანიშნავია, რომ ჰოლანდიელებმა ნომინალური ცენტრფორვარდის გარეშე ითამაშეს. ჟოელ პირუ ტრავმის გამო სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდა. გარდა ამისა, ჰოლანდიელთა დამრიგებელ მაარტენ სტეკელენბურგს იძულებითი ცვლილების გაკეთებაც მოუხდა. უკანასკნელ წამს დაშავებული დაცვის ლიდერის, ობისპოს ადგილი კემპერმა დაიკავა.

ჰოლანდიელებმა მატჩი საკმაოდ აქტიურად დაიწყეს. დილროსუნმა შესანიშნავ რეიდს დარტყმაც მოაყოლა, მაგრამ კოშტა ადგილზე დახვდა ბურთს. იმავე შეტევაში ნანელის ჰქონდა შანსი, მაგრამ მდგომარეობა განიმუხტა.

პორტუგალიელები მალე გამოფხიზლდნენ. კინამ ეშმაკური
დარტყმით სცადა მოწინააღმდეგის კარის აღება, მაგრამ მიზნის მიღწევამდე ძალიან ცოტა დააკლდა. თამაშის სურათი შეიცვალა. პორტუგალია უკეთესად გამოიყურებოდა...

მომდევნო სახიფათო მომენტი ჰოლანდიელებმა შექმნეს. კადიოღლუს ჩაწოდების შემდეგ დე ვიტმა დაარტყა თავით, მაგრამ გოლი ვერ ვიხილეთ. სამაგიეროდ, მომდევნო შეტევისას ანგარიში გაიხსნა - კინას შესანიშნავი პასის შემდეგ ფერნანდესმა ორი მოწინააღმდეგე მოიშორა და დაარტყა. მეკარე ბილოუს ბურთი უნდა აეღო, მაგრამ... ჰოლანდიელთა კარის ბადე მაინც შეირხა.

სტეკელენბურგის გუნდს ბევრი არაფერი გამოსდიოდა, მაგრამ პორტუგალიელთა კართან სახიფათო მომენტი მაინც შექმნეს. დილროსუნის ჩაწოდების შემდეგ კადიოღლუმ შეტევა ვერ "ჩაკეტა", თორემ გოლი გარდაუვალი ჩანდა.

ტაიმის ბოლოსკენ ნანელი გავიდა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ კოშტა შესანიშნავად გაისარჯა და საკუთარ კარს საფრთხე აარიდა. ეს იყო და ჰოლანდიელებს გაუმართლათ - ჯუმ სასწაულებრივ ააცილა თავური.

პირველის დარად, მეორე ტაიმიც ორმხრივი იერიშებით დაიწყო. ჯერ ფელიპემ ითამაშა მაღალტექნიკურად, თუმცა ჰოლანდია გადარჩა. მერე კონგოლომ ვერ გამოიყენა თავისი შანსი, ხოლო შემდეგ კოოპმეინერსის დარტყმა გადასცდა ზემოდან კოშტას კარს.

64-ე წუთზე ჰოლანდიის ნაკრები გადარჩა. დალოტმა შესანიშნავი სოლო შემოგვთავაზა და კარშიც დაარტყა, მაგრამ ამჯერად ბილოუმ კარგად ითამაშა.

დარჩენილ დროში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. მას შემდეგ, რაც ჰოლანდიელთა რიგებში ტანმაღალი ფორვარდი - გროტი გამოჩნდა, ნიდერლანდელები საჰაერო ორთაბრძოლებში გაყოჩაღდნენ, მაგრამ ამან საქმეს ვერ უშველა. ის კი არა, კონტრშეტევისას პორტუგალიელებს უფრო სახიფათო მომენტი ჰქონდათ.

მატჩის დანიელმა არბიტრმა, ქართველი ვაიქომაგისგან მოსაკითხად თავში ტელეფონი რომ მიიღო, შეხვედრას 5 წუთი დაამატა. ჰოლანდიელთა შორის საუკეთესო - დილროსუნი ბოლომდე ცდილობდა, დამატებითი დრო მაინც დაებევებინა თავისი გუნდისთვის, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა.

საბოლოო ჯამში, პორტუგალია ფინალში გავიდა და გავიდა სავსებით დამსახურებულად. კონკრეტული შეხვედრისთვის ლუზიტანელები უკეთესად მოემზადნენ. ამას დაემატა ჰოლანდიელთა საკადრო პრობლემები...

ალბათ, სულ სხვა სურათს ვიხილავდით, პირუს ან გროტს თავიდანვე რომ ეთამაშათ და ფორმაში ყოფილიყვნენ. პირველმა საერთოდ ვერ შეძლო მინდორზე გასვლა, მეორე კი შეხვედრაში მოგვიანებით ჩაერთო. ამან ისედაც ძალიან კარგ და ტექნიკურ პორტუგალიას უფრო მეტი უპირატესობა მისცა.

პრაგმატული ფეხბურთი შეზავებული ტექნიკურთან - ასე თამაშობს პორტუგალია. ამას ემატება გუნდური კლასი და ორგანიზებულობა. ფაქტია, ეს გუნდი მართლაც ერთ-ერთი საუკეთესოა თბილისში მიმდინარე ევროფორუმზე.

ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი. 1/2-ფინალი
12.07. თბილისი. "დავით პეტრიაშვილი"
პორტუგალია-ჰოლანდია 1:0
გოლი: 1:0 ფერნანდესი (24)
პორტუგალია (4 -1-2-3): კოშტა - დალოტი, დ. კეიროში, ჟ. კეიროში, კონტე - პირესი - ფერნანდესი, კინა (90. ფლორენტინო) - ჯუ (77. ლეაო), სილვა სოუზა, ფელიპე (85. ლუიში).
სათადარიგოები: ფიგეირა, ლეიტე, პაზი, კეტა
მწვრთნელი: ელიო სოუზა
ჰოლანდია (4-3-3): ბილოუ - ბეკბორდი, დეკერსი (67. ზვარტენსი), კემპერი, კაროლინა - დე ვიტი, კადიოღლუ (63. ლონვიკი), კოოპმეინერსი - კონგოლო, ნანელი (79. გროტი), დილროსუნი.
სათადარიგოები: პაესი, პირო, ლანგი
მწვრთნელი: მაარტენ სტეკელენბურგი
გაფრთხილება: კემპერი (89)
არბიტრი: მ. კრისტოფერსონი (დანია).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული