სლავენ, შენ არ ხარ განსაკუთრებული! - რას აპროტესტებს "ლუსიტანოსის" მწვრთნელი

AutoSharing Option
ანდორული "ლუსიტანოსის" მთავარი მწვრთნელი ჩავი როურა მიიჩნევს, რომ სლავენ ბილიჩი უპატივცემულოდ მოიქცა, როდესაც მისი გუნდის წინააღმდეგ ევროპალიგის საკვალიფიკაციო მატჩისას ხორვატი სათადარიგოთა სკამზე არ დაჯდა და კლუბის გაძღოლა ასისტენტს, ტერი უესტლის მიანდო. თავად ბილიჩი მატჩის დაწყებამდე ფანებს წარუდგინეს და შემდეგ მან შეხვედრას ტრიბუნიდან მიადევნა თვალყური. "ჩაქუჩებმა" მატჩი 3:0 მოიგეს.

"ვფიქრობ, მან ჩათვალა, რომ სათანადოდ მნიშვნელოვანი გუნდი არ ვიყავით იმისთვის, რომ თავის ადგილას ყოფილიყო. ჟოზე მოურინიომაც თქვა, რომ "განსაკუთრებულია", მან ბევრი ტიტული მოიგო და შესაძლოა, ასე ჩაეთვალა. თუმცა მე ვიცი, რომ ბილიჩი
"ვესტ ჰემის" მწვრთნელია და ის თავის ადგილას უნდა იყოს. იმედია, ანდორაში ჩამოვა და მსგავსი რამ აღარ განმეორდება" - განაცხადა გაბრაზებულმა როურამ.

თავად ბილიჩი უარყოფს იმას, რომ ეს ნაბიჯი უპატივცემულობის გამო გადადგა და იმასაც, რომ "ვესტ ჰემმა" გადახალისებული შემადგენლობით ამ მიზეზით ითამაშა. მისი თქმით, როგორი შემადგენლობით ითამაშებდა გუნდი, ამ შემთხვევაში უესტლის გადასაწყვეტი გახლდათ.

"მე ნებისმიერ მეტოქეს დიდ პატივს ვცემ და არავის შეურაცხყოფა არ მინდოდა, მით უმეტეს, ანდორული გუნდის. პატივისცემა გამოვხატე ტერისადმი, რომელიც გუნდს ჩემ მოსვლამდე ხელმძღვანელობდა და ირლანდიაშიც წაიყვანა შეკრებაზე. იგი ყველას ძალიან კარგად იცნობს, მათ შორის, განსაკუთრებით, ახალგაზრდებს, თანაც გამომდინარე იქიდან, რომ გუნდის დიდი ნაწილი ირლანდიაში დარჩა, ჩვენ ასე გადავწყვიტეთ" - განაცხადა ბილიჩმა.

ტერი უესტლი: "ამ ამბავში ვერაფერ განსაკუთრებულს ვერ ვხედავ. ვერავინ იქნება ორ ადგილას ერთდროულად და 9 ივლისს, საპასუხო მატჩისას ანალოგიური სიტუაცია იქნება, გუნდის ნაწილი ითამაშებს, ხოლო მეორე ნაწილი კი შეკრებაზე იქნება. ვერავინ გაატარებს დროს ერთდროულად ორ ადგილას. უფროსობამ მწვრთნელთან ითათბირა და ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ.

რაც შეეხება ბილიჩს, მისი კრიტიკა აბსურდულია, იგი სრული სერიოზულობითა და პატივისცემით ეკიდებოდა მატჩს, რომლის წინაც სიტყვაც წარმოთქვა და აღნიშნა, რომ ყველა ფეხბურთელს, რომელსაც შანსი ეძლეოდა, სრული დატვირთვით უნდა ეთამაშა და დაეცვა მაისურა, რომლითაც ფრენკ ლამპარდს, რიო ფერდინანდს, ჯეფრი ჰერსტს, ბობი მურს უთამაშიათ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული