დნიპრო-სევილია 2:3 - ჯაბა კანკავა ფინალისტობას დასჯერდა [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
ჯაბა კანკავა პირველი ქართველია, რომელმაც ევროპალიგის ისტორიაში (ადრე უეფას თასი რომ ერქვა) ფინალში ითამაშა, თუმცა პირველი გამარჯვებულის სახელით ვერ ჩაეწერა ისტორიაში, რადგან ვარშავაში, ფინალურ მატჩში უძლიერესმა იმარჯვა, უძლიერესი კი გუშინ "სევილია" იყო.

მაშ ასე, კოლუმბიელი კარლოს ბაკას დუბლით და ადგილობრივი გჟეგოჟ კრიხოვიაკის ერთი გოლით, უნაი ემერის გუნდმა 3:2 გაიმარჯვა და მიშელ პლატინისგან ის ჯილდო მიიღო, რომელსაც შარშანაც ფლობდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"სევილია" გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ეს ტურნირი მეოთხედ მოიგო. 11 აგვისტოს თბილისში უეფას სუპერთასის მატჩი გაიმართება და ერთი მონაწილე სწორედ
"სევილია" იქნება, ანდალუსიელების მეტოქე ან "ბარსელონა" იქნება, ან "იუვენტუსი". თბილისის მეორე საგზური კი ბერლინში 6 ივნისს გათამაშდება.

ამასთან, "სევილია", როგორც ევროპალიგის გამარჯვებული (ეს ახალი წესია), მომდევნო სეზონის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზურს მიიღებს. ეს საგზური ემერის გუნდმა ლა ლიგაში თამაშით ვერ მოიგო, ამიტომაც ესპანეთს ტურნირზე ხუთი გუნდი წარადგენს!

ფინალი ურიგო არ გამოსულა, განსაკუთრებით კი, მისი პირველი ტაიმი, რომელშიც 4 გოლი ვიხილეთ ორივე კარში. ვარშავაში ერთხელ "დნიპრო" დაწინაურდა, ორჯერ კი "სევილია". საბოლოოდ, აღსანიშნავია ესპანელთა უკეთესი თამაში და დამსახურებული გამარჯვება.

მატჩი სრულდებოდა, როცა ბრაზილიელი მატეუსი მოწყვეტით დავარდა და საკაცით გასაყვანი გახდა. ამ დროისთვის მირონ მარკევიჩს ყველა ცვლილება გამოყენებული ჰქონდა (წამების წინ ჯაბა კანკავა გამოცვალა). ამიტომ "დნიპრომ" ფინალი ათი კაცით დაასრულა.

რა შეიძლება ითქვას ჩვენებურზე, რომელმაც მოედანზე 85 წუთი გაატარა და ყვითელი ბარათი მიიღო. ეს არ იყო მისი საუკეთესო თამაში, თუმცა ბოლოს საქართველოს დროშაშემოხვეულმა ჯაბამ მიშელ პლატინისგან ფინალისტის მედალი მიიღო, რაც სულაც არ არის ურიგო მიღწევა...
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

ევროპალიგა. ფინალი
27 მაისი
დნიპრო-სევილია 2:3
გოლები: 1:0 კალინიჩი (7), 1:1 კრიხოვიაკი (28), 1:2 ბაკა (31), 2:2 როტანი (44), 2:3 ბაკა (73)
დნიპრო (4-2-3-1): ბოიკო - ფედეცკი, დუგლასი, ჩებერიაჩკო, მატოსი - კანკავა (85. შახოვი), ფედორჩუკი (68. ბეზუსი) - მატეუსი, როტანი, კონოპლიანკა - კალინიჩი (78. სელეზნიოვი)
სევილია (4-2-3-1): ს. რიკო - ა. ვიდალი, კარიშო, კოლოძეიჩაკი, ტრემულინა - მბია, კრიხოვიაკი - რეიესი (58. კოკე), ბანეგა (87. იბორა), ვიტოლო - ბაკა (82. გამეირო)
გაფრთხილება: კანკავა, კალინიჩი, ბეზუსი, როტანი, მატოსი - კრიხოვიაკი, კარიშო, ბაკა
კუთხური: 5-11; ჯარიმა: 24-16; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 12-18 (5-5); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 48 000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ტყუილად არ ვამბობ ყოველ თორმეტ წელს ერთი და იგივე მეორდება 12 წლის წინაც ქართველი და იუვე იყო ფინალში
jimi
12:43 28-05-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული