ბერიძის წინააღმდეგ - რა გუნდია ქუთაისის "ტორპედოს" მეტოქე "ტრენჩინი"

AutoSharing Option
19 ივნისს, შვეიცარიულ ნიონში, ევროპული ფეხბურთის სახლში გაიმართა ჩემპიონთა და ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა. თავიანთ მეტოქეებს ელოდნენ ქართული კლუბებიც: ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "სამტრედია", ხოლო ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე - ქუთაისის "ტორპედო", ბათუმის "დინამო" და საჩხერის "ჩიხურა"...

- ჩემპიონთა ლიგა 2017/18. I და II საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა
- ევროპალიგა 2017/18. I და II საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა

საქართველოს თასის გამარჯვებული ქუთაისის "ტორპედო" ევროპალიგის I საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვაკურ "ტრენჩინს" დაუპირისპირდება. ქუთათურები 29 ივნისს სტუმრად ითამაშებენ, 6 ივლისს კი მეტოქეს საკუთარ მოედანზე
მიიღებენ. წყვილში გამარჯვების შემთხვევაში, "ტორპედო" II საკვალიფიკაციო ეტაპზე ებრაულ "ბნეი იეჰუდას" დაუპირისპირდება.

ტრენჩინი
სლოვაკეთი
დაარსდა 1925 წელს
სტადიონი: "სიჰოტი" (3 500)
მწვრთნელი: მარტინ საველა

"ტრენჩინი" ისეთი ძლიერი ვეღარაა, როგორც ცოტა ხნის წინ, საჩემპიონო სეზონში, მაგრამ ამ გუნდთან ხუმრობა არ შეიძლება. ისე კი, გვჯერა, რომ კახა ჩხეტიანის გაწვრთნილი, შესანიშნავ ფორმაში მყოფი "ტორპედო" შეძლებს ამ ბარიერის დაძლევას.

ინტერნაციონალი - ამ ერთი სიტყვით შეიძლება დავახასიათოთ "ტრენჩინი", რომელიც ბოლო სამ სეზონში ორჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი. ახლახან დასრულებული ჩემპიონატის წინ გუნდის შემადგენლობა გაახალგაზრდავდა, მაგრამ მაინც ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენს. "ტრენჩინმა" სხვადასხვა დროს სამჯერ მოიგო ქვეყნის თასი.

მარტინ საველა გუნდს 2013 წლიდან თავკაცობს. რა თქმა უნდა, ყველა ლეგიონერზე დაწვრილებით ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ტრენჩინის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბერიძეა.

Sportall.Ge

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი, 20 წლის ბერიძე "ტრენჩინისთვის" შეუცვლელ ფეხბურთელად იქცა. ის აქ იჯარითაა ბელგიური "გენტიდან" და, როგორც ჩანს, კიდევ დარჩება გუნდში. საქართველოში მას "დილასა" და "ზესტაფონის" ღირსება დაუცავს.

ბერიძის გარდა, გუნდში თამაშობენ ჰოლანდიელი, ტრინიდადელი, ნიგერიელი, ბოსნიელი, ხორვატი და ბრაზილიელი ლეგიონერები. კლუბის ხელმძღვანელობას კონკრეტული ვექტორი აქვს არჩეული - აჰყავს ახალგაზრდა, პერსპექტიული ფეხბურთელები და მერე ცდილობს, ისინი სარფიანად გაყიდოს.

ამ წყვილში "ტორპედოს" აუცილებლად ექნება უპირატესობა გამოცდილებაში და ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტორი უნდა გამოიყენოს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
თუ ბერიძე არის ტრენჩენის ლიდერი მაშინ 90 პროცენტი ტორპედო დაუპირისპირდება ისრაილის გუნდს!
ქუთაისელი
10:59 21-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული