მალხაზ მახარაძე: "იაგელონიას" შარშან 1:0 მოვუგეთ...

AutoSharing Option
წილისყრამ ბათუმელები პოლონეთის ვიცე-ჩემპიონ ბიალისტოკის "იაგელონიას" შეუწყვილა. პირველი მატჩი 29 ივნისს ქუთაისში გაიმართება, ხოლო საპასუხო - 6 ივლისს, პოლონეთში.

- ევროპალიგა 2017/18. I და II საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა

საქმე ისაა, რომ ბათუმის "დინამოს" საკუთარი სტადიონი არ გააჩნია და ამის გამო მეტოქეს ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს. საინტერესო ფაქტია, რომ ეს გუნდები პირველად შარშან, თებერვლის დასაწყისში თურქულ შეკრებაზე ბელეკში შეხვდნენ და ბათუმელებმა არჩილ ტვილდიანის გოლით 1:0 გაიმარჯვეს.

ეს თამაში ბათუმის "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა მალხაზ მახარაძემ გაიხსენა.

"მაშინ "იაგელონია" პოლონეთის ჩემპიონატში
მე-8 ადგილზე იმყოფებოდა და დღევანდელზე სუსტი გუნდი იყო. ახლა ბევრად ძლიერია, შემადგენლობა რადიკალურად შეიცვალა და ჩემპიონობისთვის იბრძოდა, მაგრამ ისეთი მეტოქეც არაა, ბრძოლა რომ არ შეიძლებოდეს.

მე იმედი მაქვს, რომ არ შევრცხვებით. ჩვენი წყვილის გამარჯვებული კი "გაბალას" შეხვდება, რაც ასევე საინტერესო დაპირისპირება იქნება.

ჩვენ გვაქვს მოტივაცია - ორი ეტაპის გავლით გუნდის და თითოეული მოთამაშის ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება", - ამბობს მახარაძე.

ბათუმელთა სპორტულმა დირექტორმა კომენტარი შესაძლო ახალწვეულებზეც გააკეთა:

"სავარაუდო მეტოქეებიდან ყველაზე ძლიერი შეგვხვდა. ორი აზრი არაა, რომ "იაგელონიასთან" მატჩამდე გაძლიერება გვჭირდება. უპირველესად, თავდამსხმელის დამატება გვსურს.

გუჯა გრიგალაშვილის შემდეგ, შესაძლოა, ჯაბა დვალი დავიმატოთ, რომელიც ბოლნისის "სიონში" ეროვნული ლიგა 2-ის ბომბარდირია და საუკეთესო ფორმაშია".

მახარაძეს საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელის, ოთარ მარცვალაძის შესაძლო დამატებაზეც ვკითხეთ:

"ოთარ მარცვალაძესთანაც მოლაპარაკება გვქონდა. დავიმატებთ თუ არა, იმაზეა დამოკიდებული, თურქული კომპანია "მეტრო" ბათუმის "დინამოსთან" სასპონსორო ხელშეკრულებას გააფორმებს თუ არა.

წინასწარი შეთანხმებაა, რომ სამი მოთამაშის დამატებაში დაგვეხმარებიან და იმედია, ასეც მოხდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჯაბა მართლა კარგ ფორმაშიდა საჭიროა მისი გამოყენება
წარმატებები ბათუმს!
Jango
16:42 20-06-2017
0
ზუსტად თამაშის წინ დაიმატეთ, ორი კვირით, ნაკლები დაგიჯდებათ:)
murtalo
14:43 20-06-2017
0

სიახლეები პოპულარული