აიაქსი VS მანჩესტერ იუნაიტედი - ფინალი, რომელიც ტერაქტმა გააუფერულა

AutoSharing Option
* ფინალური მატჩი მანჩესტერის ტერაქტის გამო წუთიერი დუმილით დაიწყება.
* "აიაქსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ტურნირის რიგით 46-ე ფინალს თამაშობენ.
* "მანჩესტერს" ევროთასებზე ბოლო ათი თამაშია არ წაუგია (7 მოგება, 3 ფრე).
* ევროთასებზე ამ გუნდებმა 4-ჯერ ითამაშეს და თითოეულმა ორ-ორი მატჩი მოიგო.
* ჟოზე მოურინიო 6-ჯერ შეხვდა "აიაქსს", როგორც "რეალის" მწვრთნელი, ექვსჯერვე მოუგო. "რეალმა" 20 გოლი გაიტანა და მხოლოდ ორი გაუშვა.
* გამარჯვებული დაახლოებით 6,5 მილიონ ევროს მიიღებს.

ევროპის მეორე საკლუბო ტიტულისთვის დღეს ამსტერდამის "აიაქსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" იბრძოლებენ, მაგრამ
მანჩესტერში ორი დღის წინათ მომხდარმა ტერაქტმა, რომელმაც სტადიონზე 20-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ეს სპორტული შოუ გააუფერულა.

სწორედ ეს წუხილი გამოთქვა "აიაქსის" თავკაცმა პეტერ ბოშმა, ხოლო "მანჩესტერელთა" თავკაცმა ჟოზე მოურინიომ სულაც გააუქმა მატჩისწინა ტრადიციული ინტერვიუ...

მანჩესტერში მომხდარი ტრაგედიის გამო უეფა განსაკუთრებულ ზომებს მიიღებს უსაფრთხოების მხრივ, რაც "აიაქსისა" და "მანჩესტერის" ფანებს გაურთულებს სტადიონზე მოხვედრას. ამიტომაც ორივე გუნდის ფანებმა რამდენიმე საათით ადრე უნდა დაიკავონ თავიანთი სკამები.

გარდა იმისა, რომ სასწორზე ევროპული ტიტულია, ბრძოლას დამატებით მოტივაციას "მანჩესტერისთვის" ის ფაქტი მატებს, რომ ევროპალიგის გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს. ეს კი მოურინიოს გუნდისთვის ერთადერთი საშუალებაა, მოხვდეს ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე.

პრესკონფერენცია
პეტერ ბოში (აიაქსი): "ნერვიულობენ თუ არა ბიჭები? რომ არ ნერვიულობდნენ, მათ ექიმთან გამოსაკვლევად გავაგზავნიდი, რადგან ეს მათი პირველი ფინალია და ემოციები ბუნებრივია ასეთ შემთხვევაში. ნორმალურია, როცა დიდი მატჩის წინ ნერვიულობ. ჩემი ამოცანაა, ამან გუნდს ხელი არ შეუშალოს თამაშსა და მიზნის მიღწევაში. თუკი საკუთარ თამაშს ვაჩვენებთ, ჩვენ გვექნება "მანჩესტერ იუნაიტედის" დამარცხების შანსი. ვიცი, რომ ჩემი ფეხბურთელები ახალგაზრდები არიან. ეს ჩემს სამუშაოს უფრო საინტერესოს ხდის".

"მანჩესტერ იუნაიტედმა" უეფას მიმართა თხოვნით, რომ ცნობილი მოვლენების გამო ჟოზე მოურინიოს წინასამატჩო პრესკონფერენცია არ შემდგარიყო. უეფა ამაზე დათანხმდა.

გასულ უქმეებზე
"აიაქსს" არ უთამაშია, რადგან ჩემპიონატი მისთვის 14 მაისს დასრულდა. ასე რომ, სტოკჰოლმში ჰოლანდიური გრანდი ათდღიანი დასვენების შემდეგ ითამაშებს. ბოლო მატჩში "აიაქსმა" გადახალისებული შემადგენლობით "ვილემ II"-ს აჯობა - 3:1. "აიაქსი" მხოლოდ ქულით ჩამორჩა ჩემპიონ "როტერდამს".

"მანჩესტერ იუნაიტედი" "კრისტალ პალასს" დაუპირისპირდა და 2:0 მოუგო. ამით პორტუგალიელის გუნდმა მე-6 ადგილზე დაასრულა პრემიერლიგა. ერთი გოლი დებიუტანტმა ჯოშ ჰაროპმა გაიტანა, მეორე - პოლ პოგბამ.

ოთხშაბათი. 24 მაისი
აიაქსი-მანჩესტერი 22:45
დისკვალიფიკაცია: ვიერხევერი - ბაილი
ტრავმა: სინკგრავენი - შოუ, იბრაჰიმოვიჩი, როხო, ე. იანგი
სავარაუდო შემადგენლობები
აიაქსი (4-3-3): ონანა - ფელტმანი, დე ლიხტი, სანჩესი, რიდევალდი - კლაასენი, შიონე, ზიეხი - ტრაორე, დოლბერგი, იუნესი
მანჩესტერ იუნაიტედი (4-3-3): რომერო - ვალენსია, ჯონსი, ბლინდი, დარმიანი - ფელაინი, ანდერ ერერა, პოგბა - ლინგარდი, რაშფორდი, მხითარიანი
ურთიერთშეხვედრები: 4 თამაში: +2=0-2 (3:5)
მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული