ევროპალიგა. 1/16 ფინალი: ვაკო ყაზაიშვილი "აიაქსს" ვერ გასცდა [VIDEO]

AutoSharing Option
გუშინ ევროპალიგის პლეი ოფის პირველი ეტაპი დასრულდა, ბრძოლას 16 კლუბი აგრძელებს, რომელთა შორისაც ერთი ქართველიც არ ირიცხება ევროპულ განაცხადში. ასე რომ, ევროთასებს უკანასკნელი ქართველიც დაემშვიდობა, ის ვაკო ყაზაიშვილი იყო...

ვაკომ ამსტერდამის "აიაქსის" წინააღმდეგ "ამსტერდამ არენაზე" შეუცვლელად ითამაშა. ის ორჯერ დაემუქრა მეტოქის კარს, განსაკუთრებით სახიფათო მისი მომენტი იყო მატჩის 77-ე წუთზე, მაგრამ ქართველმა "აიაქსის" მეკარეს ვერ აჯობა. საბოლოო ჯამში, ჰოლანდიურმა გრანდმა "ლეგია" ორი მატჩის დუელში მინიმალურად, 1:0 დაამარცხა და ევროთასებიდან გამოთიშა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ძალზე დაძაბული გამოდგა დუელი "ანდერლეხტსა" და "ზენიტს" შორის,
თუ პირველ მატჩში ბელგიელებმა პირწმინდად დაჯაბნეს მეტოქე, საპასუხოში რუსები ყოჩაღობდნენ და ჯულიანოსა და არტიომ ძიუბას წყალობით, 3:0-საც კი იგებდნენ, მაგრამ მარჩის მიწურულს "ანდერლეხტმა" გადამწყვეტი გოლი გაიტანა და მირჩა ლუჩესკუს გუნდი ბრძოლიდან გამოთიშა.

მოულოდნელი იყო ბილბაოს "ატლეტიკის" ფიასკო, რომელიც კვიპროსში, ჩემპიონ აპოელ-თან 0:2 დამარცხდა, არადა, მეტოქემ თამაში ათი კაცის ამარა ჩაამთავრა. ერნესტო ვალვერდეს ბასკური გუნდის სადავეები ნელნელა ხელიდან გაექცა.

"ოლიმპიაკოსმა" შინ ვერაფერი მოუხერხა "ოსმანლის", მაგრამ მეტოქე უშანსოდ დატოვა მისსავე მოედანზე. ბერძნებმა თურქეთში 3:0 მოიგეს, ბენტუს გუნდი მერვედფინალშია. "ვილიარეალს" შინ 0:4 ჰქონდა წაგებული და რომში ბრძოლას დიდი აზრი არ ჰქონდა, ესპანელებმა მხოლოდ პრესტიჟის გამარჯვება ჩაიწერეს და ორი მატჩის ჯამში 1:4 წააგეს.

ლონდონში დელე ალიმ საკუთარი გუნდი დააღალატა, როცა მეტისმეტი უხეშობისთვის უკვე მე-40 წუთზე მიიღო წითელი ბარათი, რითაც "გენტმა" ისარგებლა, 2:2 ითამაშა და შემდეგ წრეში გავიდა. ალი გუნდის ერთადერთი ლიდერი არ იყო, ვინც დააღალატა "დეზები" - ჰარი კეინმა სულაც საკუთარი კარი დალაშქრა.

"ალკმაარმა" უთავმოყვარეოდ, ორი მატჩის ჯამში 2:11 წააგო "ლიონთან". საპასუხო მატჩში გაილაღა ნაბილ ფეკირმა, ვინც ჰეთ თრიკი მიითვალა ჰოლანდიელთა კარში.

"ფიორენტინამ" სტუმრად მოუგო გლადბახს" ბერნარდესკის სუპერსაჯარიმნოს წყალობით, შინაც 2:0-ს იგებდა, მაგრამ ამხელა უპირატესობა ლარს შტინდლმა ნაცარტუტად აქცია, სამი გოლი გაიტანა, რასაც კრისტენსენის გოლიც მოჰყვა და გერმანელებმა "იები" ევროასპარეზიდან გამოაგდეს.

უკრაინაში "შახტარი" ბოლო წამებამდე ინარჩუნებდა უპირატესობას "სელტასთან", შემდეგ კი ესპანელებმა პენალტი მოიპოვეს და იაგო ასპასმა თამაში დამატებით დროში გადაიყვანა.

* * *
მერვედფინალში გავიდნენ: "მანჩესტერ იუნაიტედი", "შალკე", "კრასნოდარი", "ოლიმპიაკოსი", "ანდერლეხტი", "ბეშიქთაში", "რომა", აპოელ, "აიაქსი", "კოპენჰაგენი", "გლადბახი", "გენკი", "ლიონი", "როსტოვი", "გენტი" და "სელტა".

* * *
მერვედფინალური ეტაპის წილისყრა დღეს, ნიონში 16:00 საათზე გაიმართება. ამჯერად, აღარც განთესილები იქნებიან და არც ერთი ქვეყნის გუნდების დაპირისპირებაა გამორიცხული. მერვედფინალები 9 და 16 მარტს გაიმართება.

ოსმანლი-ოლიმპიაკოსი 0:3 (0:0)
გოლები: 0:1 ანსარიფარდი (47), 0:2 ელიონუსი (70), 0:3 ანსარიფარდი (86)

აიაქსი-ლეგია 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 ვიერგევერი (49)

აპოელ-ბილბაო 2:0 (2:3)
გოლები: 1:0 სოტერიუ (46), 2:0 იანიოტასი (54-პენ)
გაძევება: სოტერიუ (65. აპოელ)

რომა-ვილიარეალი 0:1 (4:0)
გოლი: 0:1 ბორე (15)
გაძევება: რუდიგერი (81. რომა)

ბეშიქთაში-ბეერ შევა 2:1 (3:1)
გოლები: 1:0 აბუბაქარი (17), 1:1 ნვაკაემე (64), 2:1 თოსუნი (87)

ზენიტი-ანდერლეხტი 3:1 (0:2)
გოლები: 1:0 ჯულიანო (24), 2:0 ძიუბა (72), 3:0 ჯულიანო (78), 3:1 ტელენი (90)

კოპენჰაგენი-ლუდოგორეცი 0:0 (2:1)

ფიორენტინა-გლადბახი 2:4 (1:0)
გოლები: 1:0 კალინიჩი (16), 2:0 ბ. ვალერო (29), 2:1 შტინდლი (44-პენ), 2:2 შტინდლი (47), 2:3 შტინდლი (55), 2:4 კრისტენსენი (60)

გენკი-ასტრა 1:0 (2:2)
გოლი: 1:0 პოსუელო (67)

ლიონი-ალკმაარი 7:1 (4:1)
გოლები: 1:0 ფეიკირი (5), 2:0 კორნე (17), 2:1 ლ. გარსია (26), 3:1 ფეკირი (27), 4:1 დარდერი (34), 5:1 ფეკირი (78), 6:1 ოარი (87), 7:1 დიაქაბი (89)

შახტარი-სელტა 0:1 (1:0) 0:2 დ. დ.
გოლები: 0:1 ასპასი (90-პენ), 0:2 კაბრალი (108)

სპარტა-როსტოვი 1:1 (0:4)
გოლები: 0:1 პოლოზი (13), 1:1 კარავაევი (84)
გაძევება: კოსტა (26. სპარტა)

ტოტენჰემი-გენტი 2:2 (0:1)
გოლები: 1:0 ერიქსენი (10), 1:1 კეინი (20 ს. კ.), 2:1 ვანიამა (61), 2:2 პერბე (82)
გაძევება: ალი (40. ტოტენჰემი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
შახტიორი ,შეიძლება ითქვას,თავისივე ფეხბურთელმა დაღუპა,მგონი კრამარენკოა მისი გვარი.შახტიორის თავდამსხმელი დრიბლინგით შეიჭრა საჯარიმოში,გაარღვია დაცვა,გავიდა პირისპირ და როცა ის იყო უნდა დაერტყა,კრამარენკომ,რომელიც ოფსაიდში იდგა და იქიდან უყურებდა მომენტს,წინ ჩაუხტა თავდამსხმელს,ჩაუკეტა ბურთისაკენ გზა,თვითონვე დაარტყა და გაიტანა.გოლი რა თქმა უნდა არ ჩაითვალა,თამაშგარე აშკარა იყო.1-0 ზე რა თქმა უნდა სელტას შანსები მინიმუმამდე შემცირდებოდა,ასე კი იბრძოლეს და გაიმარჯვეს კიდეც.
სოსო
11:52 24-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული