ჩემპიონთა ლიგა. ბოლო ტურის წინ: ორი დარჩენილი საგზურისთვის

AutoSharing Option
მაშ ასე, დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდება და ყველა მერვედფინალისტი გვეცოდინება. გასარკვევი მხოლოდ ორია - "პორტუ" თუ "კოპენჰაგენი" ერთ ჯგუფში და "სევილია" თუ "ლიონი" - მეორეში.

რა შეიძლება მოხდეს დღეს?
E ჯგუფი
* "მონაკომ" უკვე მოიგო ჯგუფი, "ლევერკუზენიც" მერვედფინალშია.

* ცსკა-მ ლონდონში უნდა დაამარცხოს "ტოტენჰემი" ევროპალიგაზე გადასასვლელად, სხვა შემთხვევაში ბრძოლას "დეზები" გააგრძელებენ.

F ჯგუფი
* "რეალისა" და "დორტმუნდის" დაპირისპირება პირველი ადგილისთვის ბრძოლაა. "სამეფო კლუბს" მხოლოდ გამარჯვება ჰყოფნის.

* თუ "ლეგია" მოუგებს ლისაბონის "სპორტინგს" ვარშავაში, ვაკო ყაზაიშვილი და კომპანია ევროთავგადასავალს გააგრძელებს,
ოღონდ, ევროპალიგაზე.

G ჯგუფი
* "ლესტერი", მიუხედავად იმისა, რომ დებიუტანტია, უმოტივაციოა, რადგან უკვე მოიგო ჯგუფი.

* თუ "კოპენჰაგენი" მოიგებს ბოლო ტურში და "პორტუ" ვერა, დანიური კლუბი მერვედფინალში გავა.

* "ბრიუგე" უკვე გავარდნილია.

H ჯგუფი
* "იუვენტუსი" გასულია. ტურინელები პირველ ადგილზე გავლენ მოგებით, ან "სევილიას" ვერმოგებით.

* "ლიონმა" ორი ან მეტი ბურთის სხვაობით უნდა მოუგოს "სევილიას" საგზურის მოსაპოვებლად.

* ზაგრების "დინამო" ბოლოადგილოსანია გარანტიით.

გამორჩეული მატჩი: ლიონი-სევილია
გაუთამაშებელი ორი საგზურია, მაგრამ მხოლოდ ერთი საგზურის ბედი გადაწყდება უშუალო დაპირისპირებაში - ან "ლიონი", ან მისი სტუმარი "სევილია". მეორე საგზურს კი "პორტუ" და "კოპენჰაგენი" "დაუსწრებლად" გაითამაშებენ.

"სევილიას" საკმაო უპირატესობა აქვს, ფრანგულ გუნდს მხოლოდ ორბურთიანი (ან მეტი) სხვაობით მოგება ჰყოფნის. სხვა მხრივ, ანდალუსიური კლუბი გადის, რაც ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ ის ევროპალიგის ტიტულის დაცვას ვეღარ შეძლებს. თუ "ლიონი" 1:0-ს მოიგებს მხოლოდ, ურთიერთშეხვედრებში კი იქნება თანაფარდობა, მაგრამ ამ შემთხვევაში გოლები დაითვლება და "სევილიას" მეტი აქვს გატანილი.

"სევილიას" აქამდეც არ უნდა მიეყვანა საქმე, მაგრამ "სანჩეს პისხუანზე", ყველასათვის მოულოდნელად, ტრავმებით განახევრებულ "იუვენტუსთან" 1:3 წააგო და საგზურის ბედი საორჭოფო გახადა. "ლიონმა" კი ხორვატიაში უსუსტეს "დინამოს" 1:0 სძლია. ალექსანდრ ლაკაზეტის ერთადერთმა გოლმა "ლიონს" ევროპალიგის პლეი ოფის საგზური გაუნაღდა, მაგრამ ფრანგებს მეტი სურთ და რატომაც არა?

ეს ორი კლუბი ერთმანეთს პირველად 27 სექტემბერს შეხვდა, I წრის მატჩში, რომელიც "სევილიამ" ვისამ ბენ იედერის ერთადერთი გოლის წყალობით მოიგო - 1:0. ბენ იედერი საფრანგეთის ჩემპიონატიდან (ტულუზი) გადავიდა ანდალუსიაში, ამიტომაც "ლიონს" კარგად იცნობს. საფრანგეთის ჩემპიონატში მას "ლიონისთვის" 5 გოლი აქვს გატანილი 9 თამაშში.

იმ თამაშში ვიეტოს პენალტი რომ გაეტანა, ახლა "ლიონის" შანსი მიზერული იქნებოდა, მაგრამ ახალგაზრდა ფორვარდმა ეს ვერ შეძლო.

სამართლიანობისთვის ფრანგთა მიერ ორჯერ "სევილიას" კარის ძელის შეწუხებაც (ფეკირი, ტოილისო) უნდა გავიხსენოთ. ამ თამაშის გარდა, კიდევ იყო ორი ამხანაგური მატჩი, რომელიც სათვალავში მოსატანი არ არის.

"ლიონი" შინ 14-ჯერ ეთამაშა ესპანურ გუნდებს და 6-ჯერ მოიგო (5 მარცხის წილ). ანდალუსიურმა კლუბმა საფრანგეთში ბოლო სამი ვიზიტისას წააგო, თუმცა ყველას მოეხსენება "სევილიას" ეს სისუსტე - სტუმრად თამაში.

აღსანიშნავია, რომ "სევილიას" პოლონური წარმოშობის ფრანგი ტომოთე კოლოძეიჩაკი ერთ დროს "ლიონის" ფეხბურთელი იყო.

ხორხე სამპაოლი ამ შეხვედრას მხოლოდ ტრიბუნიდან თუ უყურებს, რადგან "სევილიას" სამხრეთამერიკელი მწვრთნელი დისკვალიფიცირებულია, ისევე, როგორც ფრანკო ვასკესი.

ბუნებრივია, რომ ორივე გუნდი შემტევ ფეხბურთს ითამაშებს, სხვანაირად მათ თამაში არც გამოსდით.

ბრუნო ჟენესიო (ლიონი): "მართლაც ძალზე მნიშვნელოვანი თამაშია და ფეხბურთელებმა ეს კარგად იციან. ორი გოლის უპირატესობით არის მოსაგები თამაში, საამისოდ კი 90-95 წუთი გვაქვს. არ უნდა ვიფიქროთ, რომ ორივე გოლი ეგრევე გასატანი გვაქვს, სიჩქარე კარგს არაფერს მოგვიტანს. დარწმუნებული ვარ, "სევილიას" სათამაშო ფილოსოფია არ შეიცვლება და ეს გუნდი დაცვიდან არ გვეთამაშება, მეტოქე ბურთის ხელში ჩაგდებას და ჩვენსავე ნახევარზე პრესინგს შეეცდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შეუდარებლად შემტევი მატჩი გველის, იქნება ძალიან ბევრი მომენტი და ბევრი სივრცე".

ხორხე სამპაოლი (სევილია): "თამაშამდე რამდენიმე ფაქტი უნდა დავივიწყოთ, განსაკუთრებით კი ეს - ვიცით, რომ ერთგოლიანი სხვაობით წაგება გვყოფნის, მაგრამ ეს თავიდან უნდა ამოვიგდოთ. მოტივირებულნი უნდა გავიდეთ "ლიონთან" სათამაშოდ, რომელიც თითქმის სრული შემადგენლობით მზად არის, შეგვიტიოს საშინაო მატჩში. ორივე გუნდს ერთი მიზანი აქვს - მერვედფინალის საგზური. თუ ჩვენი სტილით არ ვითამაშებთ, აუცილებლად გაგვიჭირდება. სამწუხაროა, რომ დისკვალიფიცირებული ვარ, მაგრამ ეს ჩემთვის არის სამწუხარო, თორემ ფეხბურთელებმა ისედაც კარგად იციან, რა უნდა გააკეთონ მოედანზე".

პირველი ადგილისთვის
მართალია, მადრიდის "რეალიც" და მისი დღევანდელი მეტოქე "დორტმუნდიც" უკვე გასულები არიან მერვედფინალში, მაგრამ მათი დაპირისპირება "სანტიაგო ბერნაბეუზე" უთუოდ გამოსარჩევია.

მით უფრო, რომ შეხვედრა მთლად უმოტივაციო არ არის, სასწორზე პირველი ადგილი და უკეთესი განთესვაა მერვედფინალში, რაც არა გვგონია, რომელიმე გუნდისთვის უმნიშვნელო საკითხი იყოს. საკითხი მარტივად დგას - "სამეფო კლუბმა" უნდა მოუგოს "დორტმუნდს", რომ F ჯგუფში პირველი ადგილი დაიბევოს.

დასაწერად ადვილია, მაგრამ შესასრულებლად რთული მისიაა. ახლახან "დორტმუნდმა" "ბორუსიების დერბიში" პირწმინდად გაანადგურა "გლადბახი", ხოლო პიერ-ემერიკ ობამეიანგზე უკეთეს ფორმაში ახლა ევროპაში ერთი ფორვარდიც არ არის, არც "ოქროს ბურთის" მოპოვების მთავარი ფავორიტი კრიშტიანო რონალდო.

თომას ტუხელის გუნდის უპირველესი ამოცანა, რა თქმა უნდა, ქულაა, მაგრამ თუ გუნდი გოლსაც გაიტანს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ყველა დროის რეკორდს გაიმეორებს - სულ სამჯერ მოხდა, როცა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე 20 გოლი გაიტანა ("მანჩესტერი", "ბარსელონა", "რეალი") და თუ ამას "დორტმუნდიც" მოახერხებს, ელიტკლუბის მეოთხე წევრი გახდება; აი, თუ ორ გოლს გაიტანს "სანტიაგო ბერნაბეუზე"...

თავის მხრივ, ზინედინ ზიდანის კიდევ ერთი მოტივატორი ის არის, რომ ზიზუ 50-ე მატჩს ატარებს "რეალის" თავკაცის პოსტზე. "დორტმუნდმა" ბოლო ხუთი ესპანური დაპირისპირება "რეალს" ვერ მოუგო. ასე რომ, ისტორია მის მხარეს არ არის.

"რეალი" თითქმის იმ შემადგენლობით ითამაშებს, რომლითაც "კამპ ნოუზე" "ბარსელონას" დაუზავდა (1:1). ერთადერთი გამონაკლისი შეიძლება კაზემირო იყოს, რომელიც ბარსელონაში შეცვლაზე შევიდა, ახლა კი ისკოს ადგილს უმიზნებს სასტარტო შემადგენლობაში. ტუხელს კი უამრავი საკადრო პრობლემა აქვს - 7 ისეთი ფეხბურთელი აკლია, რომლებიც წესით, სასტარტო შემადგენლობაში უნდა იყვნენ.

ზინედინ ზიდანი (რეალი): "მოსაგებად გავალთ მოედანზე. საუკეთესო თამაში უნდა ვუჩვენოთ, რომ წარმატებას მივაღწიოთ. ვფიქრობ, სწრაფი გოლის გატანა კარგი იქნებოდა. ბიჭები ნამდვილი პროფესიონალები არიან, ძალიან გამოცდილები, მაგრამ მაინც მონდომებულები და "დამშეულები". მათ უკვე ბევრი რამ მოიგეს კარიერაში, მაგრამ კიდევ უფრო მეტის მოგება სურთ. ეს კი მე ძალიან მაწყობს. ხვალ ფინალია, ჯგუფური ეტაპის ფინალი. ჩვენ მხოლოდ მოგებაზე ვფიქრობთ, რადგან ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება ძალიან გვინდა".

ოთხშაბათი. 7 დეკემბერი
E ჯგუფი
ლევერკუზენი-მონაკო 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ფოლანდი, მეჰმედი, კამპლი, ბენდერი, ბელარაბი, ო. თოფრაქი (?) - სუბაშიჩი, ფალკაო, ბ. სილვა, ფაბინიო, გლიკი, სიდიბე
სავარაუდო შემადგენლობები
ლევერკუზენი (4-4-2): ლენო - ჰენრიხსი, იედვაი, დრაგოვიჩი, ვენდელი - ჰავერცი, არანგისი, ბაუმგარტლინგერი, ბრანდტი - ხ. ერნანდესი, ჩალჰანოღლუ
მონაკო (4-4-2): დე სანკტისი - ჟემერსონი, დიალო, მენდი, რაგი - დირარი, მოუტინიო, ბაკაიოკო, ბოშილია - კარილიო, ჟერმენი
მსაჯი: გედიმინას მაჟეიკა (ლიტვა)

ტოტენჰემი-ცსკა 23:45
დისკვალიფიკაცია: ერემენკო (ცსკა)
ტრავმა: ალდერვეირელდი, დევისი, ლამელა, იანსენი - ცაუნია, პომაზუნი, ფერნანდესი (?)
სავარაუდო შემადგენლობები
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - ტრიპიერი, ვიმერი, კარტერ-ვიკერსი, როუზი - ვინკსი, კეროლი - ნ'კუდუ, ონომა, სონი - კინი
ცსკა (4-5-1): აკინფეევი - ნაბაბკინი, ვ. ბერეზუცკი, ა. ბერეზუცკი, შენნიკოვი - ნათხო, გოლოვინი, ტოშიჩი, ვერნბლომი, მილანოვი - ტრაორე
მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია)

თ მ ფ წ ბ ქ
1. მონაკო 5 3 2 0 9-4 11
2. ლევერკუზენი 5 1 4 0 5-4 7
3. ტოტენჰემი 5 1 1 3 3-5 4
4. ცსკა 5 0 3 2 4-8 3

F ჯგუფი
რეალი-დორტმუნდი 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კროოსი, ბეილი, მორატა - გიოტცე, ბიურკი, გერეირო, სუბოტიჩი, კაგავა, ს. ბენდერი, ნ. შაჰინი
სავარაუდო შემადგენლობები
რეალი (4-3-3): ნავასი - კარვახალი, ს. რამოსი, ვარანი, მარსელო - კოვაჩიჩი, კაზემირო, მოდრიჩი - ლ. ვასკესი, ბენზემა, რონალდო
დორტმუნდი (3-2-2-2-1): ვაიდენფელერი - გინტერი, პაპასტატოპულოსი, ბარტრა - პიშჩეკი, შმელცერი - ვაიგლი, კასტრო - დემბელე, როისი, ობამეიანგი
მსაჯი: შიმონ მარცინიაკი (პოლონეთი)

ლეგია-სპორტინგი 23:45
დისკვალიფიკაცია: შიმანსკი - გ. ვიეირა, ჟ. პერეირა
ტრავმა: ლანგილი, გილერმე (?), ჰლუშეკი (?) - კემპბელი, რუისი, შელოტო
სავარაუდო შემადგენლობები
ლეგია (4-5-1): მალარზი - ბერეშინსკი, პაზდანი, რზეჟნიჩაკი, ჰლუშეკი - გილერმე, მულენი, ოჯიჯა-ოფოე, რადოვიჩი, კუჩარჩიკი - პრიოვიჩი
სპორტინგი (4-5-1): პატრისიო - ესგაიო, კოატესი, სემედო, ზეეგელარი - ვ. კარვალიო, ა. სილვა, მარტინში, ბ. სეზარი, ბ. რუისი - დოსტი
მსაჯი: ჯანლუკა როკი (იტალია)

თ მ ფ წ ბ ქ
1. დორტმუნდი 5 4 1 0 19-7 13
2. რეალი 5 3 2 0 14-8 11
3. სპორტინგი 5 1 0 4 5-7 3
4. ლეგია 5 0 1 4 8-24 1

G ჯგუფი
ბრიუგე-კოპენჰაგენი 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ენგელსი, დიაბი, დე ბოკი, ისკერდო - ამანკვაა, სანტადერი
სავარაუდო შემადგენლობები
ბრიუგე (4-3-3): ბუტელი - ვან რეინი, პულენი, დენსვილი, კოოლსი - ვორმერი, სიმონსი, ვანაკენი - ლიმბომბე, ფოსენი, რაფაელოვი
კოპენჰაგენი (4-4-2): ოლსენი - ანკერსენი, იოჰანსონი, იორგენსენი, აუგუსტინსონი - ფალკი, დელეინი, კვისტი, ტუტუ - კორნელიუსი, ვერბიჩი
მსაჯი: მაიკლ ოლივერი (ინგლისი)

პორტუ-ლესტერი 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ოტავიო (?) - შმეიხელი, სლიმანი, ჰუთი, ვარდი, მაჰრეზი, კინგი, კაპუსტკა
სავარაუდო შემადგენლობები
პორტუ (4-4-2): კასილიასი - მ. პერეირა, ფელიპე, მერკანო, ლაიუნი - კორონა, დანილო, ო. ტორესი, ბრაჰიმი - დიოგო ჟოტა, ანდრე სილვა
ლესტერი (): ცილერი - ერნანდესი, მორგანი, ვასილიევსკი, ჩილველი - გრეი, დრინკვოტერი, მენდი, ოლბრაიტონი - მუსა, ოკაზაკი
მსაჯი: ფელიქს ცვაიერი (გერმანია)

თ მ ფ წ ბ ქ
1. ლესტერი 5 4 1 0 7-1 13
2. პორტუ 5 2 2 1 4-3 8
3. კოპენჰაგენი 5 1 3 1 5-2 6
4. ბრიუგე 5 0 0 5 2-12 0

H ჯგუფი
ლიონი-სევილია 23:45
დისკვალიფიკაცია: ფ. ვასკესი, სამპაოლი (სევილია)
ტრავმა: ჟალე, მამანა - ტრემულინა, ფერნანდესი, კარიშო (?)
სავარაუდო შემადგენლობები
ლიონი (4-3-3): ლოპეში - რაფაელი, იანგა-მბივა, დიაქაბი, რიბუსი - დარდერი, გონალონი, ტოლისო - ღეზალი, ლაკაზეტი, ვალბუენა
სევილია (4-3-3): ს. რიკო - მერკადო, პარეხა, რამი - მარიანო, ნ'ზონზი, ნასრი, ესკუდერო - სარაბია, ვიეტო, ვიტოლო
მსაჯი: იონას ერიქსონი (შვედეთი)

იუვენტუსი-დინამო 23:45
დისკვალიფიკაცია: ჟონასი, ლოვრენი (დინამო)
ტრავმა: ბარძალი, ბონუჩი, დანი ალვეში, პიაცა, დიბალა (?) - ანტლოჩი, სანტოსი, მაცელი (?)
სავარაუდო შემადგენლობები
იუვენტუსი (4-3-3): ბუფონი - სტურარო, ბენატია, რუგანი, ევრა - ლემინა, ერნანეში, მარკიზიო - კუადრადო, მანჯუკიჩი, იგუაინი
დინამო ზ. (4-5-1): ლივაკოვიჩი - სტოიანოვიჩი, სიგალი, ბენკოვიჩი, პივარიჩი - სუდანი, კნეჟევიჩი, გოიაკი, პავიჩიჩი, ჩორიჩი - ფერნანდესი
მსაჯი: ენტონი ტეილორი (ინგლისი)

თ მ ფ წ ბ ქ
1. იუვენტუსი 5 3 2 0 9-2 11
2. სევილია 5 3 1 1 7-3 10
3. ლიონი 5 2 1 2 5-3 7
4. დინამო ზ. 5 0 0 5 0-13 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული