უეფამ ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის რეგლამენტებში ცვლილებები შეიტანა

AutoSharing Option
26 აგვისტოს, უეფამ ოფიციალურად გამოაცხადა ევროთასების 2018-21 წლების ციკლის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ. ცვლილებები ძირითადად სამ მიმართულებას შეეხო: მონაწილეთა შემადგენლობას, საკლუბო კოეფიციენტებსა და საპრიზოს განაწილებას.

ჩემპიონთა ლიგაში კვლავაც შენარჩუნდება ჩემპიონების გზა და ლიგების წარმომადგენელთა გზა, რაც კლუბებს ეროვნულ ჩემპიონატებში ნაჩვენები შედეგების მიხედვით მისცემს ჩემპიონთა ლიგასა და ევროპალიგაში მონაწილეობის საშუალებას. ევროპალიგის გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზურს მიიღებს (ამჟამად ის პლეი ოფში ხვდება). ამასთან, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ავტომატურად მოხვდება ოთხი ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე ევროპული ასოციაციის ოთხ-ოთხი კლუბი.

საკლუბო კოეფიციენტების
დათვლის სისტემა განახლდება: კლუბები შეფასდებიან მხოლოდ საკუთარი შედეგების მიხედვით, ანუ მათ კოეფეციენტზე გავლენას ვეღარ მოახდენს ეროვნული ასოციაციის კოეფიციენტი (გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი კლუბის კოეფიციენტი ასოციაციის კოეფიციენტის 1/5-ზე ნაკლები იქნება).

კოეფიციენტის დათვლისას გათვალისწინებული იქნება ამ ტურნირში კლუბის ისტორიული წარმატებები. დამატებით ქულებს მიიღებენ კლუბები, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგასა და ევროპალიგაში გაუმარჯვიათ.

ორივე ტურნირში მნიშვნელოვნად გაიზრდება კლუბებისა და ლიგებისთვის თანხები. ფინანსების განაწილების ახალი ოთხსაფეხურიანი სისტემით (საბაზო ანაზღაურება, ანაზღაურება შედეგისთვის, ინდივიდუალური კოეფიციენტისა და მარკეტინგული პულისთვის) უფრო მეტად წაახალისებს სპორტულ მიღწევებს, შესაბამისად, დაიკლებს მარკეტინგული პულის წილი.

ცვლილებები განხორციელდა ევროპულ ფეხბურთში მოღვაწე ყველა დაინტერესებულ მხარესთან კონსტულტაციების შედეგად. გადაწყვილების მიღებისას გაითვალისწინეს ექსპერტთა შეფასებები და შეხედულებები.
მკითხველის კომენტარები / 1 /
თუ აქამდე კომაში ვიყავით,ამის მერე
კიდევ უფრო ნაკლები შანსი გვექნება
მომავალში, უეფა მხოლოდ ფულის კეთებაზე გადავიდა მასობრივი სპორტი
დან არაფერი რჩება.სხვა ფედერაციები რატომ დუმს????

"ბურთაობას" ავტორი
00:26 27-08-2016
0

სიახლეები პოპულარული