ჩემპიონთა ლიგა. გადამწყვეტი ბრძოლები ბოლო 10 საგზურისთვის

AutoSharing Option
დღეს და ხვალ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩები გაირკვევა, 10 გამარჯვებული გუნდის ვინაობას შევიტყობთ და 2016/17 წლების სეზონის ლიგის ჯგუფური ეტაპიც საბოლოოდ დაკომპლექტდება.

პლეი ოფში მოთამაშე ერთი-ორ გუნდს უკვე ფაქტობრივად დაბევებული აქვს. მაგალითად, ხოსეპ გვარდიოლას "მანჩესტერ სიტის", რომელმაც ბუქარესტში "ბართლომეს ღამე" მოუწყო "სტიაუას", 5:0 გაანადგურა.

ინგლისელებს მეტიც შეეძლოთ, მაგრამ სერხიო აგუერომ ორი პენალტი ვერ გაიტანა. ამის მიუხედავად, არგენტინელმა ფორვარდმა შეძლო ჰეთ-თრიკის შესრულება.

პეპს სადარდებელი აღარაფერი აქვს და მიზანს ბოლომდე სარეზერვო გუნდითაც მიაღწევს.

ხვალ მშვიდად გავა სათამაშოდ მიონხენგლადბახის "ბორუსიაც", რომელმაც
სტუმრად "იანგ ბოისი" 3:1 დაამარცხა და ახლა ჯგუფურ ეტაპზე შეღწევა აღარ უნდა გაუჭირდეს. ანდრე შუბერტის გუნდი აშკარა ფავორიტია.

ბრენდან როჯერსის "სელტიკი" აღთქმულ მიწაზე 3-გოლიანი უპირატესობით ჩადის - "მწვანეებმა" გლაზგოში 5:2 მოუგეს ბეერ შევას "ჰაპოელს".

ფავორიტად იქცა "მონაკოც", რომელმაც მოულოდნელად, "ელ მადრიგალზე" 2:1 დაამარცხა "ვილიარეალი". როგორც ჩანს, ესპანეთს ამჯერად გაუჭირდება რეკორდის გამეორება და ჯგუფურ ეტაპზე ხუთი წარმომადგენლის ყოლა. მონეგასკებს ესპანეთში გაძევებული ბენჟამენ მენდი არ ეყოლებათ. შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში "ვილიარეალში" სადებიუტო გოლი გაიტანა ალეშანდრე პატომ.

დიდ ყურადღებას იქცევს რომაული დაპირისპირება, რომელიც დღეს შედგება - სპალეტის "რომა", რომელმაც სეზონი შესანიშნავად დაიწყო, "პორტუს" მასპინძლობს.

პირველი შეხვედრა "დრაკონებმა" მეორე ტაიმში იხსნეს მარცხისგან - 1:1, თუმცა ეს შედეგი "რომას" ფავორიტად აქცევს. ორივე გუნდი საკმაოდ გამოცდილია ჩემპიონთა ლიგაზე და სამწუხაროდ, ერთ-ერთს ლიგასთან დამშვიდობება მოუწევს.

"რომას" არ ეყოლება თომას ვერმალენი. ბელგიელმა დებიუტი პირველ შეხვედრაში წითელი ბარათით აღნიშნა, რის გამოც "რომას" თითქმის საათი ათი კაცით მოუწია თამაში.

ამ ორი გუნდის დაპირისპირება აქამდე მხოლოდ ერთხელ შედგა ევროთასებზე - ევროპის თასების მფლობელთა თასის მეორე ეტაპზე ორი მატჩის ჯამში "პორტუმ" იხეირა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, მაგრამ ახლა იმავეს მისაღწევად "პორტუს", დიდი ალბათობით, მოგება დასჭირდება - პორტუგალიური გრანდი კი უკვე 5 ევრომატჩია, ვერ იგებს. შეგახსენებთ, რომ "პორტუს" "ვალენსიას" ექსთავკაცი ნუნუ ხელმძღვანელობს.

საინტერესო ორთაბრძოლა გველის რუსეთშიც, სადაც "როსტოვს" სტუმრად ნათამაშები ფრის წყალობით, გარკვეული უპირატესობა აქვს "აიაქსზე".

სამშაბათი. 23 აგვისტო
პლზენი (ჩეხეთი)-ლუდოგორეცი (ბულგარეთი) 22:45 (0:2)
ბეერ შევა (ისრაელი)-სელტიკი (შოტლანდია) 22:45 (2:5)
ლეგია (პოლონეთი)-დანდალკი (ირლანდია) 22:45 (0:2)
რომა (იტალია)-პორტუ (პორტუგალია) 22:45 (1:1)
მონაკო (საფრანგეთი)-ვილიარეალი (ესპანეთი) 22:45 (2:1)

ოთხშაბათი. 24 აგვისტო
აპოელ (კვიპროსი)-კოპენჰაგენი (დანია) 22:45 (0:1)
ზალცბურგი (ავსტრია)-დინამო ზ. (ხორვატია) 22:45 (1:1)
სიტი (ინგლისი)-სტიაუა (რუმინეთი) 22:45 (5:0)
როსტოვი (რუსეთი)-აიაქსი (ჰოლანდია) 22:45 (1:1)
გლადბახი (გერმანია)-იანგ ბოისი (შვეიცარია) 22:45 (3:1)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული